ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“
ბიზნეს ბლოგი
04 ოქტომბერი 2021
visibility 2766

პურის ქარხანა N1

 

"პურის ქარხანა N1" წარმოადგენს პურფუნთუშეულის საწარმოს, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, სენაკის სოფელ ნოსირში. კომპანიამ დაარსებიდანვე იზრუნა მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, რისთვისაც მოიწვია მაღალი კვალიფიკაციის, ევროპული გამოცდილების დარგის ტექნოლოგები. აღნიშნული ტექნოლოგების დახმარებით, პურის ქარხანა მომხმარებელს  მრავალფეროვან, გასხვავებულ და კონკურენტუნარიან  პროდუქციას სთავაზობს.

აღნიშნული ტექნოლოგები დღეს წარმატებით უძღვებიან წარმოების პროცესს და ინარჩუნებენ პროდუქციის მაღალ ხარისხს, მუდმივად ცდილობენ ახალი პროდუქციის შექმნას და ბაზრისთვის მიწოდებას. კომპანია მთლიანად დასაქმებულია ადგილობრივი კადრებით. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია მაღალი კონკურენტუნარიანი პროდუქციით, რაც გულისხმობს მის ასორტიმენტს, დიზაინს, შეფუთვას. ასევე დისტრიბუციის საკუთარ ქსელს და რეალიზაციის საკუთარ პუნქტებს - რაც პროდუქციის მომხმარებლამდე მარტივ მიწოდებას უწყობს ხელს.


 



Glamping Georgia

Glamping Georgia არის პირველი გლემფინგ მიმართულების სასტურო საქართველოში. პირველი კარვები 2018 წელს რაჭაში, სოფ. კრიხში გაიხსნა. კომპანიის მთავარი ღირებულებაა ბუნებასთან ჰარმონიული და კომფორტული თანაცხოვრება მასზე მინიმალური გავლენის მოხდენით. ამ ეტაპზე რაჭის ლოკაციაზე 12 კარავი მდებარეობს და მათ ერთდროულად 34 ადამიანის მასპინძლობა შეუძლიათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლემფინგის ქართული ისტორია რაჭიდან დაიწყო. ამან დიდი ყურადღება მიიპყრო რაჭის მიმართულებით, როგორც ქართველი ისე უცხოელი მოგზაურების მხრიდან. ამ საინტერესო ლოკაციამ უამრავ ტურისტს გადააწყვეტინა რაჭის მონახულება, მათ უმეტესობას რაჭის შესახებ არც კი სმენოდა. ამ წარმატებამ უამრავ ადამიანს მისცა რაჭაში და არა მარტო, სტიმული ჩაბმულიყო ტურიზმის ბიზნესში. მომავალ წლებში იგეგმება გაფართოებას და რესტორნის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია სრულად გადასვლა განახლებად ენერგიაზე.


 

 



 

Dream Catcher

 

Dream Catcher-ის დაარსების ისტორია დაახლოებით სამ წელს ითვლის და ის თბილისიდან სოფელში გადასახლებულ ახალგაზრდა ქალს უკავშირდება. თამუნა ქარცივაძემ სწავლის დასრულების შემდეგ ბიზნესის წამოწყება მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონში გადაწყვიტა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, რომ არ დაეტოვებინა თბილისი, საკუთარი მიზნები სისრულეში მოიყვანა. მისი საქმიანობა მოიცავს ხელნაკეთი დეკორაციებისა და აქსესუარების დამზადებას, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანი იყოს ორიგინალური და არ მეორდებოდეს. სამუშაოდ ძირითადად შუახევში წარმოებულ და მოპოვებულ მასალას იყენეს. ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი დეკორაციაა მინაში ჩასმული ჰერბარიუმია, რომლისთვისაც ყვავილებს მაღალმთიან აჭარაში აგროვებს. შუახევის რაიონში ბიზნესის წამოწყება სამაგალითო აღმოჩნდა სხვებისთვის.


 



ალტიჰატი

 

კომპანია ალტიტუდას სამთო თავშესაფარი ალტიჰატი წარმოადგენს ახალ, ამბიციურ წამოწყებას სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ტრეკინგის, სკიტურის, სამთო ველოსიპედისა და ალპინიზმის მოყვარულებს. ეს არის ახალი ევროპული ტიპის სამთო თავშესაფარი, სასტუმრო რომელიც მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ზღვის დონიდან 3014 მეტრზე გერგეთის მყინვარისა და მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე. ეს მიმართულება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებში, თუმცა ალტიჰატის სამიზნე აუდიტორია უფრო ეკოლოგიაზე და გარემოზე მზრუნველი ვიზიტორია, რომელიც საქართველოში არა მისი სიიაფის გამო, არამედ მიღებული გამოცდილებისა და კულტურის გაცნობით არის დაინტერესებული. ამას გარდა ალტიჰატის მეშვეობით გაიზარდა დაბრუნებადი ტურისტების (რომლებიც რამდენჯერმე ჩამოდიან საქართველოში) რაოდენობა, რაც ზოგადად ქართული ტურიზმის დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ჩვეულებრივი სერვისებისა როგორიცაა კომფორტული განთავსება, რესტორანი, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა და ინტერნეტთან წვდომა. პროექტ ალტიჰატს პირდაპირი სარგებელი მოაქვს რეგიონისთვის: 1. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება 2. სიმაღლეზე ნარჩენების მართვის პრობლემის მოგვარება 3. უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა. 4. რეგიონის პოპულარობის გაზრდა სკიტურისა და სამთო სირბილის სპორტული შეჯიბრების ორგანიზებით.


 



კომლი

 

კომლი არის პირველი სათემო ინიციატივა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელიც  სრულად ფინანსდება ამ ეტაპზე მენტორ ჰაბის მიერ და ექნება სოციალური საწარმოს სტატუსი. კომლმა უკვე დაასაქმა ადგილობრივი ახალგაზრდები კასპის სხვადასხვა სოფლიდან, შეხვდა 100-ზე მეტ ადგილობრივ ახალგაზრდას და მათ უკვე სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო ნოემბრის ბოლოდან შეძლებს განთავსების სერვისების შეთავაზებას 12 კაციანი ჯგუფებისთვის. სათემო სახლი კომლის საფუძველი გრძელვადიანი სწორი ღირებულებების და თემის გაძლიერების ჩამოყალიბებას ემსახურება, რომელიც გულისხმობს: ადგილობრივი თემის მიერ საკუთარი რესურსების გაცნობიერებას; ეფექტიანი სათემო კავშირების შექმნა თემს, მუნიციპალიტეტს და ბიზნეს შორის; თემის სოციალური და ეკონომიკური განვითარებაში ხელშეწყობა; მცირე ბიზნესების ხელშეწყობა მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვა; სოციალური თანასწორობის ღირებულებების ხელშეწყობა; კომლის რეგიონის პოპულარიზირება და თემის წევრების კონსულტირება, მხარდაჭერა და მობილიზება აღნიშნულ მიმართულებაში; სოციალური, ეკო აქტივობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; საბოლოო ჯამში თემის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და მუნიციპალიტეტის რესურსის გამოყენება მისი განვითარებისათვის.


 



მის თრეველ

 

ტურისტული კომპანია, სადაც შესაძლებელია ტურ-პაკეტების შეძენა, ავიაბილეთების და სხვა დანარჩენი მომსახურების, რაც საჭიროა სამოგზაუროდ. კომპანია მდებარეობს ქ. გორში.

ბიზნესის საქმიანობა ამ კუთხით, ხელს უწყობს ადამიანებს, მარტივად მიიღონ ინფორმაცია ყველა შესაძლო ტურისტულ მომსახურებაზე. მათთვის აუცილებელი არ არის თბილისში ჩასვლა მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგონ რა არის საჭირო ამა თუ იმ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ასევე, კომპანია თანამშრომლობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტთან და სტუდენტებს ხელს უწყობს სრულიად უფასოდ გაიარონ პრაქტიკული კურსი.


 



BRISTOL HOTEL AND SPA BAKURIANI

ბაკურიანი-კოხტას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 43 ნომრიანი მაღალი სტანდარტების სასტუმრო, რომელიც გათვლილია 5 ვარსკვლავზე. სასტუმრო მოიცავს რესტორანს, კარაოკეს, ლაუნჯს, საცურაო აუზს , საუნას, სამასაჟო მომსახურებას. სასტუმრო გაშენებულია 2200 მ2 - ზე და აღჭურვილია იტალიური და გერმანული სარელაქსაციო ინფრასტრუქტურით. პროექტი  ღირებულება შეადგენს 1 მლნ ლარს, იგი დიდ დახმარებას უწევს ბაკურიანის განვითარებას, როგორც ადგილობრივების დასაქმების, ისე ტურიზმის განვითარების მხრივ.




 

საოჯახო მარანი „ოდა“

„ოდამ“ გააცოცხლა და მსოფლიოს გააცნო სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებული ტრადიციები, ვაზის ადგილობრივი ჯიშები და უნიკალური მეგრული სამზარეულო. საოჯახო მარანი „ოდა“ მარტვილში, წინაპრების მიერ აშენებულ საუკუნოვან ოდაში 2016 წელს დასახლებულმა თბილისელმა წყვილმა დააფუძნა. დაარსებიდან 5 წლის თავზე მარანი სამეგრელოსა და, ზოგადად, საქართველოს ღვინის, გასტრო და აგროტურიზმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა. ის ყოველწლიურად მასპინძლობს, საშუალოდ, 2000 სტუმარს 50-ზე მეტი ქვეყნიდან და აცნობს მეგრულ ღვინოებსა და მეგრულ გასტრონომიულ ტრადიციებს, მათ შორის, მივიწყებულ რეგიონულ კერძებს. მარნის ორგანული ვენახებიდან მოწეული ბუნებრივი ღვინოები მსოფლიოს 12 ქვეყანაში (4 კონტინენტზე) გადის ექსპორტზე: აშშ (15 შტატი), შვედეთი, დანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, კანადა, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ტაივანი.

ოდამ დიდი წვლილი შეიტანა სამეგრელოს, როგორც ღვინის რეგიონის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაში. ის არის პირველი პროდუქტი, რომელიც სამეგრელოს ღვინის ტურიზმის რუკაზე მოინიშნა. მიუხედავად წარმატებული გაყიდვებისა, ოდა არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. გარდა ბიზნესსაქმიანობისა, მისი გუნდი იკვლევს სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მივიწყებულ ტრადიციებს, დაკარგულ მეგრულ კერძებს (ჩემქვა, ჯუმენიაშ წვანერი, გაძღირკიას ჭინჭარი, ჩაჩამუტა ჭკიდი, კოხა, წიწაქას საწებელი და სხვ). ოდას საკოლექციო ვენახში გაშენებულია მეგრული და აფხაზური ვაზის, თითქმის, დაკარგული ენდემური ჯიშები - ოჯალეში, კოლოში, დუდღუში, ჭვიტილური, ლაკოიაჟი, აშუგაჟი, რომელთა პირველი მოსავლებისგან მარანი უკვე წელს დააყენებს ექსპერიმენტულ ღვინოებს. მთავარი ღირებულებაა ადგილობრივი, ორგანული, სეზონური პროდუქტია, მცირე მეურნეობების გაძლიერება რეგიონში და სოფლის პროდუქტის მწარმოებლებს შორის ბიომეურნეობის ცნობიერების განვითარება. სწორედ ოდასთან თანამშრომლობის შემდეგ ყურძნის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისა და რძის პროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებლებმა საკუთარი კონვენციური მეურნეობები ბიომეურნეობის პრინციპებზე გადაიყვანეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისელმა ოჯახმა დაამტკიცა, რომ სოფლადაც შეიძლება წარმატებული ბიზნესის წარმოება იმ მინიმალური რესურსებით, რაც სოფლად მცხოვრებ, თითქმის ყოველ ადამიანს აქვს. ეს მოდელი გავლენიანი აღმოჩნდა არაერთი მეგრული ოჯახისთვის, რომლებმაც ბოლო წლებში წამოიწყეს ვენახების გაშენება, ღვინის წარმოება და აგროტურიზმი.


 



ბუნგალო ერა

ბუნგალო ერა მდებარეობს გონიოსა და კვარიათის გასაყარზე. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართულ/ევროპული სამზარეულო, დატკბეთ ულამაზესი და კოლორიტული გარემოთი. აქ მომსახურების მაღალი სტანდარტია და 100 %-ით გათავალისწინებულია მომხმარებლის მოთხოვნა და სურვილები.





სმარტნეტი  

სმარტნეტი არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინტერნეტ მომსახურეობის სერვისს. კომპანიის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს მოქნილი ტარიფები, რომელიც დაბალანსებულია მაღალი სიჩქარით, ხარისხით და მისაღები ფასით. კომპანიის მიზანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით შეძლებს. სმარტნეტი ტყიბულის რაიონს და მის სოფლებს სთავაზობს უსადენო მაღალ სიჩქარიან ინტერნეტს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების სამყაროსთან სტაბილურ კავშირს.


 



კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება “ღონე ქვეყნისა”

 

2021 წელს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული გარემო იყო ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. მიუხედავად ამისა სკოლაში მაღალ დონეზე განხორციელდა სასწავლო პროცესი, რაც მენეჯმენტისა და თანამშრომლების, მათი მაღალი მოქალაქეობრივი აზროვნებისა და პროფესიონალიზმის დამაახურებაა. ამ ფაქტორმა გამოიწვია სკოლისადმი სანდოობის ამაღლება. სკოლა მდებარეობს ქ. ქუთაისში და განთავსებულია უნიკალურ, სასახლის ტიპის შენობაში, რაც განსაკუთრებულ ელფერს აძლევს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

სკოლის საქმიანობის შედეგი, მაღალი ღირებულებების მქონე, მოქალაქეობრივი აზროვნების მქონე, თანამედროვე თაობაა, რომელთა მიზანი საკუთარი პოტენციალის, მისწრაფებების რეალიზება, გარშემო უკეთესი გარემოს შექმნისათვის, განვითარებისაკენ და აღმშენებლობისკენ სწრაფვაა.

კონცეფციიდან გამომდინარე სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ისწავლება საავტორო საგნები, რომელიც სისტემურ აზროვნებას ანვითარებს: სისტემური ინჟინერია (პროგრამირება ლეგოებით), 3d პრინტერის სწავლა, აზროვნების გაკვეთილი - გამჭოლი კომპეტენციების განვითარება: დროის მენეჯმენტი, დროსა და სივცრეში ორიენტირება, მეწარმეობა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება. მომდევნო 2 წლის გეგმაა ახალი, თანამედროვე საგნების კონცეფციის ჩამოყალიბება და სკოლაში დანერგვა.

 

 

 



დანელიას ღვინო

 

დანელიას ღვინო განსხვავებული მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიით მზადდება. კერძოდ, ღვინომასალა ამ ღვინისთვის მუშავდება თაფლით და ფუტკრის ფიჭით, შედეგად იზრდება ღვინის სასარგებლო თვისებების სპექტრი, მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის №02/39 ბრძანებით ,,დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციულ საგვარეულო ტექნოლოგიას,, საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ - FAO (Food and Agriculture Organization of the United Nations) 2020 წელს შესაბამისი ორდერი გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური სტატუსი საქართველოში მხოლოდ ,,ქვევრის ღვინოს,, აქვს, ხოლო საგვარეულო ტექნოლოგიებში, მხოლოდ ,,ლაღიძის წყალს,,. ,,დანელიას ღვინის,, ინტელექტუალური საკუთრება დაცულია 4 პატენტით. ,,დანელია და კომპანიამ,, და მისმა ძველმა ბრენდულმა ღვინომ წარმოაჩინა საქართველო - ღვინის სამშობლო ლონდონში, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ მუდმივმოქმედ გამოფენაზე ,,ვინოპოლისში,, რომელიც 1999 წელს გაიხსნა, 15 წელი იარსება და 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, სწორედ ამ გამოფენით შეიცნო მსოფლიომ. საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატამ ღვინის ძველი მოქმედი საგვარეულო მწარმოებლის წარმოსაჩენად ,,დანელია და კომპანიას,, ძველი ბრენდული ღვინო წარადგინა. დანელიას ღვინოს ამჟამად აქვს ბათუმში ორი ღვინის ძველი სახლი.   


 



აგრო კომბი

კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემოიტანა საქართველოს ბაზარზე ცნობილი ბრენდის "აგრო კომბის" პროდუქცია, რითაც გარემო გახდა მეტად კონკურენტული, კომპანია ეტაპობრივად ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას.  კომპანიის პროდუქციაა გრანულირებული კომბინირებული საკვები ფერმის ცხოველებისა და ფრინველებისათვის, პროდუქტის ღირებულებაა რეგიონში მომხმარებლისათვის ხარისხიანი, მრავალფეროვანი და იაფი პროდუქტის შეთავაზება. ცენტრალური საწყობი მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, საიდანაც მარაგდება ხაშური, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა.

უახლოეს წლებში ბრუნვის ზრდის პარალელურად კომპანია აპირებს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქტი უფრო დაბალ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მეფრინველეობისა და მეცხოველეობის მეტად განვითარებას.

 



ექსტრემალური სათავგადასავლო ბანაკი

 

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმი. ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერში, მოწყობილია სათავგადასავლო ბანაკი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს სთავაზობს სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობებს. კერძოდ აქტივობებს, რომლებიც შეიცავს ბუნებითა და კულტურით სიამოვნების მიღებას ფიზიკურ დატვირთულობასთან ერთად. ბანაკში ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია: განთავსება ხის კოტეჯებში ან კარვებში, ლაშქრობა, ველოტური, მღვიმის ტური, კლდეზე ცოცვა, კანიონინგი, სანაოსნო ტური და კავკასიაში პირველი ვია ფერატა (ექსტრემალური ბილიკი, რომლის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ლითონის ბაგირით). ასევე ბანაკში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი კულინარიული რეცეპტებით მომზადებული კერძები, რომლებსაც სოფლის მკვიდრები ამზადებენ.  ბანაკი აღჭურვილია ყველა საჭირო აღჭურვილობით და გააჩნია ღია საკემფინგე სივრცეში, სადაც ხელმისაწვდომია ჰამაკები, საკოცონე, მაგიდები და სკამები, საკარვე ადგილები, კარვები და საძილე აღჭურვილობა, საშხაპები და სველი წერტილები, სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის გაქირავების პუნქტი. კომპანიის მისიაა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადგილობრივი თემის მკვიდრების გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საქმიანობა  დაიწყო 2020 წელს და ამას თან პანდემიაც დაემთხვა, ის უკვე მოამსახურა 600-მდე მომხმარებელს. პროექტის წარმატებამ დიდი გავლენა იქონია ადგილობრივ თემზე, კერძოდ სერვისების მიწოდების ჯაჭვში უკვე ჩართულია თემის მრავალი წარმომადგენელი (საკვები პროდუქტების მიწოდება ვიზიტორების მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, ბანაკში დასაქმება კულინარიის, დასუფთავების, გამყოლის პოზიციებზე). ტურისტული საქმიანობა ბევრისთვის მაგალითი აღმოჩნდა და ჭიათურის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს მარნების, ტურისტების განთავსების, საკვები ობიექტების განვითარება.  მნიშვნელოვანი წარმატებაა ისიც რომ კომპანია  მაღალი ცნობადობით, მომხმარებლების ერთგულებით და პარტნიორების ნდობით სარგებლობს. 2020 წელს მოიპოვა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების მთავარი ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი“.


 



კოხტა ეზო ლეჩხუმში

კოხტა ეზო ლეჩხუმში  მომხმარებელს სთავაზობს ეზოს მოვლის მომსახურებას.  სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც ფლობს კარ-მიდამოს ლეჩხუმში. მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ლეჩხუმში უკვე წლებია აღარ ცხოვრობს, თუმცა აქვს უძრავი ქონება და დისტანციიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მის მოვლა-პატრონობას.

კომპანია ეხმარება მათ დისტანციურად იზრუნონ საკუთრებაზე და რაც მთავარია, შეინარჩუნონ მამა პაპისეული კერა. გარდა ამისა კომპანია ცდილობს რეგიონში დაამკვიდროს ეზოს მოვლის კულტურა და ამ მიმართულებით აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება. მომავალი 2 წლის განსახორციელებელ გეგმაში შედის გაფართოება, რაც გულისხმობს იგივე სერვისის მიწოდებას ლენტეხის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისათვის და მათთვის ვინც აღნიშნულ ადგილებში ფლობენ უძრავ ქონებას.