წარმატების ისტორიები
„გასტრონომიული მუზეუმი“ - ნატიფი ქართული გემო და სურნელი
სტარტაპერი
11 მაისი 2021
visibility 2327

სიტყვა „ნატიფი“ ქართული წარმოშობისაა და სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ძველი ქართველები ნატიფს ერბოთი, რძითა და კვერცხით ნამზად პურს უწოდებდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართული „ნატიფი“ თურქულმა „ნაზუქმა“ ჩაანაცვლა და დღეს ამ გემრიელ ცომეულს ყველა ნაზუქად ვიცნობთ. თუმცა, ნატიფი კვლავ დარჩა მისი გემოსა და შინაარსის გამომხატველ ზედსართავად.


ეს სიტყვა შეგვიძლია, ზოგადად, მთელი ძველი ქართული გასტრონომიული კულტურის აღსანიშნადაც გამოვიყენოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ კერძების გემოსა და სურნელის სინატიფე ქმნიდა იმ კერძების ისტორიას, რომელიც დღეს დაუმსახურებლადაა მივიწყებული. ასე ფიქრობს პროფესიით ჟურნალისტი, ლინგვისტი და კულტუროლოგი, ესმა კუნჭულია, რომელიც უკვე წლებია, თბილისიდან წოდორეთში გადასახლდა, საოჯახო ღვინის მარანი გახსნა და თავადვე მასპინძლობს საგანგებოდ წოდორეთში ასულ ტურისტებს, რომლებსაც ესმა კერძების გემოსა და სურნელთან ერთად, თავისი ნაამბობი საქართველოს ეთნოგრაფიული და გასტრონომიული კულტურის ამბებითაც იზიდავს.



მხოლოდ მასთან მისულ ადამიანებს შეუძლიათ მოისმინონ ნამდვილი ქართული პურის ისტორია, რომელიც, ასევე სულხან-საბას მიხედვით, 14 სახეობის პურს იცნობს. წოდორეთში შეგიძლიათ გაიგოთ, რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები პურის კულტურას და როგორ აცხობდნენ სხვადასხვა სახეობის პურეულს: მადაურს, შოთს, ლავაშს, ხმიადს, ღუეზას, პლაკუტს, ნაზუქს, დელენგოს, მანდარს, კოლვარდს; ანდა სხვა საინტერესო ცომეულს - ხაჭაპურს, ღვეზელს, სხვადასხვა ქადას, იაფოფხს, ტაბლას, ბრინჯულას. უმეტესობა მათგანი დღეს მხოლოდ ესმას ნაამბობში ცოცხლობს.  



ესმას კულინარიისადმი სიყვარული, დიდი ხანია, მის მთავარ საქმედ და საკვლევ სფეროდ იქცა. სამეცნიერო ნაშრომებში მოძიებული და შეგროვებული მასალა, რომელშიც ქართული გასტრონომიული კულტურის ჩვენთვის უცნობი საიდუმლოები იმალება, ესმას აზრით, მსოფლიო კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ეს მასალა ძალიან მალე მის მიერ გახსნილ პირველ ქართულ გასტრონომიულ მუზეუმში გამოიფინება.



„პირველ ეტაპზე ჩაფიქრებულია ბუტიკის სტილის სასტუმრო-მუზეუმები საქართველოს რამდენიმე ისტორიულ რეგიონში. ჩვენთან მოსული სტუმრები გასტრონომიულ მუზეუმში განთავსებულ სასტუმროშივე იცხოვრებენ, მოისმენენ ლექციებს ქართულ გასტრონომიულ კულტურაზე, გაეცნობიან მუზეუმში განთავსებულ, ჩვენ მიერ შეგროვებულ ეთნოგრაფიულ, ისტორიულ და გასტრონომიულ ექსპონატებს. გვექნება სუნელების უნიკალური კუთხე, რომელსაც „მედეას კუთხე“ დავარქვით რადგან აქ თავმოყრილია ყველა ის მცენარე, რომელიც ხარობდა გრძნეული მედეას ბაღში. გამოფენილი იქნება ასევე, ტექსტური მასალა, რომელიც ინახავს ჩვენი მეფეებისა თუ მოგზაურების ჩანაწერებს ქართულ კერძებზე, სუნელებზე. ეს იქნება ექსპონატები და ამბები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ და მოისმენთ,“ - ამბობს გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია.



საინტერესო და სრულიად უნიკალურია მენიუ, რომელსაც „გასტრონომიული მუზეუმი“ სტუმრებს შესთავაზებს. სხვაგან სად უნდა დააგემოვნოთ, მაგალითად, თამარ მეფის ოსპის წვნიანი, ერეკლე მეორის მწვადი შემწვარი ქლიავით, მედეას ბალახ-ბულახი, ალექსანდრე დიუმას მიერ საქართველოში გასინჯული და მომზადებული კერძები, საქართველოში სტუმრად მყოფი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეიბეკისთვის მირთმეული ვახშამი, ლევ ტოლსტოის საყვარელი კერძი, რომელიც მან საქართველოში ყოფნის დროს დააგემოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველა ეს კერძი საგანგებოდ შესწავლილი ისტორიული ეპოქის გათვალისწინებით, თითქმის ზუსტადაა აღდგენილი. კერძები შეკმაზულია იმ ეპოქისეული საკმაზებით, რომელთა ისტორიაც, შეიძლება ითქვას, ამ მუზეუმის ცალკე თავია. აღარავის ახსოვს, მაგალითად, რომ სუნელს, ჩვენ რომ დღეს მიხაკად ვიცნობთ, ძველები ყარამფილს ეძახდნენ. დარიჩინს კასია ერქვა, მუსკატს - ხეხო, ხოლო ილს, რომელიც ყოველთვის სასარგებლო მცენარედ მიიჩნევდნენ და უამრავნაირ კერძში იყენებდნენ, ადრე კაკულა ერქვა.



ასე რომ, ქართული გასტრონომიული კულტურითა და ეთნოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევ, აუცილებლად ესტუმრონ პირველ ქართულ გასტრონომიულ მუზეუმს, მოისმინონ და დაათვალიერონ კომპეტენტური ადამიანების მიერ შეგროვილი და ერთ სივრცეში თავმოყრილი ექსპონატები და დააგემოვნონ ნამდვილი ქართული, მეცნიერულად ზუსტი სამზარეულო!