წარმატების ისტორიები
კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ სოციალურ მეწარმეობას ავითარებს
ბიზნეს ბლოგი
08 ივლისი 2021
visibility 2388

Impact Hub Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული პროექტი Social Impact Award სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. Social Impact Award -ის მეშვეობით თიბისი ბიზნესი მხარს უჭერს ახალგაზრდებს, დამწყებ მეწარმეებს და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში.

Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; შეირჩა 100-მდე ახალგაზრდა (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც პროექტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს დაარსების იდეით მივიდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ეტაპის გავლისა და გამარჯვების შემდეგ, იდეა რეალობად აქცია. 

ლეჩხუმში, მათ ოჯახში მეფუტკრეობის ტრადიციიდან გამომდინარე, ამ საქმის წინ წაწევისა და განვითარების სურვილი და-ძმას, გვანცა და გიგა ჭაბუკიანებს, დიდი ხანია, ჰქონდათ, მცირე რაოდენობით თაფლს აწარმოებდნენ  და ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდდნენ.

„მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახური საქმეა. სწორედ ამის გამო ვთქვით მე და ჩემმა ძმამ უარის თბილისში სასწავლებლად წასვლაზე და უნივერსიტეტში ქუთაისში ჩავაბარეთ, რათა სახლთან შედარებით ახლოს ვყოფილიყავით და ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების საშუალება გვქონოდა. პარასკევ საღამოს შინ ვბრუდნებოდით ხოლმე, ორშაბათს კი ისევ ქუთაისში ვიყავით“

Social Impact Award-ში მოხვედრამდე  და-ძმა თიბისი ბიზნესის მიერ შეთავაზებულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა, სადაც დაწვრილებით უხსნიდნენ, თუ რა იყო სოციალური მეწარმეობა. გვანცამ Social Impact Award შესახებ მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან შეიტყო და მაშინვე დაინტერესდა. მენტორთან სამთვიანი მუშაობის პროცესში იდეა ბიზნეს გეგმად იქცა, შეიფუთა და  ჟიურის წინაშე წარდგა. გამარჯვებული პროექტი UNDP-მა პირველ ეტაპზე 2000 დოლარით, შემდეგ კი 7000 ლარით დააჯილდოვა. დღეს  ლეჩხუმის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მშენებლობის ბოლო ეტაპზეა.

„ჩვეულებრივი მეწარმისაგან განსხვავებით, სოციალურ მეწარმეს, ეკონომიკურის გარდა, სოციალური მიზანიც აქვს: მეწარმე ცდილობს, სასიკეთო გავლენა მოახდინოს გარემოზე ან მოწყვლად ჯგუფზე,“ - ამბობს გვანცა ჭაბუკიანი.

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ დამფუძნებლებმა უამრავი სასარგებლო ცოდნა მიიღეს – ბიზნეს გეგმის შედგენიდან დაწყებული კომპანიის ლოგოს შექმნის პრინციპებით დასრულებული. მათ სოციალურ საწარმოს ორი მიზანი აქვს, რომლებიც, დამფუძნებლების გათვლით, საგრძნობლად შეცვლის მდგომარეობას რეგიონში და იქ მაცხოვრებლებს სიკეთეს მოუტანს.

„მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში მეფუტკრეობას ბევრი მისდევს და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით თაფლი იწარმოება, რეგიონში არ არსებობს თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების მიხედვით შეძლებდა პროდუქტის გადამუშავებას. სწორედ ასეთი საწარმოს შექმნა გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, გვჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი მაგალითი იქნება და ადამიანები ადგილზე ბიზნესის წამოწყებას უფრო თავდაჯერებულად შეუდგებიან“.

ლეჩხუმი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და მსგავსი წამოწყებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონისთვის. კომპანია «თაფლი ლეჩხუმიდან» არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული და სანიმუშო მაგალითია, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებისაც. გვანცა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ადგილობრივ ბავშვებს გადასცემს. გარდა ამისა, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის გამართვაც მალე დასრულდება, მთელ რეგიონს მოემსახურება – ლეჩხუმელ მეფუტკრეებს შეეძლებათ, თავიანთი პროდუქცია გადასამუშავებლად ამ საწარმოში მიიტანონ.

ამჟამად კომპანიას 70 ოჯახი ფუტკარი ჰყავს და 3 ტონამდე თაფლს აწარმოებს, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ყიდის – „თაფლი ლეჩხუმიდან“ თავის პროდუქციას უკვე გერმანიაში, საბერძნეთში, დუბაისა და რუსეთში აგზავნის. რამდენიმე სახის თაფლისა და ფუტკრის რძის წარმოების გარდა, კომპანიას დედა ფუტკარიც გამოჰყავს, რომელზე მოთხოვნაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ძალზე მაღალია.