ბიზნეს სიახლეები
ღია ბანკინგი - ბიზნესი საზღვრებს გარეშე
გიორგი არონია
01 ოქტომბერი 2021
visibility 8080

ჩვენი მუდმივად ცვალებადი და ცოცხალი სამყარო აღვსილია უცნაურობებით: ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები ტექნოლოგიურ ეკოსისტემებად ყალიბდებიან, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიები მომხმარებლებს ფინანსურ სერვისებს სთავაზობენ. ტექნოლოგიამ, რომელიც ბოლო წლებში ბიზნესის ერთგვარ სინონიმად იქცა, სამეწარმეო საქმიანობის ყველა ასპექტი შეცვალა. თუმცა, შეცვალა უკეთესობისკენ, რადგან დღევანდელი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ბიზნესის ქვაკუთხედი - ადამიანია. 

 

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ტექნოლოგიური განვითარება ადამიანის ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად და გამონაკლისს არც ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია თიბისი ბანკია, რომელმაც ბაზრის ამგვარ მოთხოვნას ღია ბანკინგის, ანუ ინფორმაციის მიმოცვლის გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკოსისტემის დანერგვით უპასუხა. ინდივიდუალურმა მომხმარებლებმა ეს ეკოსისტემა უკვე გამოსცადეს, ახლა კი, ბიზნესებისა და მეწარმეების ჯერია.  

 

თიბისიში ფიქრობენ, რომ ღია ბანკინგი არის განვითარებისა და ახალ სიმაღლეებზე გადასვლის შესაძლებლობა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს. 

 

ღია ბანკინგის ფუნქციონალის წყალობით, კომპანიები და მეწარმეები მათთვის საჭირო მონაცემებს თავს ერთ სივრცეში მოუყრიან, რითაც ყოველდღიურ საქმიანობას გაიმარტივებენ, სამუშაო პროცესს დახვეწენ, უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობებს უფრო ეფექტურს გახდიან და, ზოგადად - ბაზარს უფრო განვითარებულ, საზოგადოებისათვის მეტად დოვლათიან პროდუქტებსა და სერვისებს შესთავაზებენ.


                      

 

„ბიზნეს-კლიენტთა დიდ ნაწილს, დაახლოებით  45%-ს, ანგარიში რამდენიმე ბანკიში აქვს, რაც ბალანსისა და ტრანზაქციების გადამოწმებისას, მათ დამატებით სირთულეს უქმნის. ღია ბანკინგის ჩაშვების შემდეგ, მომხმარებლები შეძლებენ, რომ თიბისისა და ნებისმიერი სხვა ბანკის ანგარიშებს, ნაშთებსა და ტრანზაქციებს თავი ერთ სივრცეში - ინტერნეტ ბანკსა თუ ბიზნეს აპში მოუყარონ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს“, - აღნიშნავს თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია. 

 

ამ ეტაპზე, ფინანსური ინფორმაციის ღია წესით მიმოცვლა მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არის შესაძლებელი, თუმცა ძალიან მალე, ამ ინფორმაციაზე წვდომას, მის მიმოცვლას და მასზე დაყრდნობით ახალი პროდუქტებისა და სერვისების ბაზარზე გამოტანას ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიებიც მიიღებენ. 


                   


ღია ბანკინგი უნიკალური ეკოსისტემაა - ის განვითარებისა და დოვლათის შექმნის შესაძლებლობას მასში ჩართულ ყველა მხარეს აძლევს. ამავდროულად, ღია ბანკინგის პრინციპების დანერგვით, კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები განსაკუთრებულად იხეირებენ. ასე ფიქრობს ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპის, Payze-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი: „ქართულ ბაზარზე არსებული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ღია ბანკინგის ფუნქციონალის დანერგვა - ძალიან მნიშველოვანი მოვლენა იქნება. ფაქტია, რომ ნებისმიერი ფინტექ პროდუქტის სათავესთან ბანკები და საბანკო სერვისების მომწოდებლები დგანან, მაგრამ დღემდე, ჩვენს სისტემებში მათი პროდუქტების გამოყენება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ინტერნეტბანკის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის პროტოკოლები ყველა ბანკს არ აქვს. ღია ბანკინგის ეკოსისტემის გააქტიურების მერე კი, ფინანსურ ტექნოლოგიებში საბანკო პროდუქტების ინტეგრაცია გამარტივდება, რაც ჩვენც და საგადასახადო სერვისის ყველა სხვა მომწოდებელს ახალი და საინტერესო პროდუქტების შექმნის საშუალებას მოგვცემს - მარტივად რომ ვთქვათ, გადახდების ავტომატიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“. 

 

ღია ბანკინგის ხიბლი, მის სიმარტივეშია: წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ბანკი გემსახურებათ. ამ შემთხვევაში, ნაშთებისა და ტრანზაქციების გადასამოწმებლად ყველა ამ ბანკის აპლიკაციაში ცალ-ცალკე უნდა შეხვიდეთ. ღია ბანკინგის წყალობით კი, სასურველი ბანკების ნაშთებისა და ტრანზაქციების დათვალიერებას თიბისის ინტერნეტბანკსა ან ბიზნეს აპში შეძლებთ. გარდა ამისა, ჯამური ნაშთის გამოსაყვანად დამატებითი კალკულაციები აღარ დაგჭირდებათ - ღია ბანკინგი სრულ ფინანსურ სურათს დაგანახვებთ. 

 

„ღია ბანკინგის ფუნქციონალის გამოყენებით, კლიენტებს გადახდების კიდევ უფრო მეტ ალტერნატიულ სერვისს შევთავაზებთ. კომპანიები Payze-ის სერვისის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, როცა საქმე დიდი მოცულობის ტრანზაქციებთან ექნებათ. საბოლოო ჯამში, ჩვენი სერვისი უფრო სწრაფი და მომხმარებლისთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, - ამბობს Payze-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მიმოცვლის ეს სისტემა უსაფრთხო და გამჭვირვალეა: „მომხმარებელთა მონაცემების დაცვა - ჩვენი პრიორიტეტია. საბანკო მონაცემების გაზიარება შესაძლებელი ხდება მხოლოდ მომხმარებლის სურვილისა და თანხმობის საფუძველზე. მეტიც, მონაცემებს მომხმარებლები თვითონ აკონტროლებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, თანხმობა უკან გამოითხოვონ და დამატებული საბანკო ანგარიშები წაშალონ“, - აღნიშნავს თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ, თიბისი ღია ბანკინგის ეკოსისტემის განვითარებას გეგმავს, რაც კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციებისთვისაც ერთგვარი სტიმული და შესაძლებლობაა. „ბოლო წლებში, ბიზნესი და ტექნოლოგიური საზოგადოება იმდენად სწრაფად გაციფრულდა, რომ საბანკო სფეროსთვის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა - ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ღია ბანკინგი ახალი ტიპის კომპანიების წარმოქმნას უწყობს ხელს - კომპანიების, რომლებიც ალტერნატიულ სერვისებს კონკრეტული ამონაცანებისა და პრობლემების მქონე მოთამაშეებს შესთავაზებენ. შეიქმნება ისეთი ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპები, რომლებიც სამედიცინო, სამშენებლო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის ინდუსტრიებს ისეთ ფინანსურ ტექნოლოგიებზე მისცემენ წვდომას, რომლებიც მათი სამუშაო პროცესების გაციფრულებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, - გვიყვება კახა გელაშვილი, Payze-ის თანადამფუძნებელი. 

 

სულ მალე, თიბისის მომხმარებლები შეძლებენ, რომ ყველა ბანკიდან გამოთხოვილ ანალიტიკურ მონაცემებს, მათ შორის საკუთარი მომხმარებლების ხარჯვითი ქცევის შესახებ აგრეგირებულ და სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით დალაგებულ ინფორმაციას თავი ინტერნეტბანკსა და ბიზნეს აპში მოუყარონ. „სამომავლოდ გვსურს, რომ ღია ბანკინგის ფუნქციონალი კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ: სხვადასხვა ბანკის ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვას მომხმარებლები თიბისის ინტერნეტბანკიდან გაუსვლელად შეძლებენ, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებს“, - აღნიშნავს მარიამ კვარაცხელია, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი. 

 

ღია ბანკინგის პრინციპების დანერგვით, თიბისიმ საოცარ ახალ სამყაროში შეაღწია - სამყაროში, რომლის ქვაკუთხედი ადამიანია და რომელშიც ყველაფერი ადამიანის ყოველდღიურობის გასამარტივებლად კეთდება. ინდივიდუალურ მომხმარებლებთან ერთად, ღია ბანკინგის სერვისებით მალე კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეებიც იხეირებენ - ზოგიერთი მათგანი ბაზარს უკეთეს, უფრო დახვეწილ პროდუქტს შესთავაზებს, ზოგი კი - საკუთარ ბიზნეს-მოდელს თავდაყირა დააყენებს და აქამდე არნახულ პროდუქტსა თუ სერვისს შექმნის. მომავლის შესახებ დარწმუნებით ვერ ვისაუბრებთ, რადგან ნამდვილად არ ვიცით, თუ რას გვიქადის ის. თუმცა, ერთი რამ ნათელია: მომავალი სიმარტივეშია.