„ქართბოლი“ ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც სტარტაპერის მხარდაჭერით დაფუძნდა და ერთი შეხედვით ნაცნობ პროდუქციას - შებოლილ ხორც აწარმოებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, შებოლვის ქართული ტრადიციული ტექნოლოგია "ქართბოლის" მრავალფეროვანი წარმოების მხოლოდ ნაწილია, დიდწილად კი აქ ხორცპროდუქტის დამუშავების პროცესში ბოლს გაცილებით დიდი როლი აქვს, რადგან ხორცის გამოყვანა ეგრეთწოდებული ბარბექიუს მეთოდით, ანუ ცხელი შებოლვით ხდება.
შებოლვის ხანგრძლივი პროცესის დაწყებამდე სხვადასხვა ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხორცი სპეციალურად დამზადებულ მარინადებში თავსდება, სადაც ის 12 საათიდან 5 დღემდე ვადაში, სპეციალურ ტემპერატურაზე ინახება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა გემოგამჯდარი ხორცი სპეციალური ბარბექიუს ტიპის აპარატებში იწყებს შებოლვას. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი თუთბერიძე ამბობს, სწორედ ბარბექიუს მეთოდი განასხვავებს მათ პროდუქტს ჩვეულებრივი შებოლილი ხორცისგან.
„ბოლიანი ხორცის იდეა ჩვენი უკრაინელი მეგობრისგან მოდის, რომელიც წლებია უკრაინაში ამ საქმეს დიდი წარმატებით უძღვება. ჩვენი ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, შეიცავს ტრადიციული რაჭულ მეთოდს - ცივი შებოლვასაც, თუმცა ჩვენი ანალოგი არის ცხელი ცხელი შებოლვა, Smoker Barbecue, ანუ ბოლიანი ბარბექიუ. ამ ბარბექიუ-ტექნოლოგიას საქართველოში არავინ იყენებს ჩვენ გარდა. შებოლვა ხდება მაღალ ტემპერატურაზე, ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ შეშას. მთავარი ეფექტი აქ ბოლია.“
ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცის მარინადები საკუთარი გემოვნებით მზადდება. ამერიკული და ქართული გემოების შეზავებით საკმაოდ ეფექტურ შედეგს იღებენ. ხშირად ცვლიან იდეებს უკრაინელ მეგობრებთანაც. ქართული სანელებლებით შეზავებული მარინადი უკრაინაშიც დიდი მოწონებით სარგებლობს.
„აბსოლუტურად ღია ვართ ფანტაზიაში. ჩვენ არ ვართ სერიული საწარმო სტანდარტული გემოებით, არამედ უფრო კრაფტ წარმოება, ამიტომ მუდმივად ვექსპერიმენტობთ და ვეძებთ ახალ-ახალ გემოებს. ამერიკული რეცეპტებიც გვაქვს, რომლებსაც ასევე ვცვლით ჩვენი გემოვნებით და ბაზრის გათვალისწინებით. ვთქვათ, მარინადებში დავამატეთ სვანური მარილი, აჯიკა, ადგილობრივი სუნელები, ნიორი, შებოლილი პაპრიკა, მანდარინის გემო და ციტრუსის ცედრა. 30-ამდე სახის სუნელს ვიყენებთ. ყველა ხორცისთვის საგანგებოდაა შერჩეული მარინადები, ნაჭრების მიხედვითაც განსხვავდება, სხვადასხვა ნაჭრებს სხვადასხვანაირი მარინადი უხდება.“
2020 წლის შემოდგომაზე გახსნილ საწარმოს შემდეგ, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, წელს ოქტომბერში თიბისის მხარდაჭერით, „ქართბოლმა“ საფირმო მაღაზია - „ბოლიანი ხორცი“ გახსნა, რომელშიც ღორის, ქათმის და საქონლის ხორცის ბოლიანი დელიკატესებს ახალი პროდუქტი, ძეხვეული დაამატა. პირველი მომხმარებლის უკუკავშირითა და სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ხარისხზე და სიახლეზე ორიენტირებული გუნდის ძალისხმევამ აშკარად გაამართლა. თუ საქმე ისე წავიდა, როგორც ჩაფიქრებულია, სამომავლოდ თბილისში ბოლიანი ხორცის სხვა ფილიალებიც გაიხსნება, შესაბამისად კი გაიზრდება ბოლიანი ხორცის ასორტიმენტიც.
ამ ეტაპზე, 250 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საწარმო „ქართბოლი“ ყოველთვიურად 200-დან 500 კილომდე ხორცს აწარმოებს, რომელსაც კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, საგანგებოდ შერჩეული მეწარმეებისგან ყიდულობს. ამჟამად საწარმოსა და მაღაზიაში 5 ადამიანია დასაქმებული.