ბიზნეს სიახლეები
„კრაკენისა“ და „ევექსი კლინიკების“ კოლაბორაცია პანდემიასთან ბრძოლაში
ბიზნეს ბლოგი
21 ოქტომბერი 2021
visibility 4338



გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების მონაწილე კომპანია ნომინაციაში „საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის“:

„კრაკენი“ დიჯიტალური სააგენტოა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, გუნდში პროფესიონალი, მოტივირებული ადამიანების მოზიდვით, მომხმარებლის სურვილზე ორიენტირებულობითა და სიახლისკენ მუდმივი სწრაფვით ვითარდება.

სოციალური მედია, ბრენდინგი და პროდაქშენი „კრაკენის“ ძირითადი მიმართულებებია და ამ კუთხით, მომხმარებელი კომპანიის გუნდისგან სრულ მომსახურებას იღებს. 

კომპანია წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ნომინანტია. „კრაკენელები“ ფიქრობენ, რომ სწორედ ახლა დადგა დრო,  ხმამაღლა ისაუბრონ იმ კოლაბორაციის წარმატებაზე, რომელიც 2021 წელს „ევექსი კლინიკებთან“ ერთად განახორციელეს და თავიანთი გამოცდილების გაზიარების გზით გააცნონ თავი ადამიანებსა და სხვა კომპანიებს. 

„ჩვენი სურვილი იყო კამპანია „ამოისუნთქე“ გაგვეტანა თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე. პირველ რიგში, იმისათვის, რომ სხვებსაც გავუზიაროთ ეს წარმატება, შემდეგ იმიტომ, რომ ასეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იქნება მთელი გუნდისთის და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად ეს საუკეთესო გზად მიგვაჩნია. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც ამ კამპანიაში ჩართული იყო, ეს დიდი მოტივაცია იქნება. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ყველა დიდი საქმის უკან ადამიანები დგანან და სწორედ მათი რესურსი და ძალისხმევა აღწევს წარმატებას“ - ამბობს „კრაკენის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი, ნუკა მიხელიძე.  

„კრაკენი“ 2020 წლიდან  „ევექსი კლინიკების“ პარტნიორია. ეს თანამშრომლობა პანდემიამდე დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში შექმნილი კამპანიით - „ამოისუნთქე“  მათი პარტნიორობა მთელს ქვეყანას მოედო და საზოგადოებრივი ხასიათი მიიღო. 

„ვაქცინაციის კამპანიაზე ფიქრი, „ევექსთან“ ერთად, 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში დავიწყეთ, როცა პანდემიის მეოთხე ტალღის პიკში შევდიოდით.  ჩვენი მიზანი იყო ზუსტი მესიჯი მიგვეტანა ადამიანებამდე. ეს არ უნდა ყოფილიყო ნეგატივზე აგებული კამპანია, რომელიც შიშს აღძრავდა. უფრო დადებით ემოციებზე ორიენტირებული და მამოტივირებელი კამპანია იყო ჩანაფიქრში, რათა ადამიანებს აცრის სურვილი და მოტივაცია გასჩენოდათ. ვიმუშავეთ და შევჯერდით მთავარ გზავნილზე  - „ამოისუნთქე“, რაც ორივე მხარის აზრით, ზუსტად გამოხატავდა ყველაზე მთავარს, - ეს იქნებოდა ამოსუნთქვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამაზე ავაგეთ მთელი კამპანია და ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან ზუსტი გზავნილი აღმოჩნდა“, - ამბობს „კრაკენის“ აღამსრულებელი დირექტორი, ვეკო თოხაძე.

ზუსტმა აქცენტებმა, პოზიტიურმა გზავნილებმა, ერთობისკენ მოწოდებამ, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთი საერთო მიზნისკენ სვლამ, „ევექსის“ ექიმების ჩართულობამ, დეტალებზე ორიენტირებულობამ და, რაც მთავარია, საზოგადოებისთვის  ვაქცინაციით გამოწვეული დადებითი სამომავლო შედეგების ცხადად ჩვენებამ, თავისი შედეგი გამოიღო, რამაც „კრაკენის“ გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა კოლაბორაციის წარმატებულობაში.

„ადამიანებს ვუხსნიდით, თუ როგორ გაევლოთ მარტივად რეგისტრაცია და  ჩაწერილიყვნენ ვაქცინის მისაღებად. ასეე, ვსაუბრობდით მითებზე. „ევექსის“ ექიმები ადამიანებს დეტალურად უხსნიდნენ, თუ რას ნიშნავს ვაქცინაცია და ამოსუნთქვა. საზოგადოებას სხვა ქვეყნების სტატისტიკები გავაცანით - მაჩვენებლები აცრამდე და აცრის შემდეგ,  რაც ნათლად აჩვენებდა, რომ სხვა ქვეყნებმა სწორედ ამ ნაბიჯებით დაამარცხეს პანდემია. ამ პერიოდში მკვეთრად იმატა ვაქცინაციამ, ყოველდღიურად 27 - 30 ათასი ადამიანი იცრებოდა და ვფიქრობ, ამაში ჩვენი კამპანიის წვლილიც დიდი იყო. ვეცადეთ, რომ ყველა პლატფორმაზე, იქნებოდა ეს ციფრული სფერო თუ გარებილბოლდები, - კომუნიკაციის ყველა არხში გვქონდა ეს მოწოდება - „ამოისუნთქე!“ - ვეკო თოხაძე.



რა მოუტანა კოლაბორაციამ თავად „კრაკენს“?

ყველაზე დიდი, რაც კოლაბორაციამ შეიძლება მოიტანოს, როგორც კრაკენელები ამბობენ, უკვე სახეზეა: ორი კომპანიის ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებასთან ერთად, გარდა ინტენსიური, საინტერესო და შემოქმედებითად მდიდარი თვეებისა, ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ პანდემიის დასრულებისკენ. საერთო საქმეში მონაწილეობა, ადამიანების ჯანმრთელობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა ყველაზე ღირებული შედეგია, რაც კომპანიის იმიჯზეც საუკეთესოდ აისახება და შესაბამისად, სამომავლოდ, აუცილებლად მოიტანს ფინანსურ წარმატებასაც.

„ეს ჩვენთვის უფრო სოციალური პასუხისმგებლობა იყო. ამ შემთხვევაში, კომპანიის ფინანსური ინტერესი შესაძლოა ისეთი დიდი არ იყოს, როგორც სამომავლო სარგებელი, რასაც ვფიქრობ, რომ დროსთან ერთად ჩვენთვის ეს კამპანია მოიტანს. ვინაიდან, როდესაც პორტფოლიოში ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობა ინახება, ეს დიდწილად ზრდის სანდოობასაც ჩვენ მიმართ და სამომავლოდ, აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი პოზიციების გამყარებაში და შედეგად, გრძელ ვადაში ფინანსურ სარგებელზეც აისახება“, - ამბობს ვეკო თოხაძე.

როგორც თავად ამბობენ, კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი მოტივირებული, სიახლეზე ორიენტირებული გუნდია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ იდეის ირგვლივ გაერთიანება, ამ იდეის ერთგულება და სიახლისკენ სწრაფვა, თითოეული მათგანისა და კომპანიის წარმატების გარანტიაა. სწორედ ამ ერთიანობამ მოუტანა „კრაკენს“ ის გამარჯვებები, რაც გუნდის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი თავდადებას ადასტურებს. 

სხვადასხვა წლებში „კრაკენის“ მიერ მოპოვებული ჯილდოებია: Young Lions Georgia 2021 – Winner, Design studio of the year 2020 (Georgia), Eurobest 2020 winner of creative contest Eurobest, White Square - International festival, Print, Category - Change for good, KIAF - Digital capmaign "10 years of russian occupation", BRONZE და ასევე, ACAG-ის არაერთი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში.

კომპანია წლებია თანამშრომლობს ისეთ წარმატებულ დიდ თუ მცირე ბრენდებთან, როგორებიცაა: Radisson Blu Iveria; Porsche; Business and technology university; Axis towers; Alliance group, GPC LAB, Women empowerment hub, city pay და სხვა.

მომავალში „კრაკენელების“ მიზანი კვლავ უცვლელია - სიახლეებისკენ სვლა და ადამიანების მოლოდინებზე დაკვირვება, ამ მოლოდინების შეგრძნება და ანალიზი იმისათვის, რომ შემდეგ ეს მოლოდინები გაამართლო.