ბიზნეს სიახლეები
ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სამუშაო სესიები ჩატარდა
ბიზნეს ბლოგი
30 იანვარი 2023
visibility 5561



25-26 იანვარს ბათუმში, თიბისის სათავო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართა.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება, თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობით ახორციელებს.  პროექტი USAID - ის პროგრამის BIZLink-ის მეთოდოლოგიით წარიმართა. 

პროექტის ბენეფიციარები 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ  სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, სერვისები და სხვ. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა თავიანთ საწარმოებზე მორგებული ტექნიკური დახმარება მიიღეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა  ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესება, ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა/გაუმჯობესება და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ფინანსური ანგარიშგებების შემუშავება და გაუმჯობესება.

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ პროექტი „ბიზ-ლინკი “Goldman Sachs-ის პროგრამის, „10.000 მცირე ბიზნესი“, მეთოდოლოგიის საფუძველზე შეიმუშავა. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეები იღებენ საკონსულტაციო სერვისების როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების საშუალებით. ჯგუფურ შეხვედრებზე, მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა ფართოდ გაეცნონ მათთვის საინტერესო თემატიკას (ამ შემთხვევაში, ბიზნესის სტრატეგიული განვითარება და ზრდა) და სამუშაო რეჟიმში განიხილონ როგორ შეუძლიათ ახალი მიდგომების დანერგვა ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ფინანსური მართვა, მარკეტინგული პოზიციონირება, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ. აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს მეწარმეებს გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პროფესიონალ ბიზნეს მრჩევლებთან/კონსულტანტებთან, ასევე გამართონ აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია ერთმანეთში,“ – რატი ანჯაფარიძე, ბიზნესის განვითრების სერვისების ხელმძღვანელი, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 

 

პროექტი  3 ეტაპისგან შედგება - ჯგუფური ვორქშოფი, ინდივიდუალური კონსულტაციები და 5 კვირიანი პროგრამა 10 შერჩეული კომპანიისთვის.  სესიების ბოლო დღეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაეთმო, რომლის ფარგლებში ბიზნესებმა Savvy Consulting-ის წარმომადგენლებთან ერთად თავიანთი განვითარების პერსპექტივები შეაფასეს და მიიღეს  რჩევები და რეკომენდაციები. 

„ბათუმში თიბისის, USAID-ისა და Savvy - ს პარტნიორობით ჩატარებული სამუშაო სესიები იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომ ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიისგან მიეღო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური სერვისები. პროექტის ფარგლებში, კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი სამომავლო მიზნები უკეთ ჩამოეყალიბებინათ და Savvy Consulting-ის დახმარებით დაესახათ ზუსტი სამოქმედო გეგმები,“ -  ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის სერვის ექსპერტი.

„პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა ჯგუფურ ვორქშოფს, ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის სტრატეგიულად მართვა და აქედან გამომდინარე, სტრატეგიის შემუშავება კომპანიისთვის. კიდევ ერთი განსახილველი საკითხი შეეხებოდა ფინანსურ ანალიტიკას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ეკოსისტემის მიმოხილვას,  რათა შეგვექმნა ერთიანი სურათი, თუ რა ინსტრუმენტები არსებობს და როგორ უნდა იმუშაოს ბიზნესმა ფინანსურ ინსტიტუტებსა და ინვესტორებთან,“ - მარიამ ქოიავა Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი. 

პროექტის მესამე ეტაპზე, რომელიც დაგეგმილია თებერვალში,  Savvy Consulting-ის ექსპერტები შერჩეულ კომპანიებში ინდივიდუალურად იმუშავებენ, რათა გამჭირვალე და მყარად ანალიტიკური ფინანსური ანგარიშგება შეიმუშაონ, იმისათვის რომ ბიზნესებმა სწორად შეაფასონ თავიანთი ფინანსური შედეგები და გამოავლინონ, რომელი ფინანსური რესურსი ესაჭიროებათ განვითარებისთვის. 5 კვირიანი პროგრამის ფარგლებში კომპანიების მხარდაჭერა მოიცავს ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმების და ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას. შედეგად, კომპანიებს შეეძლებათ მარტივი და ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები ფორმებით მოამზადონ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები.