თუკი სამომხმარებლო ბიზნესი გაქვთ, განსაკუთრებით კი გაყიდვების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, საკუთარ მომხმარებელთან ურთიერთობა მაქსიმალურად გააადვილოთ და კომფორტული გახადოთ. ამდენად, ბრენდები მუდმივად ცდილობენ, არ ჩამორჩენ ტენდენციებს და საკუთარი მომსახურება თანამედროვე მოთხოვნებისა და კლიენტთა ინტერესების მიხედვით გარდაქმნან.
დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ დისტანციური ურთიერთობები თითქმის ყველა სფეროში აქტიურად იკიდებს ფეხს და გამონაკლისი არც გაყიდვებია. თუკი თუნდაც გასულ წელს მომხმარებელი ონლაინ მაღაზიას დიდწილად კომფორტულობის გამო ირჩევდა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინტერნეტვაჭრობამ სხვა დატვირთვაც შეიძინა და იგი, შეიძლება ითქვას, ერთგვარ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებადაც კი იქცა — როცა საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოების მიზნით ფიზიკურ სივრცეში შეძენას ვირტუალურ შოპინგს ამჯობინებ.
ამდენად, თუ გსურთ, თქვენი ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობა სამოქალაქო პასუხისმგებლობას შეერწყას, საუკეთესო გამოსავალი ონლაინ მაღაზიის გახსნაა. თუმცაღა "გახსნა" პირდაპირი მნიშვნელობით არ იგულისხმება — აქ არც წითელი ბაფთებია და არც ბუშტების თაღი — იგი მაინც უამრავ შესაძლებლობას ხსნის კომპანიისთვის: მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს გააკეთოს შეკვეთა, ამგვარად თქვენი მომსახურება ყოველთვის ხელმისაწვდომია. ამასთან, კლიენტი ყველა სახის ინფორმაციას დამოუკიდებლად იღებს — ფასები, პროდუქტის მახასიათებლები და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით, სოციალური ქსელისა და ონლაინ მაღაზიის ტანდემი უფრო ეფექტურია. ონლაინ მაღაზია მოსახერხებელია კომპანიისთვისაც — გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში სრული ასორტიმენტის ერთ სივრცეში წარმოდგენას შეძლებთ, ამავდროულად, შეგიძლიათ, აკონტროლოთ ეგრეთ წოდებული ტრაფიკი, ანუ მომხმარებელთა რაოდენობისა და აქტივობის სტატისტიკაც.
ყველაფერ ამისდა მიუხედავად, ონლაინ მაღაზიის შექმნა, ცხადია, გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. სწორედ საკუთარი იდეის განხორციელებაში ეხმარება ქართულ ბრენდებს თიბისი, რომელიც თიბისი ბიზნესისთვის ფარგლებში, VISA-სთან ერთად, წელს უკვე მეორედ ახორციელებს პროგრამას — შექმენი შენი ონლაინ მაღაზია. გაზაფხულზე პროგრამით 200-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, მიღებულ გამოცდილებასა და სარგებელზე კი სწორედ მათი წარმომადგენლები საუბრობენ.
გამარტივებული პროცესი — როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბრენდისთვის
პრომოლაბი ქართული ბრენდია, რომელიც ორიგინალურ პროდუქციას საკუთარ საწარმოშივე ქმნის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ნატა ცაავა, On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, თუ პროგრამაში ჩართვამდე ბრენდი მხოლოდ ამ ფორმით არსებობდა, შემდგომ მათ უკვე მიეცათ მომხმარებელთან უშუალო წვდომის და წარმოებული პროდუქციის რეალიზების საშუალება.
"როდესაც ქვეყანაში "ლოქდაუნი" იყო, ძალიან დაგვეხმარა შექმნილი ონლაინ მაღაზია", — ამბობს ნატა, — "იმ პერიოდში მხოლოდ ონლაინ გაყიდვები იყო და ძალიან მცირე ხანში გავაკეთეთ პლატფორმა. რამდენადაც აქამდე მხოლოდ საწარმო ვიყავით, შემდგომში შევქმენით პროდუქტები საცალო ვაჭრობისთვის. ინტერესი დიდი იყო და მოლოდინებმა ნამდვილად გაამართლა".
მოლოდინებზე საუბრისას ნატა აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში კომპანიისთვის სირთულეს წარმოადგენდა გადახდის სისტემა და მის დახვეწაში ონლაინ მაღაზია დაეხმარათ.
"მიუხედავად ფეისბუქით განხორციელებული შეკვეთებისა, ანგარიშზე ჩარიცხვა, მისამართის გამორთმევა და ამ ყველაფრის კონტროლი სირთულესთან იყო დაკავშირებული", — აცხადებს ნატა, — "სერვისის ავტომატიზებამ კი, რასაკვირველია, პროცესი ძალიან გაამარტივა".
პრომოლაბი სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასა და პროდუქციის დამატებას აპირებს, პროგრამის ფარგლებში შექმნილ ონლაინ მაღაზიაში სტუმრობა კი ყველა მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია.
ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი პლატფორმა, როგორც წარმატების წინაპირობა
საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, B&G Store, უკვე კარგად ცნობილი სავაჭრო ადგილია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. 20-წლიანი ისტორიის მქონე თურქულ ბრენდს საქართველოში ქიდს სტორ ჯორჯია წარმოადგენს, რომელიც გაზაფხულზე ასევე თიბისის პროგრამით მოსარგებლე კომპანია იყო.
კარანტინის პერიოდში გაზრდილ მოთხოვნაზე საპასუხოდ ონლაინ მაღაზიის საჭიროებაზე საუბრობს კომპანიის წარმომადგენელი, ივეტა ჯინჭარაძეც.
"პანდემიის პერიოდში ძალიან დაგვეხმარა ონლაინ მაღაზია", — ამბობს ივეტა, — "მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინტერნეტგაყიდვები შემცირებულია, კარანტინში მოთხოვნა ნამდვილად დიდი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პლატფორმის გახსნა შევძელით".
როგორც ივეტა ამბობს, რამდენადაც ბრენდის პროდუქცია შედარებით ძვირადღირებულია, მათი სურვილია, სამომავლოდ განვადების სისტემაც მეტად დაიხვეწოს.
"განვადების სერვისი შედარებით პასიურია და რადგანაც ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ბევრისთვის განვადება უფრო მოსახერხებელია, გვსურს, თუნდაც Space განვადების კუთხით მეტად გავააქტიუროთ პლატფორმა", — დასძენს ივეტა.
როგორც ახალი პროდუქციის დამატების, ასევე მომსახურების გაუმჯობესების შესახებ უკვე შეგიძლიათ შეიტყოთ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
ხოლო თუკი თავადაც გსურთ, საკუთარი ბრენდის წარმატებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ — ინტერნეტსივრცეში ახალი და მოსახერხებელი პლატფორმის შექმნა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. თიბისის პროგრამის — შექმენი შენი ონლაინ მაღაზია — მეორე ეტაპზე მონაწილეობის მსურველი ბრენდების რეგისტრაცია უკვე დაიწყო, თქვენ კი უნიკალური შანსი გეძლევათ — გარდაქმნათ არსებული გამოცდილება ინოვაციად აქ.ახლა.