ბიზნეს სიახლეები
თიბისი კაპიტალის მეშვეობით, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა 30 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალი
01 აპრილი 2022
visibility 3831



ნიდერლანდების განვითარების ბანკმა - FMO, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 30 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. განთავსება იურიდიული კომპანიის - MKD Law კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია. 

 

ემისია სრულად „ტერაბანკმა“ შეიძინა. აღნიშნული ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. აღსანიშნავია, რომ მოზიდული ფინანსები ძირითადად ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტის - მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და  ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება. 

 

აღნიშნული ტრანზაქციით FMO აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერასა და ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას. უკანასკნელად FMO-მ ადგილობრივი, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაცია 2021 წელს, თიბისი კაპიტალის მეშვეობით განათავსა. ემისია სრულად „ტერაბანკმა“ შეიძინა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისაკენ. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის - „ტერაბანკისთვის“, ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. ის, რომ აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში „ტერაბანკის“ მრჩეველი და პარტნიორი ჩვენ ვიყავით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამყარებს თიბისი კაპიტალის მიმართ არსებულ ნდობას ადგილობრივ საინვესტიციო და ფინანსურ ბაზრებზე“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

„გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეხუთე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში განთავსება სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან - დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე”, - მათიჯს პინხტერენი, FMO-ს ხაზინადარი.

 

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან - ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან. ამ რესურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერაბანკის საკრედიტო საქმიანობის გაფართოებისა და მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების გაუმჯობესებისთვის. თიბისი კაპიტალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი ტრანზაქციების წარმატებით განხორციელებაში“, - ტერაბანკის ფინანსური დირექტორი სოფიო ჯუღელი.