ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
ბიზნეს ბლოგი
26 ოქტომბერი 2021
visibility 6103


ბებიას


„ბებიას“ არის ბრენდი, რომლის საქმიანობის ფარგელბში ბებიები ქსოვენ 100%-ით ნატურალური ქართულ შალის ქუდებსა და სხვა აქსესუარებს. ერთის მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალება ეძლევათ შემოსავალი საყვარელი ხელსაქმიდან მიიღონ, ხოლო, მეორე მხრივ, იწარმოება მაღალი ხარისხის, თბილი და ეკომეგობრული პროდუქტი. კომპანიის მისია ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაა. ამ საქმით კომპანიას თავისი მცირე წვლილი შეაქვს ისეთი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნა, გარემოს დაცვა და ქართული წარმოების განვითარება. კომპანიამ, 2019 წლიდან დღემდე, 20-მდე მქსოველი ბებია დაასაქმა და ხელფასის სახით 15000-მდე ლარი გასცა. ხოლო, 2021 წლის ბოლომდე, იგეგმება კიდევ 1000 ქუდის დამზადება. კომპანია გაწევრინებულია სოციალური საწარმოთა ალიანსში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაში. 



 



დასი


„დასი“ ცეკვის შესწავლის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ქვეყნის წამყვან მოცეკვავეებს აერთიანებს. Სერვისის ყოველთვიური გამოწერის საფასური – 25 ლარია, რომლის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს ულიმიტო წვდომა აქვს „დასის“ ყველა ვიდეოგაკვეთილზე. ქართული ცეკვების ვიდეოგაკვეთილები ჩაწერილია თეა დარჩიას მიერ, ლათინო-ამერიკულის –  სალომე ჭაჭუას, ხოლო ჰიპ-ჰოპის – Twincity dance studio-ს მიერ.

„დასის“ პლატფორმის წამყვანი ინსტრუქტორისა და ერთ-ერთი მოცეკვავის – თეა დარჩიას საავტორო საცეკვაო პროგრამა ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი „დასის“ პლატფორმაზე. გარდა ამისა, ყველა ვიდეოგაკვეთილი ატვირთულია უმაღლესი ხარისხითა და მომხმარებლზე მორგებული სტილით. პლატფორმას საკუთარი ვიდეოფლეიერი და ბიბლიოთეკა აქვს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ აკონტროლოს ვიდეოგაკვეთილის სიჩქარის ტემპი, აირჩიოს ხარისხი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, ეკრანი შემოატრიალოს სარკისებურად. პლატფორმაზე განთასვებული ყველა ვიდეოგაკვეთილი მალევე იქნება ხელმისაწვდომი რუსულ და ინგლისურ ენებზე, რაც დასის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, რომ პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ.


 

 



დღე პირველი


კომპანიის – „დღე პირველი“ – მისიაა თამაშდამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. კომპანიამ 2021 წელს შეძლო პლატფორმის შექმნა, რომელიც პილოტურ რეჟიმში მუშაობს და თამაშდამოკიდებულებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. წლის ბოლოსთვის პროექტის სრული ვერსიის ონლაინ სივრცეში ჩაშვება იგეგმება. ასევე, კომპანიამ მოიპოვა „ჯიტას“ მიერ გამოცხადებული 100,000-ლარიანი გრანტი, რაც არის იმის გარანტი,  რომ პორტალი სრულფასოვნად იმუშავებს თამაშდამოკიდებულებსა და მათ ოჯახის წევრებთან. ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს ონლაინ სამორინეებში რეგისტრირებულია 1,000,000 უნიკალური ანგარიში, აგრეთვე, დასტურდება, რომ ანგარიშების მინიმუმ 30% აქტიურია, რაც ადიქციის არსებობაზე ავტომატურად მიუთითებს. „დღე პირველი-ს“ სერვისით სარგებლობა ფასიანი, თუმცა ხელმისაწვდომია და მერყეობს 10-დან 150-ლარამდე, შერჩეული ნაკრების მიხედვით. პროექტის პარტნიორია „ააიპ აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“, რომელიც იმ ლუდომანებისთვის იზრუნებს საჭირო სახსრების მოძიებაზე, ვისაც სარეაბილიტაციო თერაპიის კურსის გასავლელად ფინანსური საშუალება თავად არ აქვს.



 



ბიზნესისა და წარმატების აკადემია SDS


ბიზნესისა და წარმატების აკადემია SDS ეკოლოგიის გაუმჯობესების საკითხებში კონკრეტული ქმედებებითაა ჩაბმული. კომპანიის საქმიანობა ხელს უწყობს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. კომპანიას მიღებული აქვს დაფინანსება საწარმოო სეგმენტში, სატვირთო ავტომობილების საბურავების აღდგენა-გადაკვრის სფეროში. საწარმოს საქმიანობა ემსახურება გარემოში მავნე და მომწამლავი ნივთიერებების შემცირებას, ჰაერის დაბინძურების შემცირებას, საბურავების ნაგავსაყრელზე განთავსების პრობლემის მოგვარებას. დღესდღეობით, კომპანია ბაზრის 3%-ს იკავებს და განვითარების დიდი პერსპექტივით გამოირჩევა.


 



ბალტო


ვეტერინარული კლინიკა „ბალტო“ თბილისის მასშტაბით ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც პაციენტებს შეუძლიათ 24-საათიანი გადაუდებელი დახმარებით ისარგებლონ. გარდა ამისა, კლინიკა ჩართულია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისა და რეგულირების საკითხში. კლინიკა უყურადღებოდ მიტოვებულ, არარეგულირებად სფეროს ემსახურება, მუშაობს რთულ პირობებში და უმეტესწილად,  პერსონალის ქმედება და თავდადება სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის, ალტრუიზმისა და ტოლერანტობის საფუძველზე ინიცირდება.



 



კანუდოსელი


„კანუდოსელი“ იურიდიული ფირმაა, რომლის იურისტები სრულიად უსასყიდლოდ იცავენ ადამიანთა უფლებებსა თუ ინტერესებს და მათი მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ იურიდიული კონსულტაციით, არამედ სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ მომსახურებას მოიცავს. უსასყიდლოდ გაწეული სრული იურიდიული მომსახურება გულისხმობს იურიდიულ კონსულტაციას, წარმომადგენლობას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში.



 



TeamBuilding.ge


TeamBuilding.ge-ის გუნდი შედგება პროფესიონალი მწვრთნელების, მსახიობების, ანიმატორების, მომღერლების, მოცეკვავეების, გიდებისა და თამაშების ექსპერტებისგან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროებში. ყოველი „თიმბილდინგ“ აქტივობის შემუშავება საერთაშორისო ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, კომპანიის თამაშების ლაბორატორიაში ხდება. ამოცანები ყოველთვის კლიენტის ინფორმაციის, სიმბოლიკისა და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით მუშავდება. აქტივობები სახალისო და სავსეა მოულოდნელობებით. TeamBuilding.ge-ის საქმიანობა ზოგადსაკაცობრიო, სოციალურ და გარემოსდაცვით ღირებულებებს ეფუძნება და შესაბამისად, ნერგავს საზოგადოებისა და გარემოსადმი მეგობრულ საქმიანობას. გუნდის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ყოველთვის გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ხდება. Კომპანიის გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივების დასაქმებას, განსაკუთრებით ზრუნავს და ყურადღებას აქცევს  ახალგაზრდების ჩართულობას. ასევე, გუნდი უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული მომსახურებისა და პროდუქციის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივთა დასაქმებასა და ეკონომიკის განვითარებას.

 



ტუტი


„ტუტი“ არის პირველი მაღალკვალიფიციური კომპანია, რომელმაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად პროგრამა შეიმუშავა. კერძოდ, 2017 წელს რეგიონში პირველმა განახორციელა პროგრამა: PTI პროცესის და შედეგების გაციფრულება, შენახვა, სახელმწიფო ორგანოებისთვის PTI შედეგების მიწოდება, მათ შორის, გზაზე არსებული ჭკვიანი კამერებისთვის. ეს უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგისა და სტატისტიკის წარმოებას. კომპანიის ბაზაზე შექმნილია ვებგვერდი pti.ge რომელიც საზოგადოებისთვის PTI ვადის, ვიზიტის დაჯავშნის, ინსპექტირების სმს შეხსენეას უზრუნველყოფს. პროგრამამ ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებების აღსრულებას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას, საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოებას და სხვა.



 



რინგო


„რინგო“ ძაღლის ფეკალიების ასაღებად ხელნაკეთ ქისებს ბიოდეგრადირებადი, ერთჯერადი პარკებით აწარმოებს. „რინგო“ იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი საქართველოში, რომელმაც დასაბამიდანვე უარი თქვა პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე. „რინგოს“ პარკები მიწასთან ურთიერთქმედებისას იხრწნება და არ აზიანებს ეკოსისტემას. „რინგოს“, როგორც ბრენდის, შექმნის შთაგონების წყარო იყო შემდეგი სიტყვები: "Be the Change You Want to See in the World".  ბრენდის დევიზია: „დიახ, რაც არ მოგ(ვ)წონს და გ(ვ)აწუხებს, ავდგეთ და ჩვენ თვითონ შევეცადოთ შევცვალოთ, შევეცადოთ გავხადოთ გარემო უკეთესი!“. „რინგოს“ მისიაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაა.

2017 წელს, ძაღლის პატრონების უმრავლესობა არ ფლობდა არც ინფორმაციას და არც კულტურას აეღოთ თავიანთი ძაღლის ფეკალიები ქუჩიდან და არ დაეტოვებინათ ისინი. „რინგომ“, თავისი პრაქტიკული და საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის შექმნის გარდა, თავის მომხმარებელს ერთგვარი „სტატუსი“ მიანიჭა – სამაგალითო მოქალაქე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: იყო „რინგოს“ მომხმარებელი (რინგოს კლუბის წევრი) ნიშნავს იყო სამაგალითო მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.





მაი ნენი 


„მაი ნენი“ პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბავშვზე ზრუნვის საკითხებში მშობლების დასახმარებლად შეიქმნა. პლატფორმის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. „მაი ნენი“ ქალების გაძლერებისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან უამრავ ქალს გაუხსნა გზა საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზებისაკენ. ამასთან ერთად, „მაი ნენიმ“ ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობები გააჩინა – სტუდენტებს საშუალება მისცა დროებითი ძიძის ან ტუტორის როლი სწავლასთან მარტივად შეეთავსებინათ. „მაი ნენი“ პირდაპირ გავლენას ახდენს ქალების გაძლიერებაზე, ბავშვების განვითარებისა და განათლების პირობების გაუმჯობესებაზე, სტუდენტების დასაქმებაზე.



 



Et Cetera...


2020 წლის მარტიდან, პანდემიის გამო, ბავშვთა და მოზარდთა თეატრსტუდია „Et Cetera...“ სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და შესაბამისად, სტუდიის პროექტების განსახორციელებლად საჭირო გახდა ახალი მეთოდებისა და ფორმების მოძიება. პირველი ონლაინ-სემესტრის შედეგად (მარტი-ივნისი 2020), სტუდიამ Zoom-ში 3 სხვადასხვა სპექტაკლი დადგა. 2020 წლის სექტმბრიდან თეატრსტუდიამ სამუყვარულო ფილმების გადაღება დაიწყო.  2021 წელს, „Et Cetera…-მ“ მსოფლიოს მასშტაბით 5 სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 



 



ავტოტესტი


„ავტოტესტი“ ავტოტრანსპორტის ტექინსპექტირების პირველი ქართულ-გერმანული ბრენდია, რომელიც მძღოლებს საკუთარი თავისა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებაში ეხმარება. კომპანია ტექინსპექტირებას მაღალი კომპეტენციით, გამჭვირვალედ და ოპტიმალურ დროში ატარებს. Კომპანიის გუნდის წევრები საგანმანათლებლო კომუნიკაციით მძღოლებს ნათლად ანახებენ, თუ რა კონკრეტული შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზმა (განსაკუთრებით გამონაბოლქვმა) და ამ გზით. მომხმარებლებს ხარვეზის გამოსწორებისკენ უბიძგებენ. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, „ავტოტესტში“ გატარებულია 137000 ავტომობილი, მათ შორის, დახარვეზდა 50 000-მდე.




 



Medvisit Global


კომპანია Medvisit Global სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის მისიაა დაეხმაროს ადამიანებს არა მხოლოდ დასვენებასა და გაჯანსაღებაში, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაშიც. კომპანიის ძირითადი მიმართულება სუროგაცია და დონაციაა.  სუროგაცია-დონაციის მიმართულებით, კომპანია ერთ-ერთი პირველია არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის უმეტეს ნაწილში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს როგორც სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ასევე ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ზრდას. 


 




ტენე


კომპანია „ტენე“ საქართველოში 2021 წლიდან აწარმოებს მობილურის სატენ USB კაბელებს. კომპანიის მთავარი ღირებულება ეკომეგობრული წარმოების განვითარებაა. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში, კომპანიამ შემდეგი აქტივობები განახორციელა:


  • უარი თქვა კაბელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის პლასტმასის პოლიმერების (PE, PP) შემოტანაზე, რომლებიც დამატებით ზიანს მიაყენებდა გარემოს. ამის ნაცვლად, შემუშავდა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებაში მეორადი მოხმარების პლასტმასი გამოიყენონ (ძირითადად ბოთლის თავსახურები). 

  •  CO2-ის ემისიის შემცირების მიზნით,  წარმოება მთლიანად მზის ენერგიის პანელ კოეფიციენტებით გამომუშავებული ენერგიაზე გადავიდა.  

  • მოძველებული მიკროელექტრონული საქონლითა და ასევე USB კაბელებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად, კომპანია მოსახლეობისგან იბარებეს როგორც საკუთარი წარმოების, ასევე სხვა მწარმოებლების ამორტიზირებულ, უსარგებლო USB კაბელებს, მათი შემდგომი გადამუშავებისა და წარმოებაში ხელმეორედ გამოყენების მიზნით. 

  • მოსახლეობის სამეწარმეო უნარების განვითარებისა და  ეკოლოგიური პრობლემების მიმართ მათი  ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომპანია სისტემატურად ატარებს სოციალურ აქციებს, რის შედეგადაც, მოსახლეობა ეჩვევა ბოთლებისა და თავსახურების შეგროვებას, რის სანაცვლოდაც მათ საჩუქრად გადაეცემათ ამ მასალისგან დამზადებულ USB კაბელები. 

გარდა ამისა, მოხალისეებს საშუალება ეძლევა წარმოების პროცესში მიიღონ მონაწილეობა და დაეუფლონ ახალ ცოდნას.





წიგნების თაობა


საბავშვო ლიტერატურული კლუბი „წიგნების თაობა“ უკვე 5 წელია ბავშვებთან ერთად კითხულობს და განიხილავს წიგნებს. უკვე მეორე წელია, კლუბის ფილიალი ზესტაფონშიც გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში, 1000-მდე ბავშვთან მოეწყო შეხვედრა და მათთან ერთად საინტერესო წიგნების განხილვა შედგა. ყოველი წლის ბოლოს, კლუბი ლიტერატურულ ბანაკებს აწყობს.  კლუბის მიზანი საქართველოს ყველა ქალაქში „კარცერ-ლუქსების“ განთავსებაა, რათა ყველა ბავშვს შეეძლოს შესანიშნავი წიგნების წაკითხვა.






ფონ­დი „შენ­თვის“


ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი „შენ­თვის“ სულ 2 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ფონდი უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით შე­იქ­მნა. კლინიკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უშვილო ოჯახების დასახმარებლად, პროცედურების 50%-ს ფონდი აფინანსებს, უმწეო ოჯახებს კი სრულად უფინანსდებათ პროცედურები. ფონდის დახმარებით, 2 წლის განმავლობაში, 155 ბავშვი დაიბადა.




სქაიტელი


კომპანია „სქაიტელი“ მრავალი წელია ისეთ სოციალურ პროექტებს უჭერს მხარს, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე და ასევე, „სქაიტელს“, თავისი საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. 2020-2021 წლებში, მიუხედავად უამრავი სირთულისა, კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და არაერთ პროექტში შეძლო მონაწილეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის მიმართულებით სოციალურად დაუცველთათვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეული დახმარება. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, „სქაიტელი“ უზრუნველყოფს უსასყიდლო სერვისის მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტროს 70-მდე გადაუდებელი დახმარების ცენტრებისთვის. ასევე, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება მთელი საქართველოს მაშტაბით 1000 მრავალშვილიან ოჯახს, 18 თვით მიაწოდოს ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობს მათ განათლებასთან ხელმისაწვდომობას.


 



სისხლის ბანკი


„სისხლის ბანკი“ სისხლის დონაციასა და მის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწევა, ასევე ამზადებს სისხლის კომპონენტებს და საჭიროების მიხედვით აწვდის სამედიცინო დაწესებულებებს.  2021 წლის კოვიდ პანდემიის დროს, დაავადების დიდი რისკის მიუხედავად, კომპანიამ ჩაატარა სისხლის უანგარო დონაციის მრავალი აქცია, რამაც ხელი შეუწყო სისხლის დეფიციტის აღმოფხვრას. გუნდის წევრების  ყოველდღიური დაუღალავი შრომით,  კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს თითოეული სიცოცხლის გადარჩაში, არამარტო იმერეთის რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში.

 


ნეიროპილოტი


„Ნეიროპილოტი“ – შფოთვისა და დეპრესიის მართვის მობილური აპლიკაცია – ვირტუალური ფსიქოლოგი შექმნილია სპორტსმენებისთვის და უზრუნველყოფს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის (განწყობის, ფიქრისა და ქცევის) შეფასებას, პრევენციასა და მკურნალობას. სპორტსმენები ფიზიკური და ემოციური ტრავმის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი 35% ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს განიცდის, რაც განპირობებულია პროფესიონალური სპორტის დაძაბული კულტურით, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება, მაგალითად, როგორიცაა: კვებისა და ძილის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, სტრესი და ყურადღების დეფიციტი.