ბიზნეს სიახლეები
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში - თიბისის ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია და ჟიურის წევრები
ბიზნეს ბლოგი
18 ოქტომბერი 2022
visibility 4525

დიდი ქალაქებისკენ ადამიანების მზარდი მიგრაცია მნიშვნელოვანი გამოწვევა რომაა, ახალი არავისთვის არის, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პრობლემის გადაჭრა რეგიონების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე შეუძლებელია.

ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კულტურული, განათლების, დასაქმების და სხვა კერები, ძირითადად, დედაქალაქში ან დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, რეგიონები კი, რესურსების გარეშე რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ახალი სივრცეები აითვისოს, გაფართოვდეს რეგიონში და, ამავდროულად, გარემოს გადარჩენასა და ადამიანების მოტივაციის ამაღლებას შეუწყოს ხელი.

ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში თიბისის ტრადიციული ღონისძების, ბიზნესდაჯილდოების ნაწილია და მიზნად ისახავს, წაახალისოს ის კომპანიები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით რეგიონებში ვითარებას უკეთესობისკენ ცვლიან.

ბიზნესდაჯილდოება უკვე მე-7 წელია იმართება, ხოლო ნომინაციაში გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, გამარჯვებულები წელს მეორედ გამოვლინდებიან.

ნომინაციაში საუკეთესოებს რვა გამოცდილი, პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. ჟიურის თითოეულ წევრს ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა, შეფასების კრიტერიუმი და გამოცდილება აქვს, თუმცა ყველა მათგანისთვის პრიორიტეტულია ერთი რამ — რეგიონის განვითარება.

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის თქმით, ურბანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებს მეტი ყურადღება მიექცეს.

"მოსახლეობის კონცენტრაციით დაწყებული, ძალების გადანაწილებით დამთავრებული, ყველაფერი ცენტრშია მოქცეული და ურბანიზაციის ამ მასშტაბის გათვალისწინებით, რეგიონების განვითარებაზე ზრუნვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელზეც ბიზნესი საკუთარი მიზნების დაშენებას შეძლებს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საბაზისო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მაგალითად, გზისა და კომუნალური სერვისების — წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტმიწოდების გამართვაზე", — აღნიშნავს გიორგი.

გიორგი ისაკაძე თვლის, რომ აღნიშნული ნომინაცია უფრო ადრეც უნდა დაეწესებინათ, თუმცა, მთავარია, რომ რეგიონული ბიზნესების წახალისება დაიწყო და ამ საქმეს სამომავლოდაც გააგრძელებენ.

გიორგი შეფასებისას რამდენიმე კრიტერიუმს გაითვალისწინებს და შესაბამისად გადაწყვეტს, რომელი კომპანია გახდება მისი რჩეული.

"ჩემი შეფასების კრიტერიუმი გააერთიანებს ბიზნესების მონდომებას, გახდეს ადგილობრივ დონეზე ცვლილებების მომტანი, იქონიოს გარემოზე გავლენა და შექმნას დასაქმების შესაძლებლობა. "რატომ გადაწყვიტეთ საქმიანობის აქ, ამ რეგიონში წამოწყება?" — ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც ველი და რომელიც ჩემთვის ამოსავალი წერტილია".


ნომინაციის ჟიურის წევრებს შორისაა წინა წლის გამარჯვებული, ნუნისის დამფუძნებელი, ირმა დაუშვილი, რომელიც ამბობს, რომ რეგიონალური განვითარება ბიზნესებისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს, რათა რეგიონები არ დაიცალოს და ეკონომიკაზეც დადებითად აისახოს. ირმა დაუშვილი, საკუთარ ბიზნესზე დაკვირვებით, გვიხსნის იმ ცვლილებებს მოსახლეობისთვის თუ გარემოსთვის, რომელიც რეგიონში ბიზნესის ამუშავებას მოსდევს.

"როცა ბიზნესი დავიწყეთ, ადგილზე კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა: არ იყო გამართული ინტერნეტი, ტელევიზია. რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს და მათ გადაჭრაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, დანარჩენს კი ბიზნესიც გაუმკლავდება. ხარაგაულში მინიჰესი გავაკეთეთ, რომელიც ბიზნესსაც დაეხმარა და გარშემო მცხოვრებ ოჯახებსაც. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი გადაჯაჭვულია და ერთმანეთს ხელს უწყობს. იქნება ეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა თუ კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარება", — გვიხსნის ირმა.

ირმა დაუშვილის თქმით, თიბისის ბიზნესდაჯილდოება არის ერთგვარი რეკლამა, სხვა ბიზნესებისთვის კი — სტიმული, რომ მეტად მოინდომონ, დაფიქრდნენ, რისი გაკეთება შეუძლიათ რეგიონებისთვის, ან, თუნდაც — იმის გამო, რომ მსგავს პრესტიჟულ დაჯილდოებაზე გამორჩეულებს შორის მოხვდენენ.

ნუნისის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება სიახლე, რომელიც ბიზნესმა რეგიონში შეიტანა, რამდენად ჩართო მან ადგილობრივი მოსახლეობა ბიზნესპროცესში და მისცა თუ არა მოტივაცია და პერსპექტივა ადგილობრივებს.


გვანცა ირემაშვილი გაეროს განვითარების პროგრამაში რეგიონული ეკონომიკური განვითარების კუთხით მუშაობს და თიბისის ბიზნესდაჯილდოების წლევანდელი ჟიურის წევრია.

"შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რეგიონებს ავითარებს ადგილობრივი ბიზნესი და არა დედაქალაქში არსებული მსხვილი კორპორაციები. მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ დეცენტრალიზებული სისტემები გაცილებით ეფექტურია და ეს ეხება კერძო სექტორსაც. თუ რეგიონების განვითარებაზე ვსაუბრობთ, მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მივმართოთ ადგილობრივ, ნიშურ ბიზნესებზე და მათ მნიშვნელობაზე", — აღნიშნავს გვანცა და გვიზიარებს იმ ძირითად კომპონენტებს, რომელთა გაუმჯობესებაც ადგილობრივ ბიზნესებს შეუძლიათ:

"რეგიონული ბიზნესების არსებობა, განვითარება რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: ლოკალურ სივრცეში იწყება ფულის ბრუნვა, ჩნდება ეკონომიკური აქტივობა; იწყება მოსახლეობის დასაქმება. დიდ ბრენდებს ხშირად ისეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვთ, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს და მცირე, ადგილობრივი ბიზნესები ამ ადამიანებისთვის რეალური შესაძლებლობაა, რაც ფასდაუდებელია", — ამბობს გვანცა.

მისი თქმით, მცირე ბიზნესებს რიგ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება და მათ შორის განათლების პრობლემას ყველაზე მწვავედ მიიჩნევს, ამიტომ მიაჩნია, რომ რეგიონებში აუცილებელია ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მუშახელის გადამზადება.

"თიბისის ბიზნესდაჯილდოება ადგილობრივი ბიზნესებისთვის არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ადამიანებს აფიქრებს ისეთ დეტალებზე, რაზეც შეიძლება აქამდე არ უფიქრია. ეს არის ვირუსული, გადამდები, მამოტივირებელი წამოწყება, რომელიც უფრო მეტ ბიზნესს მიმართავს გონივრული გადაწყვეტებისკენ. ასევე, რეგიონულ ბიზნესებს მარკეტინგის მიმართულებით ხელშეწყობის შანსი უჩნდებათ, რაც ხშირად პრობლემურია", — აღნიშნავს გვანცა

გვანცა ირემაშვილის თქმით, მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირი იქნება და გაითვალისწინებს, რამდენად ასაქმებს კომპანია ახალგაზრდებს, ქალებს, შშმ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. ამასთან, აუცილებლად გაითვალისწინებს, რომ ბიზნესი გარემოსთან ჰარმონიაში იყოს და მასზე საზიანოდ არ მოქმედებდეს.


USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, დავით წიკლაური ჟიურის კიდევ ერთი წევრია, რომელიც რეგიონული განვითარების მიმართულებით გამორჩეულ ბიზნესს გამოავლენს.

"ბიზნესის მიმართულებით რეგიონები ნაკლებად არის განვითარებული, რაც კომპანიებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივებს კი ეძლევათ საშუალება, რომ ლოკალურად წამოწყებული ბიზნესით აუთვისებელ სივრცეში მიაღწიონ წარმატებას. რეგიონის განვითარებაში სამუშაო ადგილების, სერვისების შექმნას, სხვა ბიზნესების წახალისებას, ინტერესის გაჩენას მოვიაზრებ. ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როცა რეგიონების განვითარებაზე ვზრუნავთ. ქალაქებშია ენერგია კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქალაქებში მეტი სიცოცხლე შევიდეს", — ამბობს დავითი.

დავითი რეგიონებში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და რიგ მიმართულებებს გამოყოფს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია.

"აუცილებელია, ადგილობრივ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება, ინფრასტრუქტურის განვითარება, კომუნალური საჭიროებების დაკმაყოფილება; საჭიროა სახელმწიფო ან არასახელმწიფო მიზნობრივი რესურსების მიწოდებაც, დონორების მოძიება, საფინანსო სექტორის ლოკალურ დონეზე განვითარება. ადამიანების ინტერესია, რომ რესურსი საკუთარ რეგიონში ჩადონ და მის განვითარებაზე იზრუნონ", — აღნიშნავს დავითი.

ჟიურის წევრის თქმით, მსგავსი დაჯილდოებები და ამ გზით კომპანიის ძალისხმევის აღიარება ერთგვარი რეკომენდაციაცაა, რაც ბიზნესისკენ ყურადღებას მიმართავს, მას კავშირების დამყარებაში ეხმარება და მოტივაციას აძლევს. ამასთან, მისი თქმით, დაჯილდოება სხვა ბიზნესების დაინტერებასაც იწვევს, რადგან იქმნება განწყობა, რომ რეგიონების ათვისება წარმატების მომტანია".


ჟიურის წევრი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნესის ბრუნვის 70%-ზე მეტი თბილისზე მოდის, ამიტომ რეგიონებში ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია.


"რეგიონში მომუშავე კომპანიები ბევრ სირთულეებს აწყდებიან, რაც შესაძლებელია, არ ჰქონდეთ თბილისში მოღვაწე კომპანიებს, თუმცა ისინი ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ რეგიონის განვითარებით. კარგი იქნება, თუ კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ განათლებას და დაეხმარებიან მოსახლეობას გადამზადებასა და განვითარებაში", — აღნიშნავს ანი კვარაცხელია რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას და ამბობს, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კარგია ახალი კონტაქტების შესაძენად, ცნობადობის და მოტივაციის ასამაღლებლად, რომ იყო უკეთესი და მიაღწიო მეტს".


EFSE-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი, ივანე ლექვთაძე ამბობს, რომ "რეგიონებზე ზრუნვა, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია". ამიტომ, მისი თქმით, ამ ნომინაციის ჟიურის წევრობა მისთვის პატივია,


ივანე ლექვთაძე შეფასებისას გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ აქტივობას, ეკონომიკური სარგებლის რეგიონის განვითარებისთვის გამოყენებას. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებს ლოკალურად სამუშაო ადგილების შექმნას.

"ამ ნომინაციისა და ზოგადად, დაჯილდოების არსებობა აუცილებელია, რადგან რაც კონკურსი ტარდება, ვხედავთ, რომ წინა წლების გამარჯვებული კომპანიები ბევრად დიდ წარმატებას აღწევენ. ეს შეიძლება განმაპირობებელი არაა, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი არის, რადგან მათი ხილვადობა იზრდება. ამასთან, ამ გზით გამოცდილების მიმოცვლა და სხვა კომპანიებთან დიალოგის გზით სიახლის მიღება ხდება", — აღნიშნავს ივანე.


Insource-ის დამფუძნებელი და აღნიშნული ნომინაციის ჟიურის წევრი, მედეა ტაბატაძე კი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესი, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოები იქნება ადგილობრივ დონეზე წარმოდგენილი, ეს რეგიონალურ განვითარებას მით უფრო შეუწყობს ხელს, რადგან იქმნება ერთგვარი ღირებულებათა ჯაჭვი. იგი აღნიშნავს, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირება და ბიზნესის ლოკალურად დაარსება ცოდნის გავრცელებას, მომხმარებელთა ახალი სეგმენტის ათვისებას, მიკრო და მაკრო ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს.


მედეა ტაბატაძემ რეგიონებში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური, ტექნოლოგიური, ადამიანური და ცოდნითი რესურსი მთავარი პრობლემაა.

"ჩემი აზრით, რეგიონებში ფინანსური მხარდაჭერის პრობლემა არსებობს, თუმცა ბოლო წლებში აგროსფეროს განვითარებაზე შედარებით მეტად ზრუნავენ. გამოწვევაა ტექნოლოგიების ათვისება და, ასე ვთქვათ, კოეფიციენტი რეგიონებში ბევრად დაბალია, არადა, დღეს ბიზნესის განვითარებისთვის ეს მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არსებობს ადამიანური რესურსის დანაკლისიც. ამასთან, პრობლემურია ბიზნესის შექმნის, მართვისა და განვითარების ცოდნა და გამოცდილებაც. მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ამ მიმართულებით ცოდნის მიწოდება აუცილებელია", — გვეუბნება მედეა.

მისი თქმით, მსგავსი დაჯილდოებები და ეს ნომინაცია არის მოტივაცი, ბიძგი, რომელიც ბიზნესგარემოსა და რეგიონებს გაუმჯობესებაში ეხმარება.

"მსგავსი დაჯილდოებები, ეს ნომინაცია მოტივაციას აძლიერებს. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დაჯილდოების აპლიკანტთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, ამასთან მონაწილე კომპანიების ფინანსური რესურსიც იზრდება. თიბისის ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი უპირატესობა ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით ცოდნის გაზიარებაა. ამიტომ დაჯილდოება არის მოტივაცია, ბიძგი, რომელიც ბიზნესგარემოს და ამ ნომინაციის შემთხვევაში, რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს", — აღნიშნავს მედეა.


საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC-ის წარმომადგენელი, ეკა ქათამაძე ნომინაციის ჟიურის კიდევ ერთი წევრია, რომელიც ყურადღებას რეგიონებიდან ხალხის გადინებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ აუცილებელია საბაზისო სერვისების ხელმისაწვდომობა და ბიზნესის განვითარება, რათა ხალხი რეგიონებს დაუბრუნდეს.


"ძირითადი პრობლემა რეგიონებიდან ახალგაზრდების გამოდინებაა, ბიზნესი კი არის მექანიზმი, რომელიც მათ დაბრუნებას უწყობს ხელს. ამასთან, აუცილებელია საბაზისო სერვისების განათლებისა და ჯანდაცვის გამართულად მუშაობა — ეს არის ჯაჭვური პროცესი. ბიზნესმა უნდა შექმნას ეკოსისტემა, თუნდაც ერთი სოფლისთვის, და იქცეს განვითარების წყაროდ. ცალკე მდგომი ბიზნესი ვერ გადაჭრის რეგიონში არსებულ პრობლემებს", — ამბობს ეკა.

მისი თქმით, მსგავსი დაჯილდოებები კარგ გზავნილს ავრცელებენ და სხვა ბიზნესებს მოტივაციას აძლევენ, თუმცა აუცილებელია, რომ მცირე ბიზნესებმა გაიაზრონ ის შედეგი, ზემოქმედების ძალა, რაც გარემოზე აქვთ და ამაზე მეტი ისაუბრონ.

"ხშირად ხდება ისე, რომ ადგილობრივი მცირე ბიზნესები აგზავნიან აპლიკაციებს, თუმცა არ ჩანს მათი გავლენა, ზემოქმედება გარემოზე. არ მინდა დამკვიდრდეს ტენდენცია, რომლითაც ისევ დიდი ბიზნესების გამორჩევა მოხდება. ვინაიდან მათი აქტივობა უფრო ჩანს, გავლენა უფრო ცხადად ხელშესახებია. მნიშნველოვანია ის, თუ რა წარმოება არსებობს ლოკალურად, მაგრამ აუცილებელია გაგვიზიარონ ისიც, როგორი იყო მათი აქტივობის შედეგი, როგორ დაეხმარა ადგილობრივ მოსახლეობას, გარემოს. აუცილებელია ბიზნესებმა გაიაზრონ, რომ მხოლოდ ბიზნესს კი არ აკეთებენ, არამედ გარემოზე ზემოქმედების დიდი ძალა აქვთ. კარგი მაგალითი მახსენდება ტყიბულის სახით, სადაც სამკერვალოს გახსნამ ადგილის განვითარებას, გამოცოცხლებას შეუწყო ხელი. აუცილებელია მცირე ბიზნესებისთვის ერთგვარი სამუშაო შეხვედრების ჩატარება, რომლითაც უკეთ გაიაზრებენ, საით უნდა მიდიოდნენ, რა მიმართულება უნდა გაააქტიურონ, დაინახონ ის ჯაჭვური რეაქცია, რაც ბიზნესს გარემოზე, რეგიონზე, ხალხზე აქვს. ბიზნესი შეიძლება გახდეს განვითარების სისტემის ნაწილი — აპლიკანტებიდან სწორედ ეს უნდა დავინახოთ და ჩვენც უნდა შევუწყოთ ამ გზავნილის გავრცელებას ხელი", — ამბობს ეკა.


თიბისის ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ ღონისძიებაზე საუკეთესო ბიზნესები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:

  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის;
  • მწვანე ინიციატივებისთვის;
  • საუკეთესო პროდუქტისთვის;
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის;
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
  • გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში;
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის.

გარდა ამისა, წელს დამატებით ორი ჯილდო გაიცემა — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. მათ პარტნიორი ორგანიზაციები UN Women და გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი გასცემენ.

ამასთან, იცვლება შეფასების წესებიც — ნომინაციებში საუკეთესო პროდუქტისა და სამომხმარებლო გამოცდილებისთვის ნომინანტებს ჟიურის წევრების გარდა მომხმარებელიც შეაფასებს.

ასე რომ, ადევნეთ თვალი ბიზნესდაჯილდოებას და გაიგეთ მეტი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო კომპანიების შესახებ. 

დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოებაზე: www.businessaward.ge