ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელური დისკუსია - მომავლის პროდუქტები და ცვალებადი ბაზრის გამოწვევები
ბიზნეს ბლოგი
27 აპრილი 2023
visibility 2467



ბოლო ათწლეულში ტექნოლოგიური გარდაქმნები რადიკალური სისწრაფით ხდება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ახალი პროდუქტების, სერვისების მიმოცვლა, საზღვრების მიუხედავად, ბევრად გამარტივებულია.

ბიზნესებს სულ უფრო მეტი ფიქრი უწევთ, როგორ შექმნან მომავლის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნება არამხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების გაზიარება, სხვა კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ამ გზით ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი, შეიძლება, ბევრისთვის დამხმარე საშუალებად იქცეს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება მრავალი წელია, ქართული ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს და, საუკეთესო მაგალითების ჩვენებით, დამწყებ კომპანიებს წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს უზიარებს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოებას წელს კიდევ ერთი სიახლე დაემატა — თიბისის ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, პანელური დისკუსიების სერია დაიწყო, რომლის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები აუდიტორიას წარმატებულ მაგალითებზე მოუყვებიან, განვითარების შესაძლებლობებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხს გასცემენ.

პანელური დისკუსიების პირველი შეხვედრა 16 მარტს გაიმართა. დღეს, 27 აპრილს კი კიდევ ერთი დისკუსია შედგება, რომელიც დაჯილდოების კიდევ ერთ ნომინაციას შეეხება და მონაწილეები მომავლის პროდუქტების შესახებ ისაუბრებენ, ბიზნეს გარემოში ბოლო ათწლეულში მომხდარ ცვლილებებს შეაფასებენ და დამსწრე აუდიტორიას პირად გამოცდილებებს გაუზიარებენ.

მეორე პანელური დისკუსიის სპიკერები თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, პოსტრედის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა, არტისიოს დამფუძნებელი, ირაკლი სვანიძე და ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია იქნებიან.

პაატა ღაძაძის თქმით, ბოლო ათ წელში ბაზარი რადიკალურად შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების მიხედვით, განსხვავებულ გამოწვევებს ვხვდებით, არსებობს ძირეული ცვლილებები, რომლებიც მეტწილად ყველას მიემართება.

"თანხებზე ხელმისაწვდომობა ბევრად გაზრდილია, რაც საბანკო სექტორის განვითარებამ გამოიწვია. განვითარდა ტექნიკური გადაწყვეტილების ინსტრუმენტები, კერძოდ, ინდუსტრიების მიხედვით ციფრული არხების განვითარება ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, პროდუქტის გაყიდვა გამარტივებულია, ანგარიშგების მოწესრიგების ნაწილში თანხის დაზოგვის შესაძლებლობა გაჩნდა. ასევე, გაჩნდა პროფესიული სერვისების გარეთ გატანის ტრენდი, როგორიც არის იურიდიული, მარკეტინგული თუ საბუღალტრო მხარდაჭერა. კომპანიაში რჩება მხოლოდ მენეჯმენტის ის ბირთვი, რომელიც სტრატეგიულ და მიმდინარე ტაქტიკურ ოპერაციულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან, მსოფლიო მასშტაბით მომწოდებლებზე წვდომა გაიოლებულია", — აღნიშნავს პაატა და ამბობს იმასაც, რომ მენეჯმენტის ფოკუსი მეტად არის მიმართული ბიზნესის მოდელირებაზე, ვიდრე აქამდე არსებულ მიდგომაზე, რაც ფასწარმოქმნაზე ორიენტირებას გულისხმობდა.


ირაკლი სვანიძე კი აღნიშნავს, რომ დღევანდელ გარემოში ბევრად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა, რომლებიც გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი.

"ვფიქრობ, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ისეთი პროდუქტების შექმნა გახადა შესაძლებელი, რომლებიც გლობალურად გამოიყენება. ასევე, აღსანიშნავია, რომ დიდი კორპორაციებიც ცდილობენ, ტექნოლოგიებს აუწყონ ფეხი. მაგალითად, შეიძლება, ქართული ბანკები გავიხსენოთ, იგივე თიბისი ბანკი. ბანკში მისვლის გარეშე, ციფრული ბანკის დახმარებით სერვისების მიღების შესაძლებლობა გახდა და მომხმარებელსაც აქვს დაკვეთა, რომ მიიღოს სერვისები ბევრად მარტივად", — ამბობს ირაკლი.


დიზაინერ ზვიად ციკოლიას აზრით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენთან წარმოება არ ხდება და ბიზნესისთვის საჭირო მასალების თუ დანადგარების შემოტანის საჭიროება არსებობს, რაც ლოჯისტიკურ პროცესებს ართულებს და დიდ ფასნამატს იწვევს.

"ბიზნესს ხელშეწყობა სჭირდება, რათა პროდუქტზე დიდი ფასნამატი არ მივიღოთ, რაც, ერთი მხრივ, მომხმარებელზეც აისახება და, მეორე მხრივ, ქვეყანაში წარმოების გაჩენას დაბრკოლებას უქმნის", — აღნიშნავს ზვიადი.


ბესო კაჭარავას თქმით კი, მნიშვნელოვანია, ის თვისებები და გარემო, რომელშიც თავის დამკვიდრება გიწევს, შენს სასარგებლოდ გამოიყენო და იყო ნამდვილი. ამასთან, ბესო კაჭარავა აღნიშნავს, რომ გუნდის განვითარებაზე ზრუნვა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია.

"21-ე საუკუნე არის ინფორმაციის საუკუნე და ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც შეიძლება კომპანიებმა გააკეთონ, არის თავის გუნდში ინვესტიცია. აუცილებელია რომ, განავითარონ თავიანთი გუნდი, იყვნენ საინტერესოები და მოტივირებული", — გვეუბნება ბესო.

მეორე პანელური დისკუსიის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება მოტივაციის მიმცემია როგორც გამარჯვებულთათვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ხედავენ წარმატების მაგალითებს.

"თიბისის ბიზნესდაჯილდოება მამოტივირებელი, წამახალისებელი წამოწყებაა, რომელიც გამოარჩევს კომპანიებს, რომელთაც მეტად გაბედეს, მეტი ისწავლეს, გაიზარდნენ. ამ მაგალითების დანახვა სხვების გააქტიურებასაც იწვევს, ქმედებებში კი ახალი იდეები იბადება", — აღნიშნავს პაატა ღაძაძე.

ირაკლი სვანიძე კი აღნიშნავს, რომ ბიზნესდაჯილდოება განსაკუთრებით სტარტაპებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან განვითარებაზე ფიქრის პროცესში საკუთარი ნაბიჯების ცხადად შეფასებისთვის ნაკლები დრო რჩება და დაჯილდოება ერთგვარი გეზის მიმცემია.

პანელურ დისკუსიაში მონაწილე თითოეულ ადამიანსა და კომპანიას, რომლის გამოცდილებაზე სპიკერები ისაუბრებენ, უნიკალური გამოცდილება გამოარჩევთ, რაც დამსწრეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ზვიად ციკოლია ამბობს, რომ ბიზნესის მიმართულებით 35-წლიან გამოცდილებას სრულიად უფასოდ გაუზიარებს დამსწრეებს, რაც, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის იყოს მაგალითისა და მოტივაციის მიმცემი.

ბესო კაჭარავას თქმით კი, დისკუსიის ფორმატი კონკრეტულ თემებზე მეტი საუბრისა და საინტერესო შედეგებამდე მისვლის შესაძლებლობას იძლევა.

"დისკუსიის ფორმატი არის შეუცვლელი იმისთვის რომ მოხდეს პროგრესი. ზოგადად, რაც უფრო მეტი დისკუსია იქნება კონკრეტული თემების გარშემო და რაც უფრო მეტად ვისაუბრებთ კონკრეტულ თემებზე, მით უფრო მეტ სწორ და საინტერესო შედეგებამდე მივალთ. ამიტომ ვერ ვხედავ ვერანაირ ალტერნატივას დისკუსიისა თუ როგორ შეიძლება კოლექტიურად განავითარონ რაღაცა ადამიანებმა", — აღნიშნავს ბესო.

ირაკლი სვანიძე ფიქრობს, რომ არტისიოს მაგალითი დამსწრეებისთვის საინტერესო იქნება, რადგან შეეცდება აუდიტორიას გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესში მიიღეს.

"არტისიო არის უნიკალური მაგალითი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ბაზარზე შევიდა და ბევრ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწია, რაც შეიძლება ღირებული იყოს დამსწრეებისთვის. ჩემთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილე ყველა ადამიანს აქვს უნიკალური გამოცდილება, რომლის მოსმენა ბევრს დაეხმარება", — ამბობს ირაკლი.

თიბისის ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელური დისკუსია დღეს, 27 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება და დამსწრე აუდიტორიას ბიზნესის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპიკერები გაუზიარებენ გამოცდილებას.