ბიზნეს სიახლეები
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშაბათის შეხვედრები თბილისში დაბრუნდა
ბიზნეს ბლოგი
18 ივლისი 2024
visibility 199


11 ივლისს, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია თბილისში ჩატარდა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია ამჯერად კრიზისების მართვის სპეციალისტებმა გამართეს. დისკუსია შეეხებოდა ყველა ბიზნესისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა კომუნიკაციური კრიზისის მართვა— უფრო კონკრეტულად კი, რა სტრატეგიებს ირჩევენ კომპანიები კრიზისის გადასაჭრელად, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით რა გამოცდილება დაგროვდა ამ მიმართულებით ქართულ ბიზნესში.

დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ეგაძე აღნიშნავს, რომ კრიზისის მართვის მიმართულებით მსგავსი ტიპის შეხვედრების არსებობა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებს ხშირად არ აქვთ რისკების დაზღვევის რესურსი და მზაობა. შესაბამისად, კრიზისის მენეჯმენტში სხვისი გამოცდილების გაზიარება ბრენდის მხრიდან ნაკლებ შეცდომას ნიშნავს.


“მიხარია, რომ მუდმივად გვეძლევა საშუალება თიბისის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე დიდ ბიზნესებს კონსულტაცია გავუწიო, რადგან აუცილებელი მგონია, რა ცოდნაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად გავუზიაროთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს შეხვედრის მსმენელებისთვისაც საინტერესოა.“

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით კომფორტული და საინტერესო ხუთშაბათის შეხვედრების ფორმატია, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის საშუალებას იძლევა.

“აქ ბევრი ვისაუბრეთ ღირებულებებზე, საზოგადოების განვითარებაზე და ა.შ, თუმცა, მთავარი პრობლემა კამათის და დისკუსიის ნაკლებობა მგონია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ნაკლებად დავუპირისპირდებით ერთმანეთს. რაც უფრო ბევრს ვიფიქრებთ, ვიკამათებთ, განვითარების მით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფორმატი კი ამის საშუალებას იძლევა.“


როგორც ინტეგრირებული კომუნიკაციების ექსპერტი, თინათინ სტამბოლიშვილი გვიზიარებს, მისთვის ხუთშაბათის შეხვედრები ახალი გამოცდილება და ძალიან კარგი საშუალებაა იმ აუდიტორიის გასაცნობად, რომელთანაც საერთო მიზნები და ღირებულებები აკავშირებს.

“შეხვედრის თავისუფალი, ღია ფორმატი აუდიტორიას და სპიკერებს საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთისგან ვისწავლოთ.“

ღონისძიებების სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრაზე სპიკერები იყვნენ:

  • ნინო ეგაძე — დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი
  • კახა მაღრაძე — ჯეპრას უფროსი კონსულტანტი
  • თინათინ სტამბოლიშვილი — ინტეგრირებული კომუნიკაციების ექსპერტი


 თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია კვლავ გაგრძელდება.