აგრარულმა სექტორმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი “რევოლუცია” გამოიარა. ათასობით წლის წინ ეს მცენარეებისა და ცხოველების მოშინაურებაში გამოიხატებოდა, ასობით წლის წინ ფერმერებმა ნიადაგის რეკულტივაცია ისწავლეს, ათობით წლის წინ კი პესტიციდების გამოყენება და ნიადაგების განოყიერება დაიწყეს. ამჯერად კი, შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე რევოლუციის პერიოდში ვართ, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა საინფორმაციო ტექნოლოგიებია.
სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ შეიქმნა “ჭკვიანი მეურნეობის” სისტემები, რომლებიც ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს და საკუთარ ნაკვეთში მიმდინარე პროცესები მუდმივად აკონტროლოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემა EnviroMonitor-ის მცირე მეტეოსადგურებია, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ინერგება. იგი ლოკალური მიკროკლიმატის, მავნებლებისა და დაავადებათა წინასწარი პრევენციის უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენება.
სწორედ ამ სისტემის გავრცელების, შესაბამისად ფერმერების ყოველდღიურობის გასამარტივებლად და აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მიზნით, თიბისისა და მცირე მეტეოსადგურების კომპანია CVIG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ფერმერების მრავალჯერადი დახმარებაა როგორც ფინანსური კუთხით, ისე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.
რას გულისხმობს მემორანდუმი?
“ჩვენი მიზანია, ფერმერებამდე მივიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საქმიანობა იყოს უფრო დაცული”, — ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, თიბისის მომხმარებლებს კომპანია CVIG კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის, ინფორმაციის გაზიარებისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სისტემების მოწყობით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ფერმერებისთვის კლიმატგონივრული სისტემების შერჩევა და მიწოდება;
ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ბაღების ტერიტორიაზე მცირე მეტეოსადგურების და ფოტოხაფანგების პროექტირება-ინსტალაცია;
მომხმარებელზე მაღალი სიზუსტის ლოკალური მეტეოროლოგიური (მიმდინარე, ისტორიული და საპროგნოზო) მონაცემების მიწოდება და საგანგაშო სიგნალების გაგზავნა;
ბაღის ტერიტორიაზე ნიადაგისა და მცენარის მდგომარეობის მონიტორინგი;
სატელიტური ზონირების და მწვანე მასის ანალიზის მეშვეობით ნიადაგში წყლის დებეტის განსაზღვრა, ირიგაციის დაგეგმვა და მონიტორინგი;
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგი, მავნებლების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შეთავაზება;
მომხმარებელზე ტრენინგების შეთავაზება საბაზისო და აგრონომიულ საკითხებზე;
“კლიმატგონივრული სისტემები ახლა ინერგება ჩვენს ქვეყანაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორიც, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ფერმერები აქტიურად იწყებდნენ წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას. ასე რომ, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე წვდომა ამ კუთხით ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ფერმერებს გავუადვილოთ ამ სისტემების გამართვა. ჩვენ ბაზარზე შემოგვაქვს ცოდნა და ვაძლიერებთ ფერმერს, რადგან მცირე მეტეოსადგურების დახმარებით მათ საკუთარი საქმიანობის კონტროლი შეუძლიათ. ეს კი ნიშნავს გარანტირებულ მოსავალს და ფინანსების დაზოგვას”, — აღნიშნავს შოთა გონგლაძე.
მისი თქმით, კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელი აგრო-სტარტაპებისთვისაა, რადგან ასე რისკები უფრო დაზღვეული იქნება და საერთო ჯამში, მეტად საიმედო პარტნიორები შეიძლება იყვნენ, როცა საქმე მათ მხარდაჭერას ეხება.
რა ფუნქციები აქვს EnviroMonitor სისტემას?
EnviroMonitor-ის დახმარებით ფერმერს ამინდზე დაკვირვება ლოკალურად შეუძლია და იგი აღარ არის დამოკიდებული მრავალი კილომეტრით დაშორებულ მეტეოსადგურზე — ყველაფერი იქვე, საკუთარ ნაკვეთშია მოწყობილი და ინფორმაციას მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზე იღებს.
ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექები, მცენარეთა ფოთლის სისველე, მზის რადიაცია, მზის ჩასვლა-ამოსვლის ზუსტი დროის მაჩვენებლები, მთვარის ფაზების მონაცემები, ბარომეტრის მონაცემები, ევაპოტრანპორაცია, ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და მარილიანობა - ამ ყველაფერზე ინფორმაციას მცირე მეტეოსადგური იძლევა. გარდა ამისა, მის ფუნქციებში შედის:
მოსალოდნელი გვალვის ან ყინვის შესახებ საგანგაშო შეტყობინება სისტემა მომხმარებელს სამი დღით ადრე ატყობინებს, თუ რომელ რიცხვში, რომელ საათზეა მოსალოდნელი გვალვის ან ყინვის დაწყება და რამდენი საათი გაგრძელდება ის.
ირიგაციის მონიტორინგი - სისტემაში ინტეგრირდება სენსორები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში იძლევიან კონკრეტულ ინფორმაციას ნიადაგის ტენიანობის დონესთან დაკავშირებით. ამის მიხედვით, ფერმერს შეუძლია განსაზღვროს, ზუსტად რა რაოდენობის წყალი სჭირდება მცენარეს.
დაავადებათა და მავნებელთა საპრევენციო მართვის სისტემა (IPM) - ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის, ფოთლის სისველის თუ სხვა დეტალების მიხედვით, სისტემა ფერმერს ატყობინებს შეიქმნა თუ არა გარემო იმისათვის, რომ გაჩნდეს დაავადება ან მავნებელი მწერები. შედეგად, ფერმერები ზუსტად განსაზღვრავენ, რომელ მწერზე ან დაავადებაზე უმკურნალონ მცენარეს და შესაბამისად, ამცირებენ ზედმეტი პესტიციდების და შხამ-ქიმიკატების გამოყენებას.
ფოტო ხაფანგები - როგორც წესი, მავნებლებზე დაკვირვებას ფერმერები შეუიარაღებელი თვალით ცდილობენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც IPM სისტემა დააგროვებს ინფორმაციას მოსალოდნელი მავნებელი მწერების გაჩენის შესახებ, ფოტოხაფანგებს შეუძლიათ ფერმერის ნაცვლად "დააკვირდნენ" მათ. სისტემა შედგება მაღალი გარჩევადობის ფოტოკამერის, ასევე ხაფანგისგან (ფერომონებით), რომელიც იზიდავს ტერიტორიაზე გავრცელებულ მწერებს, ფოტოკამერა კი ახერხებს სახეობების იდენტიფიცირებას, მომხმარებელს აწვდის სურათებსა და გრაფებს და განსაზღვრავს, თუ რამდენი მწერი დააფიქსირა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ეს ეხმარება აგრონომს, გააანალიზოს, რამდენად სწრაფად მრავლდებიან მავნებლები და საჭიროა თუ არა პესტიციდების გამოყენება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის, მემორანდუმის მიხედვით, კომპანია CVIG მომხმარებლებს დაეხმარება, წინასწარ გაზომონ და განსაზღვრონ, კონკრეტული ფართობის მიხედვით, როგორი სიმძლავრის მეტეოსადგური დასჭირდებათ, მიიღონ ზოგადი აგრონომიული რეკომენდაციები, ასევე ინფორმაცია და რჩევები სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და შეძლონ მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია. რაც მთავარია, კომპანია ფერმერებს პროექტის მონიტორინგშიც დაეხმარება.
"ჩვენ ბაზარზე 2017 წლიდან ვართ, თუმცა სისტემებზე მოთხოვნა 2020 წლიდან გაიზარდა. ჩვენი დაკვირვებით, იმ კომპანიებმა თუ ინდივიდებმა, რომლებიც მეურნეობას ამ სისტემის დახმარებით უძღვებიან, უკვე მოახერხეს საირიგაციო სისტემის დახვეწა. სისტემამ ჩაანაცვლა დამატებითი ფიზიკური ძალა და ბევრად შეამცირა აგრონომების ბაღის ტერიატორიაზე ფიზიკური ვიზიტის რაოდენობა. რაც მთავარია, მათ ნარგავები იდეალურ გარემოში აქვთ, შეამცირეს ქიმიკატების გამოყენება, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ხარისხზე, მოსავლიანობასა და ფინანსებზე”, — ამბობს ირაკლი ერაძე, კომპანია CVIG -ის მმართველი პარტნიორი.
აღსანიშნავია, რომ EnviroMonitor სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მევენახეობა/მებაღეობისათვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის. ასე რომ, დროა, ტექნოლოგიების დახმარებით მართოთ თქვენი მეურნეობა და უწყვეტ რეჟიმში ადევნოთ თვალი თქვენი მცენარეების განვითარებას.
მცირე მეტეოსადგურების სისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი აქ.