ბიზნეს სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომოტოლოგიური კლინიკა ამუშავდა
ბიზნეს ბლოგი
07 ნოემბერი 2024
visibility 634


ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის. თუმცა, საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა. მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი სკოლას ამთავრებდა და პროფესიას ირჩევდა.

როგორც ვიკო გვიყვება, ექიმობა ბავშვობიდანვე უნდოდა. ზუსტად არ იცის, რამ შთააგონა. თუმცა, მისი მოტივაცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღეს სტომატოლოგიაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია და სხვებსაც ეხმარება განვითარებაში. 

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა „ცდუნებები“(როგორც თვითონ უწოდებს) შეხვდა. თუმცა არჩეულ გზას არ გადაუხვია. იმ დროისთვის მაღალანაზღაურებად სამსახურზე უარი თქვა, ბორჯომში დაბრუნდა და სოფელ  ყვიბისის ამბულატორიულ კლინიკაში, სტომატოლოგად დაიწყო მუშაობა. კარიერა, ლიკანის მეოთხე სამმართველოში, მაშინდელ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გააგრძელა. რეზიდენციის დახურვის შემდეგ, კი ისევ თბილისს დაუბრუნდა და მუშაობის პარალელურად, თვითგანვითარებას შეუდგა. 

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, მშობლიურ ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობირივი პაციენტების ნდობა და სიყვარულიც დაიმსახურა. 

2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა. ფართი იჯარით აიღო, რემონტისა და აპარატურის შესაძენად კი, თიბისის ადგილობრივ ფილიალს მიაკითხა. 

„თიბისის კრედიტ ოფიცერმა გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. მენდო, იცოდა, რომ ჩემი ბიზნესგეგმა გაამართლებდა. თიბისის ბიზნესსესხით კლინიკის რემონტი გავაკეთეთ და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ. თიბისი ლიზინგის საშუალებით კი 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შევიძინეთ, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველოშიც, მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია“ , - ამბობს ვიკო.

3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც „იმპლანტ სტუდიოში“ აქვთ, სტომატოლოგიური კვლევის სპექტრს სცდება. როგორც ვიკო ამბობს, აპარატურის კვლევას იყენებენ ყბა-სახის ქირურგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, ორთოდონტიაში და ტრავმატოლოგიაში. ამიტომ, პაციენტები მათ არა მხოლოდ ბორჯომიდან, არამედ ახალციხიდან, ხაშურიდან და ასპინძიდანაც ჰყავთ.

„მსგავსი აპარატის არსებობა რეგიონში ძალიან დიდი კომფორტია. პაციენტებს აღარ უწევთ თბილისში წასვლა“, - ამბობს ვიკო.

კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია - იმ სერვისების ჩამონათვალია, რომელსაც კლინიკა სთავაზობს პაციენტებს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტიც აქვთ დანერგილი, რომელსაც წარმატებით იყენებენ.

„პირველადი კონსულტაცია სრულიად გაციფრულებული გვაქვს. ჩვენთან რომ მოდის პაციენტი და კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადავიღებთ, ეს მონაცემები იტვირთება პროგრამაში, რომელიც ახდენს 3D სურათის ანალიზს და ქართულ ენაზე წერს პრობლემებს, რეკომენდაციებს, რომელი პროფილის ექიმმა რა უნდა გააკეთოს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მე მაძლევს საშუალებას რომ დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღო უშეცდომო დიაგნოზი“, - ამბობს ვიკო.

Diagnocat.com  - პლატფორმაა, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ამ პლატფორმით, ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღესდღეობით კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და სხვებს ეხმარება მის დანერგვაში. 

„ხუთი თვის განმავლობაში ვთარგმნიდი. ვგრძნობდი, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებდი და ერთი სული მქონდა დამესრულებინა, რომ შედეგი მენახა. კლინიკაში დანერგვა, მე ძალიან დამეხმარა. რუტინულ შრომას ანაცვლებს და 15 წუთში გიწერს უტყუარ დიაგნოზს, რომელსაც ჩვეულებრივ შეიძლება რამდენიმე დღეც დასჭირდეს“ , - ამბობს ვიკო.

ვიკოს პროფესიული გზა, რომელიც 24 წელს ითვლის, ალბათ კიდევ ბევრ წელს და უამრავ წარმატებას აითვლის. საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ამბობს, რომ ამით საზრდოობს, მუდმივად სწავლის და ძიების პროცესშია. 

საქმისადმი მსგავსი სიყვარული რომ არა, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა წარმატება, რომელიც მხოლოდ მისი კი არა, მთელი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის წარმატებაცაა.

https://implantstudio.ge/

https://diagnocat.com/