ბიზნეს სიახლეები
თიბისის პროექტი ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
ბიზნეს ბლოგი
02 ნოემბერი 2021
visibility 3181




თიბისი დამწყებ ფერმერებს საკუთარი აგრობიზნესის დაწყების შესაძლებლობას აძლევს. ახალი სტარტაპის ფარგლებში ის ფერმერები დაფინანსდებიან, რომლებსაც თანამედროვე ტიპის ხეხილის ბაღების გაშენება სურთ. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რომ თიბისის ბენეფიციარები გახდნენ და რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში მეხილეობის დარგში, ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ. 

თიბისი ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც დამწყებ ფერმერებს ხეხილის ბაღების გაშენებისთვის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც საკუთრებაში, ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს, შეუძლია თიბისის დახმარებით ისარგებლოს. 

თიბისის სტარტაპის პარგლებში დამწყებ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიარონ კონსულტაცია, რომელიც მათ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. ამ მიმართულებით თიბისის პარტნიორობას შპს ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. როგორც თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით, შოთა გონგლაძე განმარტავს, პროექტი ითვალისწინებს ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა  მოყვანა საქართველოში წარმატებითაა შესაძლებელი, ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი,  ბალი და გარგარი. თიბისის მიერ ჩატარებულმა  კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ხილზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. 

,,ჩვენ გვაქვს სტარტაპ აგრო სესხი, რომელსაც 2016 წლიდან ვახორციელებთ, ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გაცემული; სტარტაპებში  მონაწილეობა მხოლოდ გამოცდილ ფერმერებს შეეძლოთ, ის ადამიანები კი ვისაც სურდათ საქმიანობის დაწყება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, სტარტაპებში ვერ ხვდებოდნენ.   ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ერთ-ერთი ასეთი მეხილეობაა და გადავწყვიტეთ ამ მიმართულების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. დახმარება ორმხრივი იქნება, ერთი მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ გამოცდილ კომპანიას, რომელიც მთელი საქმიანობის განმავლობაში კურატორობას გაუწევს,“ - აცხადებს შოთა გონგლაძე.

შპს ,,აგრო-კომი“ ფერმერებს სრულ საწარმოო ციკლს დაუგეგმავს, დაეხმარება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და საჭირო ცოდნის მიღებაში.

,,ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებს, სარწყავ სისტემებს, დაეხმარებიან ნერგების შერჩევაში  და შემდგომ მათ მოვლის პროცესში, განუსაზღვრავენ აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ, ანუ ეს კომპანია გაუწევს სუპერვაიზინგს გასაშენებელ ბაღს კომერციულ მსხმოიარობამდე, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს,“ - განაცხადა შოთა გონგლაძემ.

სტარტაპის ფარგლებში თიბისი ფერმერებს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე დააფინანსებს, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 წელს შეადგენს. სესხის მომსახურების ჯამური პროცენტი კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე. 

,,მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც   ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად თიბისი მსესხებელს თანამონაწილეობას არ სთხოვს. თიბისის აგროსტარტაპით საშეღავათო პერიოდი ძირ თანხაზე ხეხილის კულტურების მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად, ინტენსიური ვაშლის ბაღი მსხმოიარობაში შედის მესამე წელს, ამიტომ სამი წლის განმავლობაში ჩვენ არ ვახდევინებთ მსესხებელს ძირ თანხას, ქლიავის შემთხვევაში ხუთ წლიანი საშღავათო პერიოდი გვაქვს. მეხილეობის მიმართულებით სახელმწიფოს თანადაფინანსება არის 66 თვე, სესხის წლიური 11% შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ფინანსდება, ფერმერს კი დარჩენილი სხვაობის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა შოთა გონგლაძემ.

როგორც შპს,,აგრო-კომის“ დამფუძნებელი, მეხილე აგრონომი, ირაკლი მერკვილიშვილი განმარტავს, თიბისის  ახალი ინიციატივა დარგის განვითარებაზე სასიკეთოდ აისახება, რადგან ფერმერები ფინანსურ რესურსთან ერთად საჭირო ცოდნას მიიღებენ, რისი დეფიციტიც აქვთ. 

,,ფინანსურ რესურსზე წვდომა ფერმერს მეტნაკლებად აქვს, მათ შორის, თიბისი უკვე წლებია გასცემს სესხებს აგროს მიმართულებით, რაც ძალიან ბევრ ფერმერს ეხმარება მეურნეობის განვითარებაში; მე მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ძირითადი პრობლემა თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიკაციაა, ფერმერულ მეურნეობებს აკლია კვალიფიციური აგრონომები და ის გამოცდილება, რომელიც დღეს მსოფლიოშია დანერგილი. სამი ძირითადი ფაქტორია -  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ცოდნა და ტექნოლოგიები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების წარმატებული საქმიანობისთვის“ - აცხადებს ირაკლი მერკვილიშვილი. მისივე განმარტებით, თუ ადგილობრივი ფერმერები დაიწყებენ თანამედროვე ტექნოლოგიებით ინტენსიური ბაღების გაშენებას, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყანაში მოყვანილი ხილის რაოდენობა, რაც იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის ზრდის საშუალებას მოგვცემს.

,,არსებობს FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიერ გამოქვეყნებული სამწუხარო  სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ რეგიონში ბოლო ადგილზე ვართ ერთ ჰექტარზე წარმოებული ხილის რაოდენობით. ეს ფაქტი გასაგებს ხდის, რატომ ვართ დამოკიდებული იმპორტულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დღეს საქართველოში არსებული ხეხილის მეურნეობები ძირითადად არის თვითკმარი, რაც ვერ ქმნის კლიმატს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასეთი პატარა საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ პროდუქციას ძირითადად საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ბაზარზე გააქვთ ჭარბი პროდუქცია; ბოლო ხუთი წელია შეიცვალა მიდგომა და გაჩნდა თანამედროვე ფერმერული მეურნეობები, ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება და ქართველი ფერმერები აქტიურად დაიწყებენ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას“ - აცხადებს ირაკლი მერკვილიშვილი.

2020 წელს საქართველოში სულ 602 ათასი ტონა ხილი აწარმოეს (ციტრუსისა და ყურძნის ჩათვლით), რაც 20%-ით მეტია 2019 წლის (502 ათასი ტონა) მაჩვენებელზე. წარმოებული მოსავლის 92,5% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 7,5% კი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე.

როგორც შპს,,აგრო-კომის“ დამფუძნებელი განმარტავს, საჭიროა ხეხილის ჯიშების განახლებაც, საქართველოში მომხმარებლის გემოვნება დაიხვეწა და ბაზარი ითხოვს მაღალი ხარისხის და გემოვნური თვისებების პროდუქციას. მაგალითად, ვაშლის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია ისეთი თანამედროვე ჯიშები, როგორიცაა გრან სმიტი, გოლდენ დელიშესი და სხვა.

,,ამან გამოიღო ის შედეგი, რომ ფერმერები, რომლებიც აწარმოებდნენ მოძველებულ ჯიშებს ტრადიციული მეთოდებით, გადაერთვნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და დაიწყეს ინტენსიური ბაღების გაშენება, სადაც ერთ ჰექტარზე ირგვება 3-დან 5 ათასამდე ნერგი, ტრადიციულის შემთხვევაში კი ეს იყო მაქსიმუმ 500 მცენარე. ინტენსიური ბაღების მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს, სრულ მსხმოიარობას ბაღი მეოთხე წელს აღწევს და ჰექტარზე 60-დან 90 ტონამდე მოსავალს იძლევა. ამჟამად, მსოფლიოში ამ მეთოდით ხდება ბაღების გაშენება და ჩვენც უნდა მივყვეთ ფეხდაფეხ ამ მოთხოვნებს“ - განაცხადა მერკვილიშვილმა.

მისივე განმარტებით, დღეს იმპორტირებულ ხილს ადგილობრივ ბაზარზე დიდი წილი უკავია. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, იმპორტი 20%-ით არის გაზრდილი. წლის განმავლობაში ძირითადად შემოაქვთ ბანანი, ციტრუსი, ყურძენი და  სხვა ეგზოტიკური კულტურები, ხოლო ზამთარში ამ კალათს ემატება მსხალი, ვაშლი, ქლიავი.

,,იმპორტი ძირითადად შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, სამხრეთ ამერიკიდან, და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საქართველოში იყიდება ჩილეში და ახალ ზელანდიაში წარმოებული ვაშლი. ვფიქრობ, მარტივად შევძლებთ იმპორტის ჩანაცვლებას, რადგან გვაქვს საჭირო აგროკლიმატური პირობები. მთავარია სწორად შევარჩიოთ ჯიში, ტექნოლოგია და ერთეულ ჰექტარზე  ვაწარმოოთ მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის პროდუქცია, რომ იმ ხილის იმპორტი მაინც შევამციროთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად კარგად მოდის, ესაა - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, ბალი,“ - აცხადებს ირაკლი მერკვილიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდაა. 2020 წელს ხილის ექსპორტმა ჯამში 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტზე 134 ათას ტონაზე მეტი მოსავალი გავიდა, რაც 40%-ითაა გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. ძირითადი საექსპორტო ხილი ვაშლია, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა ატმის ექსპორტი, ასევე მოცვის, ნუშის და ყურძნის. ქართული ხილის ყველაზე დიდი შემსყიდველი კვლავ რუსეთია, გარდა თხილისა, რომლის 90% ევროკავშირის ბაზარზე გადის.

,,2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 იანვრამდე განხორციელდა 10 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც დაახლოებით 4,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო და 12-ჯერ აღემატებოდა წინა წლების შესაბამის პერიოდში განხორციელებულ ექსპორტს. ხილის ყველაზე დიდი რაოდენობა გავიდა რუსეთის ბაზარზე, პროდუქციის მცირე რაოდენობა კი - ყაზახეთში, უნგრეთში, სინგაპურში, ჰონგკონგში, თურქმენეთში; ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული ხილი შესაძლოა სტაბილურად და კარგ ფასად გაიყიდოს, ესენია: არაბეთის, ყაზახეთის, ინგლისის ბაზარი, სადაც გარკვეული მიღწევები გვაქვს. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, ქვეყანა არ არის მზად, რომ უწყვეტი მიწოდების ციკლი შექმნას, მაგალითად, ვინმემ რომ მოგვთხოვოს დიდი რაოდენობის ვაშლის ექსპორტი, ჯერჯერობით ვერ ვუზრუნველყოფთ დიდი მოცულობის მიწოდებას. ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ ფერმერებმა, რომ თავისი მეურნეობები გახადონ უფრო ინტენსიური და გაზარდონ წარმოება,“ - განაცხადა ირაკლი მერკვილიშვილმა. 

თიბისის ახალი სტარტაპის მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს  თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენებაში დაეხმაროს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციით მოამარაგონ და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ. თიბისი დამწყებ ფერმერებს მიმდინარე წლის ხეხილის დარგვის სეზონისთვის დააფინანსებს.

 

სტარტაპ აგრო სესხის განაცხადის შესავსებად გადადით ლინკზე : bit.ly/startup-agro