ბიზნეს სიახლეები
რას ითვალისწინებს HACCP-ის სტანდარტი, რომლის შესრულებაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუცილებელია
ბიზნეს ბლოგი
04 ივნისი 2024
visibility 5135


დღეისათვის HACCP (Hazzard Analysis and Critical Control Points - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი სისტემაა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

 

საქართველოში 2021 წლის 1 ივნისიდან HACCP - ის სისტემის დანერგვის ვალდებულება ყველა ბიზნეს ოპერატორს დაეკისრა, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებს სურსათის წარმოებას ან გადამუშავებას.

 

კომპანიას HACCP-ის სისტემის დანერგვა თავადაც შეუძლია, თუ ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომელი ან შეუძლია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ან დაიქირაოს კერძო კონსულტანტი.

 

„სურსათის უვნებლობა გულისხმობს სურსათით გამოწვეული რისკებისგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. „უვნებელი სურსათი“ ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს და უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

სურსათის უვნებლობის მართვა პირველადი წარმოების ფერმერულ მეურნეობაში იწყება და შემდეგ სასურსათო ჯაჭვის მომდევნო ეტაპებზე გადადის (კარგი წარმოების პრაქტიკა, კარგი ჰიგიენის პრაქტიკა და HACCP), სადაც თითოეული რგოლი ვალდებულია იზრუნოს სურსათის უვნებლობაზე“,  -  ამბობს ინგა ცერცვაძე, აჭარა ჯგუფის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი. 

 

საწარმო HACCP- ის სტანდარტის დანერგვამდე უნდა აკმაყოფილებდეს წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს, რაც აქამდეც იყო საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნაში #173 დადგენილებით.

 

„წარმოების სანიმუშო პრაქტიკა (GMP) მოიცავს საწარმოო შენობის დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობა/დანადგარების, განათების, ვენტილაციის წყალმომარაგების და  კანალიზაციის თაობაზე გასათვალისწინებელ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა წარმოადგენს შესაბამისი საწარმოო გარემოს შექმნის და წარმოებული სურსათის უვნებლობის აუცილებელ წინაპირობას.

 

ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა (GHP), მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც საწარმოში ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად არის საჭირო: პერსონალის პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და ქცევის წესები, ჯანმრთელობის კონტროლი, მავნებლის კონტროლი, დასაწყობების წესები, საწარმოო და დამხმარე უბნების, აგრეთვე დანადგარებისა და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, წყლის კონტროლი და ა.შ

 

HACCP - ის პრინციპები კი მოითხოვს, საფრთხის ანალიზისა და რისკის შეფასების სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე“, - ამბობს ინგა ცერცვაძე.

HACCP-ის სისტემის დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავს, ესენია: მენეჯმენტის და თანამშრომლების მონდომება; ადეკვატური ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ძალისხმევა; თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი; ყოველდღიური დოკუმენტაციის/ჟურნალების შევსება.

მაგრამ მას შემდეგ რაც ბიზნესი HACCP-ის სისტემას ყოველდღიური საქმიანობის პრაქტიკაში გადაიტანს, მას ბევრი უპირატესობა მოაქვს:

 

  • სავარაუდო პრობლემის პრევენცია და არა უკვე მიღებული დეფექტების კონტროლი;
  • წარმოების თითოეული პროცესისთვის შემუშავებულია სათანადო კონტროლის მექანიზმი;
  • მართვის ორგანიზებული, სისტემური და რაციონალური ხერხი, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას;
  • საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • სისტემის განხორციელების შედეგად მიიღწევა დანაკარგების მინიმიზაცია საწარმოო პროცესში ნარჩენების, წუნდებული პროდუქციის და ბაზრიდან პროდუქტის გამოწვევის შემთხვევების შემცირების გამო;
  • რეპუტაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

 

კომპანია, რომელიც დაკავებულია სასურსათო პროდუქტის მოყვანით ან წარმოებითა და დისტრიბუციით, უნდა იყოს რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომლის განახლება საჭიროა ყოველწლიურად.

 

ნედლეულის (მათ შორის დამხმარე მასალების) მიღება უნდა ხდებოდეს საიმედო, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული, რეგისტრირებული მომწოდებლებისგან. მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს თანდართული დოკუმენტაცია, სატრანსპორტო საშუალების ჰიგიენური მდგომარეობა და ტრანსპორტირების ტემპერატურა, ვარგისიანობის ვადები და ეტიკეტი, რომელიც უნდა იყოს ქართულენოვანი.

 

HACCP-ის რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.