წარმატების ისტორიები
როგორ გარდაიქმნა Ceramic Studio 1300 ახალი რეალობის საპასუხოდ
Hammock Magazine
21 აგვისტო 2020
visibility 2526

Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს, მას შემდეგ სახელოსნო ყოფით გამოყენებად ნივთებს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ აქსესუარებს კერამიკის სხვადასხვა მასალისგან ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო Ceramic Studio 1300-ის მაღაზია დროებით დახურულია, მათი დამფუძნებლები ნივთებს ახლა უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გვთავაზობენ. ამ ალტერნატიული გეგმისა და ბრენდის ისტორიის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებლებთან, ირინა ჯიბუტთან და ტასო გომელაურთან.

 

მოგვიყევით Ceramic Studio 1300-ის შესახებ, პირველად როდის და როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიის უკან დგანან?

 

Ceramic Studio 1300  2015 წელს მე, ირინა ჯიბუტმა, და ტასო გომელაურმა დავაარსეთ. მეც და ტასოც პროფესიით კერამიკოსები ვართ და თავდაპირველად გვინდოდა გვქონოდა საკუთარი სახელოსნო, სადაც თავისუფლად ვიმუშავებდით ჩვენს არტ ობიექტებზე თუ სკულპტურებზე. ალბათ იცით, რომ კერამიკაზე მუშაობა, გარდა პროფესიული განათლებისა და სამუშაო მასალებისა, ისეთ საჭირო დანადგარებს მოითხოვს, როგორიცაა,  მაგალითად, სპეციალური ღუმელი, ამოსაყვანი ჩარხი და სხვა მრავალი ხელსაწყო. დანადგარების შესასყიდად აღებული სესხის დასაფარად გადავწყვიტეთ, რომ მარტივად გასაყიდი ინტერიერის აქსესუარები და ჭურჭელი გაგვეკეთებინა. ამავე დროს,  პერიოდულად, ჩვენს სახელოსნოში, რომელიც იმ დროს ტასოს სახლი იყო, ვაწყობდით გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებას. ასე თანდათანობით ჩვენი სტუდია ცნობილი გახდა, ვიღებდით სხვადასხვა შემოთავაზებას და შეკვეთებს, ამან, თავისთავად, მოითხოვა სტუდიის რესურსის ზრდა და გარკვეული მიმართულების მიცემა.



რა კონცეფციით შეიქმნა ბრენდი და რა სახის პროდუქტს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

 

Ceramic Studio 1300 არის კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო და მცირე საწარმო. ჩვენი ძირითადი პროდუქცია შეადგენს გამოყენებით ნივთებს, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერულ აქსესუარებს. საქმისადმი მაქსიმალურად შემოქმედებითი მიდგომით ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ქრაფტსა და არტს შორის. ჩვენი ნამუშევრები იქმნება ხელით, წინასწარ გამზადებული და გააზრებული დიზაინით, რითაც ვცდილობთ, რომ თითოეულ ნივთს უნიკალურობა მივანიჭოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელოვნებო ორგანიზაციებთან, სტუდიის სახელით სხვადასხვა გამოფენაში, ხელოვნების ბაზრობებზე და დიზაინ-მარკეტებშიც ვმონაწილეობთ. ვთანამშრომლობთ თანამედროვე ხელოვანებთან, ყოველთვის მზად ვართ, რომ რეკომენდაციები გავუწიოთ ან ტექნიკურად დავეხმაროთ სხვადასხვა მედიუმში მომუშავე მხატვრებს. გარდა ამისა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ვხელმძღვანებლობთ კერამიკულ  ვორქშოპებს, სტუდიის განვითარების და წარმატების მთავარი “ინგრედიენტი” ჩვენი დამოკიდებულება, დაუღალავი შრომა და იმ საქმისადმი სიყვარულია, რომელსაც ვაკეთებთ.




საიდან გაჩნდა სახელწოდება Ceramic Studio 1300  და როგორ უკავშირდება ის თქვენი ბრენდის კონცეფციას?

 

სახელწოდებაზე ბევრი არ გვიფიქრია, გვინდოდა, რომ გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო -  “კერამიკ სტუდია” უკვე თავისთავად მიგანიშნებს, რაც არის, ხოლო 1300 ჩვენი ღუმელის გამოწვის მაქსიმალური ტემპერატურაა.

 

მოგვიყევით სამუშაო პროცესის შესახებ, რა მასალებით მუშაობთ და რა ეტაპებს გადის ნივთი, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს?

 

ვმუშაობთ ყველა კერამიკული მასალით: თიხა, შამოტი, ფაიფური და სხვა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ კერამიკა ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა და მასთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნოა, მაინც დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. თუნდაც ერთი ჭიქის შესაქმნელად, იმისთვის რომ ყველა ტექნოლოგიური პროცესი გაიაროს, დაწყებული სველი თიხიდან ფორმის მიცემით, დასრულებული დაფერვით და გამოწვით, დაახლოებით ათი დღეა საჭირო, მუდმივად ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ამ მხრივ თიხა და სპეციალური კერამიკული საღებავები დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს





როგორ ფიქრობთ, რას  სთავაზობთ თქვენთან მოსულ მომხმარებელს ისეთს, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

 

სტუდიის დაარსებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ადგილმდებარეობაც შევიცვალეთ და ასეთი კონცეფცია შევიმუშავეთ: გადავწყვიტეთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში  ადამიანები შემოგვეყვანა.  ჩვენს ამჟამინდელ შოურუმსა და სამუშაო სივრცეს მხოლოდ ღია თაროები ჰყოფს, ისე რომ, ნებისმიერ შემოსულ დამთვალიერებელსა თუ მყიდველს  შესაძლებლობა აქვს მუშაობის პროცესს ადევნოს თვალი, დააკვირდეს, როგორ იქმნება თითოეული ნივთი, გამოგველაპარაკოს და მიიღოს ინფორმაცია კერამიკის წარმოების შესახებ. ჩვენი დაკვირვებით, ეს ხელს უწყობს როგორც კერამიკის პოპულარიზაციას, ასევე ჩვენს წარმატებას, ეს უშუალო დამოკიდებულება დადებითად აისახება სახელოსნოს მუშაობაზეც და გაყიდვების ზრდაზეც.  მყიდველმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს, სად, როგორ და ვინ დაამზადა შეძენილი ნამუშევარი.

 

 

რა იყო თქვენთვის, როგორც სტარტაპერებისთვის, ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა, მაშინ როცა ამ საქმეს იწყებდით?

 

ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რომლის წინაშეც დღემდე ვდგავართ, კერამიკული მასალებია, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება და გვიწევს მათი ძირითადი სახეობების უცხოეთიდან შემოტანა. ეს, გარდა ფინანსური არასარგებლიანობისა, არასტაბილურობის შეგრძნებას გვაძლევს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუდიის აქტიური მუშაობით და სხვადასხვა კერამიკული სახელოსნოს განვითარების კვალდაკვალ, ეს პრობლემა გადაიჭრება. როგორც მცირე ბიზნესი, რა თქმა უნდა, ბევრ სირთულეს წავაწყდით, საქართველოში ხელოვანებისთვის ბიზნესის დაწყება და მისი მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. თავდაპირველად ყველაფერს მე და ტასო ვაკეთებდით და იმის მაგივრად, რომ ნამუშევრები შეგვექმნა, ხშირად ბიუროკრატიული საქმიანობით ვიყავით დაკავებული. თანაც სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სპეციფიკური ბიზნესისთვის მხარდაჭერა ფაქტობრივად არ არსებობს, საკმაოდ ბევრი სირთულე გადავლახეთ და მომავალშიც მზად ვართ ახალ გამოწვევებთან შესახვედრად.


რამდენად აისახა ბოლოდროინდელი მოვლენები, კორონავირუსის გავრცელება და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა თქვენს ბიზნესზე? რა პრობლემები შეგექმნათ, როგორც სტარტაპს და როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?

 

ბოლოდროინდელი მოვლენები, რა თქმა უნდა, რთულად აისახა ჩვენს საქმიანობაზე, დაახლოებით მარტის პირველი ნახევრიდან  თანამშრომლების დროებით დათხოვნა, სულ მალე კი თვითონ სახელოსნოს გაჩერება მოგვიწია. სახლში უსაქმურად ჯდომას არც ერთი არ ვართ მიჩვეული და გადავწყვიტეთ შოურუმში დარჩენილი ნამუშევრები სახლში წამოგვეღო და პატარა ფასდაკლებით ონლაინ მაღაზია აგვემოქმედებინა, რამაც გაამართლა.

 

 

ამ პირობებში ალბათ თქვენი სამომავლო გეგმებიც შეიცვალა, როგორია ალტერნატიული სამოქმედო გეგმა მოკლევადიან ან თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში?

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თავდაყირა ამოგვიტრიალდა და საკმაო ფინანსური ზარალიც განვიცადეთ, სახელოსნოსთან, თანამშრომლებთან და გარემოსთან დისტანცირებამ ბევრი რამ დაგვანახვა და გვასწავლა. მაგალითად, დავინახეთ ის, თუ რა გვექნება შესაცვლელი ან გამოსასწორებელი, როდესაც ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდებით. ონლაინ მაღაზიის წარმატებულმა მუშაობამ, საზოგადოების ინტერესმა და ასეთ რთულ პერიოდში მხარდაჭერამ დიდი სტიმული მოგვცა და ჩვენს საქმიანობაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა. ამ პერიოდს ახალი კონცეფციის და გეგმების დასახვეწად მაქსიმალურად ვიყენებთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმის ასეთი ცოდნით, გამოცდილებითა და სიყვარულით ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ.