წარმატების ისტორიები
ქუთაისის საკლუბო სივრცე 5 წლისაა
ბიზნეს ბლოგი
23 მაისი 2022
visibility 5980


ვინც კლუბურ ცხოვრებას ასე თუ ისე იცნობს, დამეთანხმება, რომ მთავარი, რითაც ეს სივრცე გიზიდავს, მუსიკის სიყვარულთან ერთად, ყოველდღიური რუტინისგან მოწყვეტის სურვილი და ღამის თავისუფალი, დემოკრატიული გარემოა. სწორედ ასეთ გარემოს ქმნიან ყოველ შაბათს კლუბ „რეფლექტორში“, რომელიც უკვე 5 წელია, ქალაქ ქუთაისის ორგანულ ნაწილად იქცა. სივრცემ ქალაქში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას, რამაც საბოლოო ჯამში  ქუთაისის  და ადგილობრივი ბიზნესების განვითარება გამოიწვია, გაჩნდა ახალი კაფეები,  მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, რომლებსაც უქმეებზე ჩამოსულები სტუმრობენ. 

კლუბი, სადაც სხვადასხვა თაობის, ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, მუსიკას უსმენენ, ცეკვავენ, ერთობიან, 5 წლის წინ რამდენიმე მეგობარმა -  რეზი ჩირაძემ ,გიორგი ყურაშვილმა და რამზეს კილასონიამ დააარსეს.



 რამზეს კილასონია, რეზი ჩირაძე 

 

 

 „მუსიკის მოსასმენად თბილისში გვიწევდა სიარული, რადგან ქალაქში არ იყო ადგილი, სადაც მშვიდად მოუსმენდი მუსიკას და გაერთობოდი ღამის ცხოვრებით. ამის გამო, მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ასეთი სივრცე ჩვენს ქალაქში ჩვენით შეგვექმნა. თავიდან რამდენიმე ადამიანი ვიკრიბებოდით ხან სად, ხან სად. მერე, თანდათან, სხვებიც შემოგვიერთდნენ და მივხვდით, რომ დრო იყო, ეს სურვილი უკვე იდეად გვექცია. დავიწყეთ ლოკაციის ძებნა. „ჩინური სახლი“, შენობა, სადაც ახლა „რეფლექტორია“ განთავსებული, მაშინ დაკავებული იყო. რამდენიმე წელი ველოდეთ და როცა ეს სივრცე გათავისუფლდა, მაშინვე დავიკავეთ და ნელ-ნელა მივეცით კლუბის სახე“, - ამბობს „რეფლექტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამზეს კილასონია.



თავიდან „რეფლექტორის“ ორი დარბაზი 40-50 ადამიანზე იყო გათვლილი. კლუბში ზუსტად იმდენ სტუმარს იღებდნენ, რამდენსაც სივრცე იტევდა. მეგობრებმა თავად იტვირთეს ბარმენის, გამნათებლის, დიჯეების ფუნქცია. მოთხოვნის გაზრდამ  და სტუმრების განწყობამ მოტივაციაც გაზარდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კლუბის მასშტაბები უნდა გაზრდილიყო.  ამიტომ „რეფლექტორს“ დამატებითი სივრცეებიც შემოუერთეს და დღეს ის თავისუფლად მასპინძლობს 200-ამდე სტუმარს, რომელსაც აქ საინტერესო მუსიკასთან ერთად, კონტექსტის შესაბამისი განათება, მრავალფეროვანი ბარი და სასურველი გარემო ხვდება.

„რეფლექტორი“ ჟანრობრივად შეზღუდული არ არის. მსმენელს  სთავაზობენ როგორც ტექნოს, ასევე ჰაუსისა თუ ჰიპ-ჰოპის საღამოებს. აქ მთავარი ხარისხიანი მუსიკა და საინტერესო გუნდია. კლუბის მუდმივმა მსმენელმა უკვე იცის, რომ „რეფლექტორში“ ვერიფიკაცია წინასწარ ხდება. ამგვარად, „ფეისკონტროლის“ გავლაც ყველას წინასწარ უწევს, რაც გარემოს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.



„რეფლექტორის“ დაარსების დღიდან კლუბში დაკვრას სიამოვნებით თანხმდებოდნენ როგორც ადგილობრივი მუსიკოსები, ასევე სხვა ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრებიც.

„ყველა თანამედროვე არტისტი, რომელიც დღეს ქმნის მუსიკას, ჩვენთვის საინტერესოა და ვცდილობთ, ყველას დავუთმოთ  ჩვენი სივრცე. გახსნაზე ვინც დაუკრა, არის ჩვენი მეგობარი თადე და ზურკინი, რომელსაც არ ვიცნობდით, მაგრამ დაგვთანხმდა, ჩამოვიდა და მას შემდეგ ჩვენი მეგობარია, თითქმის ყველა ივენთზე უკრავს. ადგილობრივ დიჯეებთან ერთად,  კლუბის რეზიდენტია  გიო ყურაშვილი, ვთანამშრომლობთ „ვოდკასტ რეკორდთან“, „ბასიანის“, „ხიდი“ და „მკტვარის“ რეზიდენტ დიჯეებთან.



„რეფლექტორის“ ძირითადი სტუმრები ადგილობრივები არიან. ყოველ შაბათს კლუბში გართობა მათთვის ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 

მომავალში „რეფლექტორის“ მოყვარულებს ორი სასიხარულო სიახლე ელის -  დამფუძნებლები ამავე სივრცეში ბარის გახსნას გეგმავენ, სადაც საღამოს საათებში სტუმრებს ბარი უმასპინძლებს. უფრო მასშტაბური მუსიკალური ივენთებისთვის კი დამფუძნებლები უკვე ეძებენ ღია სივრცეს, რომელიც აუცილებლად იქნება ქუთაისთან ახლოს, ბუნებაში. და ვინ იცის, იქნებ ეს ფესტივალის დაარსების წინაპირობაც კი გახდეს.