ბიზნეს სიახლეები
ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
ბიზნეს ბლოგი
26 სექტემბერი 2022
visibility 2504

ამ ორიოდე კვირი წინ ბათუმმა კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი თიბისისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა და მან დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს მოუყარა თავი. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.



„მოხარული ვართ, რომ თიბისის და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ნაყოფიერი თანამშროლობის შედეგად ჩვენ ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება ჩავატარეთ. ფორუმზე შევკრიბეთ კენკროვანი კულტურების სექტორში მომუშავე მეწარმეები და დარგის ექსპერტები, მათ შორის, მსოფლიოს 5 ქვეყნიდან, რამაც მოგვცა საშუალება სექტორის საფუძვლიანი ანალიზი გაგვეკეთებინა. გავაანალიზეთ თუ რა გზა გაიარა კენკროვანი კულტურების სექტორმა საქართველოში და როგორ უნდა განვითარდეს ის მომავალში, რომ უკეთესი შედეგები მივიღოთ,“ - ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის  ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით. 


„საქართველოში მზარდ კენკრის ბიზნესს ბევრი გამოწვევა აქვს - მასშტაბის ზრდასთან ერთად დგება ბაზრის  მოძიების, ტრანსპორტირების და შენახვის პირობების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კენკროვანი კულტურების ფორუმზე მწარმოებლებმა მიიღეს ბოლო ინფორმაცია როგორც გაყიდვების ბაზრებზე და ამისთვის საჭირო ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაზე, ასევე დაფინანსების შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გასცდა დედაქალაქის ფარგლებს და გაიმართა ქვეყნის კენკროვანი კულტურის მწარმოებელ რეგიონთან ახლოს,“ - კატერინა პობერეჟნა, EBRD-ის აგრობიზნესში პროექტების ადმინისტრატორი.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე,  კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე. 



„საქართველოში კენკროვანი კულტურების სექტორი არის ახალგაზრდა,  მზარდი და მას აქვს დიდი საექსპორტო პოტენციალი. მსგავსი დისკუსიები, სადაც იმსჯელებენ საერთაშორისო პრაქტიკაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და გაცვლიან ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისთვის. ფორუმზე მოვისმინეთ ინფორმაცია საჯარო სექტორის მხრიდან, რომელსაც დიდი როლი აქვს საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარებაში, რა ეტაპზეა ამჟამად, რა გამოწვევები წინაშე დგას ეს დარგი და ა.შ. 

სამომავლოდ ჩვენი ძირითადი ამოცანაა მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიცირება და უკეთესად გავმართოთ ლოჯისტიკა, უზრუნველვყოთ ცივი ჯაჭვის პრინციპების დაცვა და საჰაერო გადაზიდვები. გამოვიყენოთ გეოგრაფიული უპირატესობა, რაც გვაქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ  მაღალმარჟიანი ბაზრები,“ - ლუიზა ნამიჩეიშვილი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი. 



„პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ეს იყო მაღალი ხარისხის ფორუმი, სადაც ერთამენეთს გავუზიარეთ ცოდნა და გამოცდილება,  მოვუსმინეთ ერთმანეთს და დავსვით კითხვები. ჩვენ ვიმსჯელეთ კენროვანი კულტურების, განსაკუთრებით კი ლურჯი მოცვისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა  და უცხოელი პარტნიორების მოძიებაზე. ამჟამად საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურების დიდი ნაწილი რუსეთის ბაზარზე გადის, რაც გრძელ ვადაში შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომ მწარმოებლებს დროულად სჭირდებათ ბაზრების დივერსიფიცირების   სტრატეგია,“ - გიორგი გუდაბანძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი. 

ბაზრების დივერსიფიცირების  აქტუალურ საკითხთან ერთად, მონაწილეებმა განიხილეს ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.  ასევე, ფორუმის მონაწილეები კენკროვანი კულტურების დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე. 

 


„მსგავს შეკრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს დარგის განვითარებისთვის, რადგან სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთი გავიცანით და ჩვენი გამოცდილება და ცონდა ერთმანეთს გავუზიარეთ,“ - ზურაბ ალავიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროსთორის“ დირექტორი.



“ძალიან საინტერესო დატვირთული ფორუმი იყო, რომელზეც განვიხილეთ ის   საჭიროებები და გამოწვევები, რაც  კენკროვან კულტურების გაშენებასთან, მოყვანასა და რეალიზაციასთან არის დაკავშირებული საქართველოში. გარდა ამისა, იდეების და სიახლეების გაცვლა კოლეგებთან და პარტნიორებთან ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომაც ეს ფორუმი მნიშვნელოვანი იყო ნეთვორქინგის კუთხითაც,“ - მამია ჯანაშია, „ბლუბერის“ დირექტორი. 

ფორუმზე შეკრებილებმა განიხილეს ის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის  კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის, პოზიციების გაძლიერებას. 

კენკროვანი კულტურების სექტორში ეს უკვე მეორე ფორუმია, რომელიც საქართველოში თიბისისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პარტნიორობით ჩატარდა.