ბიზნეს სიახლეები
SMEDA თიბისის მხარდაჭერით პირველ რეგიონალურ ბიზნეს ფორუმს ატარებს
ბიზნეს ბლოგი
23 მარტი 2022
visibility 7418



მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

„ჩვენ ვქმინთ უკეთეს ბიზნეს გარემოს საქართველოში“ -  ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ გააერთიანა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს.

„ჩვენი საქმიანობის მიზანია ძლიერი, მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბება, სადაც თითოეულ მეწარმეს განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები ექნება. ამასთანავე, ვცდილობთ მდგრადი ბიზნეს ასოციაციის მოდელის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ, კონკურენტულ და განგრძობითი ღირებულებების შექმნას, როგორც მისი წევრების, ისე კონკრეტული სექტორებისა და კლასტერებისთვის“, - ამბობს SMEDA-ს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე.

მიუხედავად არცთუ დიდი ხნის არსებობისა, SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს.

SMEDA-ს  მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ საქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან. 

აჭარის ბიზნეს ფორუმი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით გაიმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბს და ეფექტურობას გაზრდის. ბიზნეს ფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომამდგენლები. 

„ბიზნეს ფორუმი აჭარაში ჩვენი პირველი ღონისძიებაა ამ რეგიონში. ღონისძიების მიზანია, აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, მიზნები და მათი განხორციელების ჩვენეული სამოქმედო გეგმა. გარდა ჩვენი გუნდისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყველა დაინტერესებული სექტორი. ფორუმის ბოლო ნაწილში დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელზეც შევეხებით ყველა იმ პრობლემასა თუ შესაძლებლობას, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო და მნიშვნელოვანია SME ბიზნესისთვის აჭარის რეგიონში“, - ამბობს გიგა ფაიქიძე.

აჭარის ბიზნეს ფორუმი რეგიონებთან დაკავშირებით SMEDA-ს მიზნების მხოლოდ დასაწყისია. ასოციაცია გეგმავს მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონი, როგორც ფიზიკური შეხვედრებით, ასევე სხვადასხვა ციფრული არხებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. ორგანიზაციაში აქტიურად მუშაობენ ადვოკატირების პლატფორმის განვითარებაზეც, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, პროაქტიულად დააიდენტიფიცირონ მათთვის პრობლემატური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა პრობლემებზე ფოკუსირებისა, SMEDA-ს მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს SME-ის განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით დაგეგმილი  მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებია, რომელთა შესახებაც საზოგადოება ეტაპობრივად შეიტყობს.