ტექნოლოგიური სიახლეები
მცირე მეტეოსადგურები — ტექნოლოგია ფერმერული მეურნეობის უკეთ სამართავად
ბიზნეს ბლოგი
31 იანვარი 2022
visibility 4773

თუ მევენახეობასთან ან მებაღეობასთან შეხება ერთხელ მაინც გქონიათ, აუცილებლად გეცოდინებათ, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საქმიანობაში გარემო პირობებს. მიწის დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე ფერმერები გრძელ გზას გადიან, სასურველი შედეგისთვის კი მხოლოდ ამინდის პროგნოზის გაგება ან ინტუიცია საკმარისი არაა. ცოდნა ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ნალექების, ქარის სიჩქარის ან მიმართულების, დაავადებებისა და მავნებლების შესახებ ფერმერებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. 


თუკი ანტიკურ პერიოდში მიწათმოქმედები კლიმატური პირობების პროგნოზირებას ჩიტების ფრენის სიმაღლით ან მთვარის ფაზების დახმარებით ცდილობდნენ, თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ფერმერები მცირე მეტეოსადგურებს იყენებენ. ჩვენ დეტალურად მოგითხრობთ “Smart Farming” სისტემაზე — EnviroMonitor, რომელიც ლოკალური მიკროკლიმატური და დაავადებათა წინასწარი პრევენციისთვის გამოიყენება. 


“ამ სისტემის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ ფერმერი ახერხებს კონკრეტული კულტურის იმ კლიმატურ გარემოში მოქცევას, რომელიც მას სჭირდება. მაგალითად, მისი მეშვეობით ფერმერს შეუძლია ირიგაციის ყველა კომპონენტი მოაწესრიგოს და ზუსტად იმდენი წყალი მიაწოდოს ნარგავებს, რამდენიც საჭიროა. შესაბამისად, მცირდება მცენარის ხმობის კოეფიციენტი და წყლის ხარჯიც დაბალანსებულია. ეს, გარკვეულწილად, ფინანსურ შეღავათებსაც იძლევა, ხოლო სწორი მორწყვის შედეგად, მოსავლის ხარისხი უმჯობესდება”, — გვიამბობს ირაკლი ერაძე, კომპანია CVIG LLC-ის მმართველი პარტნიორი. 

CVIG LLC 2017 წლიდან ფერმერებს ამერიკული კომპანიის, Davis Instruments Corporation-ის მევენახეობა-მებაღეობის, სათბურების და სოფლის მეურნეობის სისტემას — EnviroMonitor-ს სთავაზობს.


რა ფუნქციები აქვს მეტეოსადგურების სისტემას EnviroMonitor?

მეტეოსადგურების სისტემა ფერმერს საშუალებას აძლევს ზუსტად განსაზღვროს, როდისაა საჭირო ნარგავების მორწყვა, აძლევს ინფორმაციას მოსალოდნელი გვალვის ან ყინვის შესახებ, აწვდის დეტალურ მონაცემებს ნიადაგის მდგომარეობაზე, შეუძლია ნალექების პროგნოზი და რაც მთავარია, აქვს დაავადებათა და მავნებელთა საპრევენციო მართვის სისტემა (IPM). 


“შემოდგომაზე, როცა მცენარე ერთგვარ ძილის ფაზაში შედის და გაზაფხულზე, როცა “გამოღვიძებას” იწყებს, მოულოდნელმა ყინვამ შესაძლოა იგი გაახმოს. ამ სისტემის დახმარებით კი სამი დღით ადრეა შესაძლებელი მოსალოდნელი ყინვის პროგნოზირება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ყინვა. სისტემა ფერმერს შესაბამის შეტყობინებას წინასწარ უგზავნის, ამგვარად, მას გააზრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს”, — გვიხსნის ირაკლი ერაძე და ამატებს, რომ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სადაზღვევო კომპონენტის დალაგებაც. “მაგალითად, დასავლურ ქვეყნებში ამ სისტემის დახმარებით ახერხებენ საშემოდგომო და გაზაფხულის ყინვების დაზღვევას”, — აღნიშნავს ის.


სისტემის კიდევ ერთი გამორჩეული ფუნქციაა ევაპოტრანსპორაცია — იგი აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ითვისებს მცენარე ნიადაგიდან წყალს და მასში გახსნილ მინერალებს. ამ ფუნქციით მცენარის ჯანმრთელობის შეფასებაა შესაძლებელი. აგრეთვე აღსანიშნავია ფოთლის სისველის გაზომვის ფუნქცია — შესაბამისი სენსორის დახმარებით, სისტემა ფერმერს აცნობებს, თუ რამდენად კარგად ითვისებს მცენარე დასხურებით წამლობისას  მიწოდებულ ნივთიერებებს.  აღნიშნული  ფუნქცია ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს IPM-ის სწორად და გამართულად ფუნქციონირებისათვის.


სისტემას ასევე გააჩნია ფერმერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია, Growing Degree Days (GDD) და Chilling Hours. მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება კონკრეტული აგროკულტურის ზამთრის ძილის, მისგან გამოღვიძების და მოსავლის სიმწიფის ფაზებზე დაკვირვება და შესაბამისი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.


ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი კი დაავადებათა და მავნებელთა საპრევენციო მართვის სისტემაა (IPM). IPM არის ყოვლისმომცველი მიდგომა მავნებლებისა და მათ მიერ გამოწვეული დაავადებების აღმოსაფხვრელად, ასევე სოკოვანი დაავადებების პრევენციისათვის. პროგრამაში ინტეგრირებულია შესაბამის მცენარეთა ყველაზე მეტად გავრცელებული მავნებლები, ხოლო ეს სია მუდმივად ახლდება.  


“როცა ფერმერი დაავადებას ან მავნე მწერს ამჩნევს მცენარეზე, უკვე, გარკვეულწილად, დაგვიანებულია. ამ სისტემის უპირატესობა კი ისაა, რომ იგი,  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, წინასწარ ატყობინებს ფერმერს გარკვეული დაავადების ან მწერის გაჩენის ალბათობის შესახებ. იგი მიკროკლიმატური გარემოს მიხედვით ახერხებს ამის პროგნოზირებას. ფერმერს კი შეუძლია პრევენციული ზომები მიიღოს, ნაკლები პესტიციდი გამოიყენოს ან გამორიცხოს არაგეგმური შეწამვლა, რაც  ფინანსური თვალსაზრისითაც ხელსაყრელია”, — ამბობს ირაკლი.

რაც მთავარია, სისტემის ფუნქციები აქ არ სრულდება — ნალექების, ტენიანობის, ცვარიანობის, ნიადაგის ტემპერატურის, მარილიანობის, მზის რადიაციის თუ სხვა მიმდინარე, ისტორიული და საპროგნოზო კლიმატური მაჩვენებლების ანალიზით, ფერმერს შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.


რა არის საჭირო მეტეოსადგურის სისტემის მოსაწყობად?

მეტეოსადგური მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციებითა და ვიზუალით გამოირჩევა. მისი მოწყობისთვის არაა საჭირო დიდი ფართობი, მას ასევე არ სჭირდება ელექტროენერგია ან ინტერნეტის ადგილობრივი პროვაიდერის მხარდაჭერა — აპარატურა რამდენიმე კომპაქტური კომპონენტისგან შედგება: ესაა კლიმატური სადგური და მცირე “ნოდები”, რომლებზეც შესაბამის სენსორებს ამონტაჟებენ.  


 

სისტემა “Smart” ტექნოლოგიებით იმართება და საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც მობილური, ისე ვებ-აპლიკაციით. მას აქვს საგანგაშო სიგნალის ფუნქციაც, რომლის გააქტიურება შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობაზე, ყინვაზე, ქარზე, ქარიშხალზე და ყველა იმ კლიმატურ მონაცემზე, რაზეც სისტემა ინფორმაციას უწყვეტად აგროვებს.


აღსანიშნავია, რომ სისტემა შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურებისთვის. 


“პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სისტემის დაყენება ფინანსურად ხელსაყრელია იმ შემთხვევაში, თუ ფართობი 5 ჰექტარი ან მეტია. მისი ღირებულება  კი  დამოკიდებულია ნარგავების სახეობაზე, ნიადაგის ტიპზე თუ რელიეფზე”, — აღნიშნავს ირაკლი და ამატებს, რომ თავად სისტემა მრავალი წელი ფუნქციონირებს და გამძლეა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. 


“ამ ტიპის კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა ფერმერის წარმატების გარანტიაა, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახლა ავითარებენ. თიბისისთვის კი, როგორც მცირე თუ საშუალო ბიზნესებისა და აგრო სექტორის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განსაკუთრებით საიმედოა ის სტარტაპები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მიდგომებს ნერგავენ”, — აცხადებს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.