ბიზნეს სიახლეები
DODO Designs x Ska Juice Bar, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი
ბიზნეს ბლოგი
02 ნოემბერი 2021
visibility 3672


© Forbes Woman Georgia


 გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის:

 

DODO Designs ქართული დიზაინ სტუდიაა, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების მხატვრულ გაფორმებაზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან დამფუძნებლებმა დოდო და თაკო ჩხეიძეებმა სტუდია დაარეგისტრირეს როგორც კომპანია, 2020 წელს კი შვილობილი კომპანიაც დაიმატეს.

 

ყველაფერი, რაც DODO Designs-ის მიერ კეთდება დიზაინის სფეროს გულწრფელ სიყვარულზე და იმ ძალისხმევაზეა დაფუძნებული, რომ თითოულ ნამუშევარს თავისი კონცეფცია ჰქონდეს, მოიტანოს ემოციები და იყოს გამორჩეული. მრავალპროფილიანი დიზაინ მომსახურება და შესაძლებლობების ფართო სპექტრი კიდევ უფრო ამარტივებს სტუდიასთან თანამშრომლობას, მითუმეტეს როცა საქმე დიდ პროექტებს ეხება.

 

კომპანიის პორტფოლიოში ბევრ ისეთ პროექტს შეხვდებით, რომელსაც თქვენთვის სხვადასხვა დროს მოუჭრია თვალი: ყვავილების პავილიონები ორბელიანის მოედანზე, საახალწლო დეკორაციები გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, მანათობელი გულის ინსტალაცია „გალერეა თბილისისთვის“... მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან კი გამორჩეულია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.

 

პროექტების გრძელი სიიდან კი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი და შედეგიანი გამოდგა DODO Designs-ის და Ska Juice Bar-ის თანამშრომლობა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს და წარმატებული მარათონს ჰგავს. ჯანსაღი, ენერგიული და ნათელი Ska Juice Bar-ები ძალიან სწრაფად მრავლდება თბილისის ქუჩებში და ყოველი ახალი ბარის ინტერიერზე სწორედ DODO Designs მუშაობს, რომლის მიზაინია ერთი მხრივ დიზაინში თარგმნოს სკას კონცეფცია ყველა ახალი ბარისთვის და მეორე მხრივ შეინარჩუნოს ცალკეული ობიექტების ავთენტურობა.

 

„ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზდიველი, საინტერესო გარემო, რომ მომხმარებლისთვის ჯანსაღი კვება კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ბრენდის ღირებულებებიდან და ჩვენი მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ვითავლისწინებთ ობიექტების ადგილმდებარეობას, მათ ისტორიას, მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელობას და სტილისტიკას. საინტერესო გამოწვევაა შევქმნათ თითოეული სივრცის ინტერიერი ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ისე, რომ ქსელის მთავარი ვიზუალური კონცეპტი არ დაიკარგოს, რაც სკასთანთანამშრომლობის საწყის ეტაპზე მოვიფიქრეთ.“

 

პარტნიორობის ისტორია მარტივად დაიწყო: ახალგზარდა ბიზნესის ასევე ახალგაზრდა დამფუძნებლებმა პირველი ორი ობიექტის გახსნის შემდეგ DODO Designs-ს მიმართეს. სტუდიისთვის პროექტი იმთავითვე საინტერესო აღმოჩნდა Ska Juice Bar-ის კონცეფციიდან და მისი მიზნებიდან გამომდინარე. 

 

„ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს კოლაბორაცია, რადგან თვითონ Ska Juice Bar აღმოჩნდა წარმატებული პროექტი. ქსელზე მუშაობა საინტერესოა როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე ფინანსურადაც. ფაქტიურად 3 თვეში ერთხელ ახალ ობიექტს ვხსნით და თან თითქოს არც უჩანს ბოლო. ყველა ლოკაცია სხვადასხვა დიზაინს გვკარნახობს და ეს ძალიან მოგვწონს, რადგან ვცდილობთ, რომ ვიზრუნოთ არა მხოლოდ ესთეტიურ ნაწილზე, არამედ ჩვენი ნამუშევარი პასუხობდეს ბიზნესის მიზნებსაც, რომ ირიბად თუ პირდაპირად ხელი შევუწყოთ გაყიდვების ზრდას“.

 

ახლა, თანამშრომლობა უკვე ისე სისტემურადაა აწყობილი, რომ მინამალური დრო იხარჯება შეხვედრებსა და ოპერაციულ საკითხებში. გარდა იმისა, რომ პროექტზე ორივე კომპანიას ერთიანი ხედვა აქვს, მყარი პარტნიორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროფესიულმა ნდობამ, რომელმაც  დიზაინ სტუდიას მისცა საშუალება ყველა ჯერზე გამოეყენებინა კრეატიული რესურსი, საერთო სტანდარტის შენარჩუნებასთან თანხვედრაში. 


 

„მას შემდეგ რაც ერთმანეთი კარგად გავიცანით, Ska Juice Bar-ში უკვე აღარ ღელავენ ხოლმე ახალი ობიექტის დიზაინზე და ეს ძალიან კომფორტულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ბუნებრივია ყოველი ახალი დამკვეთი ღელავს შედეგზე. ამ შემთხვევაში კი ძალიან ვენდობით ერთმანეთს, ვიცით ერთმანეთის გემოვნებაც, დამოკიდებულებაც საქმის მიმართ. პირველი 2-3 პროექტის მერე ვსხდებოდით და განვიხილავდით ნამუშევარს, ერთმანეთს ვუზიარებდით პროექტის მინუსებს და პლუსებს, შენიშვნებსაც ვაძლევდით და ვმსჯელობდით როგორ შეიძლებოდა კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობა გვქონოდა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ეტაპის გავლის დამსახურებით, ახლა ბევრად დახვეწილია ჩვენი პარტნიორობა და ბევრად უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ მიდის კოლაბორაცია. ეს დიდი უპირატესობა აქვს სისტემატიურობას.“

 

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინ სტუდიას პირდაპირი კავშირი არ აქვს პარტნიორის მომხმარებლებთან, ისინი სამუშაო პროცესში აუცილებლად ითვალისწინებენ მათ „ ირიბ“ დამკვეთებს, ადამიანებს რომლებიც ყოველდღიურად შედიან ფერად ბარებში და უყვარდებათ Ska Juice Bar. 

 

“ახალგაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული მომხმარებელი, რომელიც სკას ყავს, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც სამიზნე სეგმენტი. ეს ადამიანები სულ რაღაც სიახლეს ეძებენ, იზრდებიან და ვითარდებიან, შესაბამისად ჩვენც ყოველ ჯერზე ვფიქრობთ რა შეიძლება შევთავაზოთ ამ აუდიტორიას, რაც  მიმზიდველი იქნება მათთვის. ასე სამუშაო პროცესიც უფრო სახალისოა.“

 

სისტემატიურმა მუშაობამ და მრავალჯერადმა კოლაბორაციამ დროში გამოსცადა ეს პროექტი და ორივე მხარე წარმოაჩინა, როგორც საიმედო, დასაყრდენი კომპანია, რომელის გრძელვადიან, მყარ ურთიერთობებს აყალიბებს, ახერხებს პროცესების ოპტიმიზაციას და მუშაობს როგორც ერთი გუნდი, სადაც ყველამ იცის რა არის საკუთარი ძლიერი მხარე. Ska Juice Bar-ის და DODO Designs-ის პარტნიორობა, შეიძლება ითქვას, “ბენჩმარკი” გახდა სხვა კომპანიებისთვისაც და გამოჩნდნენ ისეთი ახალი დამკვეთებიც, რომლებმაც ამ პროექტის საფუძველზე მიმართეს დიზაინ სტუდიას. 

 

საქმის ასეთმა განვითარებამ გადააწყვეტინა კომპანიებს ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი; კოლაბორაციის, რომელიც არა მხოლოდ თავად შედგა, არამედ ახალი გზებიც გახსნა, დააჩქარა განვითარების ტემპი და გააზიარა ფერადი ენერგიები.