ბიზნეს სიახლეები
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებადი აგრობიზნესი
ბიზნეს ბლოგი
25 მაისი 2021
visibility 2369

კლიმატი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ჰაერის და წყლის ტემპერატურა, ტენიანობა, ჟანგბადის კონცენტრაცია და მზის გამოსხივება, არამარტო სიცოცხლეს ინარჩუნებს დედამიწაზე, არამედ ჩვენს ხასიათსა და ყოველდღიურებას, ჩვენს საქმიანობას განსაზღვრავს. თუკი მოულოდნელად, საქართველოს კლიმატს მიჩვეული ადამიანები, აღმოვჩნდებით რადიკალურად განსხვავებულ ზონაში, ჩვენი ჩვეული ცხოვრება ასევე რადიკალურად შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ასეთი მოულოდნელი არასოდეს იქნება, ბოლო დროის მოვლენები ცხადყოფს, რომ ცვლილებები, რომლებსაც კლიმატი განიცდის, მოსალოდნელზე სწრაფად ხდება. გვალვები და ჭარბი წვიმა, მეწყერები, წყალდიდობები და სხვა ექსტრემალური ამინდები მეტად გახშირებულია.  შედეგად კი ვიღებთ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ზარალს, რომელიც რიგ შემთხვევაში შეუქცევადია. 

ცვლილებას ერთ დღეში ვერ შევაჩერებთ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია (1) მისი შენელება და (2) მომხდარის მიმართ ადაპტირება.

კლიმატის ცვლილება ეკონომიკის  ინდუსტრიების უმეტეს ნაწილზე (მშენებლობა, ტურიზმი, წარმოება) ახდენს გავლენას, თუმცა ყველაზე დაუცველი სოფლის მეურნეობაა. მისი შეუფერხებლად მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის 42% სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ნაბიჯები სოფლის მეურნეობის სექტორის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, როგორიცაა:

  1. გვალვაზე, წყალდიდობებსა და სოფლის მეურნეობაში სხვა უკიდურეს მოვლენებზე სწრაფი რეაგირების გეგმების მომზადება და განხორციელება;
  2. ირიგაციის მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა და წყლის გამოყენება და სხვა

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი არის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

აღნიშნული სტრატეგია ცხადყოფს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას გაკრვეული დრო და რესურსი მოხმარდება, თუმცა ბიზნესებს, უკვე დღეს შეუძლიათ იმ ზომებს გაეცნონ, რომლებიც მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს, ცვლილებისადმი მდგრადს და შემოსავლიანს გახდის. 

ცნობილი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს. კლიმატის ცვლილების შედეგად წყლის ხელმისაწვდომობის მწვავე პრობლემების გაჩენის გამო, ძალზე მნიშვნელოვანი გახდა ამ რესურსის ეფექტურად გამოყენების ზომების განხილვა. ერთ-ერთი ასეთი ზომა წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებაა. ტრადიციულ სარწყავ სისტემებს, როგორიცაა დატბორვა, შედარებით დაბალი ეფექტურობა აქვთ. გარდა ამისა, ისინი აჩქარებენ ნიადაგის ეროზიასა და განადგურებას, ხელს უწყობენ მდინარეებისა და ტბების სასუქებითა და პესტიციდებით გაჟღენთვას და მათ დაბინძურებას. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო "დამბინძურებელი იხდის" პრინციპი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი, თანამედროვე სარწყავი სისტემის დანერგვა, არა მხოლოდ მოსავლის ეფექტურად მორწყვის, არამედ ბიზნესში ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების საშუალება გახდა. ტრადიციულ სარწყავებთან შედარებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემა 95% ეფექტურობას სთავაზობს ბიზნესს. მისი დანერგვის შედეგად, წყლის გამოყენება 20-60%-მდე იკლებს, პესტიციდებისა და სასუქების განაწილება კი უფრო თანაბარი და რეგულირებადი ხდება. ამასთან, სისტემა იმდენად მოქნილია, რომ მისი მორგება ნებისმიერ კულტურაზე, სარწყავ მანძილებსა და ნაკვეთის რელიეფზე შეიძლება. 

ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად კიდევ ერთი გზა მინიმალური ან ნულოვანი დამუშავების სახნავ-სათესების გამოყენებაა, რომლებიც მიწაზე მანიპულაციის შემცირების ხარჯზე, მასში ორგანული ნივთიერებების ზრდას უწყობენ ხელს. შედეგად უმჯობესდება მოსავალის ხარისხი და იმატებს ბიზნესის სეზონური შემოსავალი.

ეს და მრავალი სხვა ტექნოლოგია, როგორებიცაა სათბურები, წვიმის წყლის შეგროვების ავზები, ნიადაგსაღრმავებლები, გამაფხვიერებლები უკვე ხელმისაწვდომია აგროსფეროში დასაქმებული ბიზნესებისთვის. მათი გამოყენებით შესაძლებელია არამარტო მოკლევადიანი ეფექტის მიღება, როგორიცაა ხარჯების შემცირება, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, არამედ გრძელვადიანის, როგორიცაა ბიზნესის მდგრადობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირება. 

თუკი თქვენ გაინტერესებთ აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი სხვა ტექნოლოგიები, ან ფიქრობთ მათ გამოყენებას თქვენს ბიზნესში, დაესწარით თიბისისა და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ონლაინ ტრენინგს “კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებადი აგრობიზნესი”, რომელიც 31 მაისს, 12:00 საათზე ჩატარდება. ტრენინგის განმავლობაში პროგრამის ექსპერტი, ანდრო ბუთხუზი, კლიმატის ცვლილების ფენომენზე, მასთან ადაპტირების აუცილებლობასა და შესაბამის ტექნოლოგიებზე მოგიყვებათ. 

 

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.