თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ქართულ ფინანსურ სივრცეში, კიდევ ერთ უნიკალურ სერვისს ნერგავს. ეს არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების დამოწმება როგორც ბანკის, ასევე მომხმარებლების მხრიდან.
პირველ ეტაპზე პროდუქტი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე იურიდიული და ინდ.მეწარმე ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე საბანკო გარანტიების გასაცემად. ეტაპობრივად ეს ტექნოლოგია გავრცელდება სხვა სერვისებზეც.
ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა თიბისის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ფუნქციონალის გამოყენებით მარტივდება ტრადიციული საბანკო სერვისი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელშეკრულება დისტანციურად გააფორმოს, დაზოგოს დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადოს.
პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ბიზნესის დამფუძნებლები და დირექტორები (ხელმომწერი პირები), რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში და ხშირად იყენებენ გარანტიის სერვისს. ელექტრონული ხელმოწერითა და შტამპით სარგებლობა მოსახერხებელი იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესებისთვისაც. ასეთი ორგანიზაციები კარგად იცნობენ აღნიშნული სერვისს და მათი უმრავლესობა უკვე იყენებს ელხელმოწერის ფუნქციას.
ფიზიკური პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განსახორციელებლად საჭიროა:
- ახალი ტიპის პირადობის მოწმობა;
- პაროლები, რომლებიც პირადობის მოწმობასთან ერთად გადაეცემა პირს;
- პირადობის მოწმობის წამკითხავი, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სახლში;
- პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე;
იურიდიული პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად საჭიროა:
- ელექტრონული შტამპი : იურიდიული პირის დოკუმენტის დამოწმების მექანიზმი, რომლის შესაძენად აუცილებელია განცხადების დაფიქსირება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებ-გვერდზე;
- პაროლები, რომლებიც ელექტრონულ შტამპთან ერთად გადაეცემა მომხმარებელს;
- შტამპის წამკითხავი მოწყობილობა, რომელიც ელექტრონულ შტამპთან ერთად გადაეცემა მომხმარებელს;
- პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე;