დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის. ექიმები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები ყველანი ერთი პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს, მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდეს, ნაკლები ჯანმრთელი დაინფიცირდეს.
ცხოვრებას ჩაკეტილ სამყაროში ვაგრძელებთ და დამეთანხმებით, ეს ჩაკეტილობა უფრო აუტანელი ხდება, როცა საყვარელი პროდუქტი გვჭირდება, მაგრამ ონლაინ პლატფორმის არარსებობის გამო ვერ ვყიდულობთ.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ გადაწყვიტა ბიზნესებს, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდები არ აქვთ, ონლაინგაყიდვებისთვის პლატფორმა შესთავაზოს. ინიციატივაზე უფრო მეტს ამ სტატიაში მოგიყვებით.
მისია — გაუმარტივდეს ბიზნესსა და ადამიანებს ცხოვრება
თიბისი ბანკში ამბობენ, რომ ბიზნესსა და მომხმარებლებზე ზრუნვა მათი მუდმივი მისაა. ეს ყველაფერი კი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და უამრავი ბიზნესი საფრთხის წინაშე დგება.
თიბისის ბიზნეს სეგმენტების გუნდის წევრი, ნიკა ღვაბერიძე გვიყვება, რომ ამ მხრივ ბიზნესისთვის სიცარიელე იყო. მისი თქმით, ბიზნეს წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დაიწყებდნენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეექმნათ ვებ-გვერდი ონლაინ ვაჭრობისთვის, შესაძლოა მარტივად დანებებულიყვნენ, რადგან ამას საკმაოდ ბევრი რესურსი სჭირდება. სწორედ ამიტომ, თიბისიმ გადაწყვიტა მათ ეს საქმე გაუმარტივოს.
"გადავწყვიტეთ, ჩვენ თავზე აგვეღო ეს საქმე და მოგვეფიქრებინა ელექტრონული ვაჭრობის ეკოსისტემის გარშემო პროდუქტები და შეთავაზებები, რომლებიც ბიზნესს დასჭირდებოდა. შესაბამისად, შევკარით ეს ყველაფერი და VISA-სთან პარტნიორობით შევქმენით პლატფორმა. VISA აფინანსებს პირველ 200 კომპანიას, რომელიც ამ შეთავაზებას პირველი დაამთავრებს. წლის ბოლომდე ისინი ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგანაც არიან გათავისუფლებული", — ამბობს ნიკა ღვაბერიძე.
შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. ამ ყველაფერში მათ თიბისის პარტნიორი კომპანია B2C დაეხმარებათ. მომხმარებლები მარტივად ააწყობენ ვებ-გვერდს, ჩააშენებენ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევენ პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემისა და მიტანის სერვისის ინტეგრაციას.
VISA-ს კავკასიის რეგიონალური მენეჯერი, კრისტინა დოროში On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა. მათი ნაწილი იძულებული გახდა საქმიანობა შეემცირებინა ან საერთოდ შეეჩერებინა. სამაგიეროდ, გაიზარდა ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა, რამაც VISA-ს უბიძგა თიბისისთან ერთად ახალი პროექტი დაეწყო.
"გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 აგრძელებს გავრცელებას, ჩვენ გავაცნობიერეთ დაუყოვნებლივი რეაგირების საჭიროება. Visa-სა და TBC–ს გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ავამოქმედეთ გეგმა, რომელიც გულისხმობდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას. ბიზნესების უკუკავშირი და აქტიური ჩართულობა კი ნათლად ასახავს ამ პროექტის მნიშვნელობას: დღევანდელი მონაცემებით, 250-მდე ვებ-გვერდის შექმნის აპლიკაცია უკვე შეივსო და აქტიურად მიმდინარეობს მათ დამზადებაზე მუშაობა", — თქვა კრისტინამ.
იმის გასარკვევად, თუ უფრო კონკრეტულად როგორ დაეხმარა ბიზნესს ეს შეთავაზება პლატფორმით მოსარგებლე რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით.
რას ნიშნავს თიბისის დახმარება ბიზნესისთვის
ნიკა ღვაბერიძემ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თიბისისა და VISA-ს შეთავაზებაში ჩართვის სურვილი უკვე 250-მდე კომპანიამ გამოთქვა. მათგან დაახლოებით 30-მდე ბიზნესმა უკვე ააწყო ონლაინ მაღაზია და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზარზე ოპერირებაც დაიწყეს.
აგრიმარკეტს და 9 მთას ონლინ მაღაზია უკვე აქვთ და მომხმარებლებს თავიანთ პროდუქციას სთავაზობენ, მომდევნო კვირაში მათ რიცხვს ჩიკორიც შეემატება. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათთვის თიბისის ინიციატივა მაშველი რგოლი აღმოჩნდა.
9 მთა
9 მთა ლუდის მწარმოებელი კომპანიაა. ირაკლი ცინცაძე გვიყვება, რომ ონლაინ გაყიდვებზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ და იცოდნენ, რომ ეს მათი პირველი ამოცანა იყო. პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესისთვის ხარჯების სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ეს გეგმა უფრო შორეულ მომავალში გადაინაცვლებდა რომ არა თიბისი.
"ნულიდან დაწყებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდებოდა. ვხვდებოდით, რომ ეს გასაკეთებელი იყო, მაგრამ შეფერხებები გვქონდა. როცა თიბისის ინიციატივაზე გავიგეთ, დავრეგისტრირდით და დაგვიკავშირდნენ. საიტი ფაქტობრივად 3-4 დღეში ავაწყვეთ და ერთი კვირაა ვფუნქციონირებთ", — გვეუბნება ირაკლი.
მისი თქმით, ეს არაა მხოლოდ პლატფორმით უზრუნველყოფა, რადგან საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს ტექნიკურ დახმარებასაც უწევენ, ეხმარებიან ადმინისტრაციულ საკითხებში და ტრენინგებსაც უტარებენ.
აგრიმარკეტი
აგრიმარკეტი ვებ-გვერდის გაშვებას და ბაზარზე ამ კუთხით ოპერირებას ნოემბრისთვის გეგმავდა. თიბისის დახმარებით კი ეს თითქმის ერთი წლით ადრე, აპრილში მოხერხდა. აგრიმარკეტის დამფუძნებელი ირაკლი ჩიქავა გვიყვება, რომ თიბისის შეთავაზება ბიზნესისთვის ძალიან დროული აღმოჩნდა და სწორედ დრო იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ამ პლატფორიმის დახმარებით დაიზოგა.
"დარწმუნებული ვარ, ბევრი ბიზნესისთვის ეს იყო მაშველი რგოლი. ძალიან კარგი არჩევანი ჩაკეტვასა და ოპერირების გაგრძელებას შორის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოფლაინ ბიზნესისთვის ონლაინზე გადასვლა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დროა ფეხი ავუწყოთ ზუსტად ამ გამოწვევებს და გავონლაინდეთ ერი, რამდენადაც შესაძლებელია", — ამბობს ირაკლი ჩიქავა.
ჩიკორი
რაც შეეხება ჩიკორს, ის ინიციატივაში სამი კვირის წინ ჩაერთო. მათი ონლაინ მაღაზია დასრულების ეტაპზეა და მომდევნო კვირაში მომხმარებლები უკვე შეძლებენ ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ პროდუქციის შეძენა. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სანდრო მათაშვილი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო გაყიდვები დაახლოებით 30-40%-ით იყო შემცირებული.
"ჩვენთვის საკუთარი პლატფორმის შექმნა, ერთი მხრივ, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მეორე მხრივ, დიდ დროსთან. B2C და თიბისი ერთად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფასოდ შევქმნათ ონლაინ მაღაზია. პლატფორმა არის მორგებული მთლიანად სადისტრიბუციო საწყობის თუ სარეალიზაციო სისტემაზე. ასევე, აქვს ძალიან მეგობრული ინტერფეისი ოპერატორებისთვისა და მომხმარებლებისთვის და ამ ყველაფერმა ძალიან შეგვიწყო ხელი, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზია შეგვექმნა", — ამბობს სანდრო მათაშვილი.
თიბისი, VISA-სა და B2C-ს მხარდაჭერით მომავალშიც ყველა ბიზნეს წარმომადგენელს ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად შეძლონ ონლაიან გაყიდვებში ჩართვა. ეს კიდევ ყველაფერი არ არის — თიბისის ბიზნეს გუნდის წარმომადგენელმა, ნიკა ღვაბერიძემ გვითხრა, რომ ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში აპირებენ, რომ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებში ციფრული ბანკის, Space-ის განვადება ჩააშენონ, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქცია განვადებით მარტივად იყიდოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა და კომპანიებმა ისწავლონ, მიიღონ გამოცდილება, გაიგონ რა ხიბლი აქვს ონლაინ ვაჭრობას, რადგან ამით შეგიძლია ბევრად დიდი ბაზრები დაფარო, ვიდრე ლოკალურად და ისეთ მყიდველს მისწვდე, რომელსაც მანამდე ვერ მიაგნებდი. ეს კრიზისული პერიოდი ბიზნესისთვის არის გამოცდილება, კარგად გაიგონ, როგორ აკეთონ საქმე ისე, რომ როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში დავბრუნდებით, ამით კონკურენტული უპირატესობა ჰქონდეთ სხვებთან მიმართებაში",— გვითხრა ნიკამ.
ასე რომ, შეგიძლიათ ჩაერთოთ ინიციატივაში და მომხმარებლებს პანდემიის პერიოდი საყვარელი პროდუქციის მიწოდებით გაუმარტივოთ.