„შენ ნუნი ჩინეთში მოგზაურობდა და ადამიანის სხეულზე სხვადასხვა ბალახის ზემოქმედებას იკვლევდა, რათა სასარგებლო ბალახი შხამიანისგან გაერჩია. ამგვარ ექსპერიმენტებს იგი თავის თავზე ატარებდა და ერთხელ ისე მოიწამლა, რომ სიკვდილის პირას იყო. შეუძლოდ გამხდარი შენ ნუნი დასასვენებლად პატარა ბუჩქის ქვეშ წამოწვა. უეცრად მას პირზე ბუჩქის ფოთლიდან ჩამოვარდნილი ნამის წვეთი დაეცა. შენ ნუნმა მაშინვე შვება და ენერგიის მოზღვავება იგრძნო. ამის შემდეგ, შენ ნუნი ყოველთვის თან ატარებდა ამ ბუჩქიდან მოკრეფილ ფოთლებს, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალებას. მან თავისი აღმოჩენა ჩინელ ხალხს გაუზიარა და სწორედ ასე დაიწყო ჩინური ჩაის ისტორია.” - ჩინური ლეგენდა ჩაის შესახებ.
ჩაის ჩინეთში 5000 წლის ისტორია აქვს. მცენარის ბუჩქი შორეულ აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ცერემონიალის მთავარი ნაწილია.
საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა.
დღეს ჩაის პლანტაციების წილი ქართულ მიწებზე შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ.
ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე. აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება.
კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა, რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად ლაზიმ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს.
ლაზიში ჩაის კრეფვას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფვა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით...
ლაზი არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ, ფაქტობრივად, სოციალური პროექტიცაა სამეგრელოში. სხვა ყველა კულტურა, რომელიც რეგიონში ხარობს, ძირითადად, აგვისტოდან იკრიფება, მანამდე კი ადგილობრივი დიასახლისები აპრილიდან აგვისტომდე ჩაის კრეფვით არიან დაკავებულები. მათთვის ეს კომფორტული საქმეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება აქვთ პლანტაციაში დილა-საღამოს იმუშაონ, მთელი დღე კი ოჯახში გაატარონ.
როგორც ლაზის დამფუძნებელი, გონერი სალია ამბობს, ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად, საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.
„სადაც გვიმრა ხარობს, ჩაის გახარებაც შეიძლება.“ - ასეთი აგრონომიული წარმოდგენა არსებობს საქართველოში ჩაის შესახებ. დასავლეთ საქართელოს წითელმიწა, მჟავე ნიადაგები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია.
დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. კომპანია ლაზიმ, თიბისის დახმარებით, 23 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ.