წარმატების ისტორიები
GEPARTS - ტექნოლოგიური სტარტაპი ავტონაწილების მაძიებლებისთვის
სტარტაპ ისტორიები
22 სექტემბერი 2022
visibility 5041


“ავტომობილები ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, ეს სფერო სულ მიტაცებდა, თუმცა ამ საქმიანობაზე სერიოზულად ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა ჩემი პროფესია ტექნოლოგიებს დავუკავშირე”, - გვიამბობს პაატა ბერიაშვილი, Geparts-ის დამფუძნებელი, რომელიც პარალელურად თიბისიში, საკრედიტო ბიზნეს განვითარების ლიგაში, ონლაინ იპოთეკური სესხების Product Owner პოზიციას იკავებს. როცა პროექტი სტარტაპ დეკრეტი დაიწყო, ეს მისთვის ბიძგი გახდა, იდეა რეალობად ექცია და ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა ინტერესები და პროფესია. სწორედ მაშინ დაიწყო იდეაზე ფიქრი, სტარტაპ დეკრეტშიც გაიმარჯვა და აქტიურად შეუდგა ავტონაწილების პლატფორმის შექმნას, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას გაამარტივებდა.


ჯიფართსის წარმატების გზა

სასურველი ავტონაწილის მოძიება ყველა ქვეყანაში პრობლემაა. პაატა ამბობს, რომ ეს ისედაც რთული პროცესია - გიწევს ფიზიკურად, მაღაზიებში ან ხელოსნებთან სიარული, თან რთულია კომუნიკაცია, ამიტომ სურდა შეექმნა სტარტაპი, სადაც ავტოექსპერტი ადამიანს სასურველი ავტონაწილის მოძიებაში სწრაფად დაეხმარებოდა.


ჯიფართსი 2020 წელს პარტნიორთან ერთად დააარსა. ყველაფერი საკუთარი რესურსებით შექმნეს, იქირავეს საოფისე ფართი, შეკრეს პატარა გუნდი და გაააქტიურეს მარკეტინგული აქტივობები.


“სტარტაპის გაშვებიდან რამდენიმე დღეში მომხმარებლებმა დაიწყეს დაკავშირება და არ გვჯეროდა ამდენი შეკვეთები რომ შემოდიოდა. მახსოვს, პირველი შეკვეთა მე მივუტანე მომხმარებელს და სწორედ ამ დროს ვიგრძენი პირველი სტარტაპული გამარჯვება” - აღნიშნავს პაატა.

მოგვიანებით გუნდი კიდევ გაიზარდა, ოთხი თვის თავზე კი ჯიფართსით ინვესტორი დაინტერესდა. 


"თვითონ დამიკავშირდა კომპანია RE:INVENT-ის დამფუძნებელი, პავლე მგელაძე, წარვუდგინე განვითარების გეგმა, შევადგინე ფინანსური ანგარიში და მალევე პარტნიორობა დავიწყეთ. მათი ხელშეწყობით GEPARTS გადავედით ახალ ოფისში, დავამატეთ ხუთი ადამიანი გუნდში და ახლა წვდომა გვაქვს ძალიან დიდ ინტელექტუალურ, ფინანსურ თუ სხვა სახის რესურსებზე - კონტაქტებზე, დეველოპერებზე, Software Engineer ებზე და სხვა”.

ჯიფართსის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სტარტაპი შემოსავლისა და რეალიზაციის კუთხითაც სწრაფად, თვიდან თვემდე ორჯერ და სამჯერაც კი იზრდება. 


“სამ თვეში, მას შემდეგ, რაც აქტიურად შევედით ბაზარზე, მოვემსახურეთ 6000 მომხმარებელს და შემოვიდა ნახევარი მილიონი ლარის ავტონაწილების მოთხოვნა, საიდანაც დაახლოებით 70 ათას ლარამდე ღირებულების ნაწილი გავყიდეთ. ახლა კი დამატებით ინვესტიციებს ვდებთ მარკეტინგის მიმართულებაში, ცნობადობის ამაღლების მიზნით”.


სირთულეები და სამომავლო გეგმები

“სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო. რამდენიმე კვირა, როცა კლიენტები საერთოდ არ გვწერდნენ, ბევრჯერ მიფიქრია რომ შესაძლოა ამ იდეას ვერ ემუშავა. მაშინ იმასაც ვფიქრობდი, არასწორი გზა ხომ არ ავირჩიე და ხომ არ ჯობდა, დავნებებულიყავი, მაგრამ დასაკარგი არაფერი მქონდა, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა”, - იხსენებს პაატა.

ახლა, როცა მთავარი გამოწვევები გადალახულია და სტარტაპი აქტიურად მუშაობს, პაატას მიზანი პროცესების ავტომატიზაციაა.

“ეს ინდუსტრია არ არის გაციფრულებული. ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვა ჯერაც ხელით მართული პროცესია. ამის შეცვლა/გამარტივება კი ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ბაზარზე არიან კონკურენტები, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ისაა, რომ არ გვყავს არცერთი უკმაყოფილო კლიენტი. ამის გასაგებად კლიენტებთან კვლევაც ჩავატარეთ. ჩვენი მთავარი ნიშნა ისაა, რომ გვაქვს მომხმარებელზე მორგებული შემოთავაზებები და ავტონაწილებს ვაწვდით იმავე დღეს, უფასოდ”.

ჯიფართში ახლა აქტიურად მუშაობენ პროცესების ავტომატიზაციაზე. პაატას თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტონაწილების მოთხოვნისა და მიწოდების პროცესი სრულად ავტომატური გახდება. ეს წელს უკვე საპილოტე რეჟიმში ჩაეშვება და მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ამ სფეროში მსოფლიოშიც არ არსებობს.


მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პროდუქტს საქართველოში დანერგავენ, ჯიფართსის მიზანია, სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გავიდეს და აქტიურად დაიწყოს ოპერირება შუა აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და აშშ-ში.