წარმატების ისტორიები
Sallus Health and Safety
21 აგვისტო 2020
visibility 1342

ნიკოლოზ კაჯაევი თავისი გუნდის წევრებთან ერთად დიდი პრობლემის მოგვარებას შეეჭიდა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა გადაწყვიტა. დღეს ამ სფეროში არ არსებობს მისი ანალოგი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კი მუშაობა სხვადასხვა საოფისე პროგრამაში უწევთ. ასეთი ვითარება იწვევს ქაოსს, რაც ართულებს საბოლოო კომუნიკაციას.

 

Sallus - ასე ქვია ნიკოლოზისა და მისი გუნდის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც არსებულ პრობლემებს სრულად აგვარებს.

 

„სალუსი იქნება მარტივი ინტერფეისის მქონე პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და კომპანიის დირექტორისთვის (და მისთვის, ვისაც დირექტორი მისცემს წვდომას), გადანაწილებულ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე შესაბამის დასაქმებულებს მუდმივად მიუვათ შეტყობინებები, რაც მოაგვარებს პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის საკითხს“, - ამბობს ნიკოლოზ კაჯაევი.

 

შემდეგ ეტაპზე, პროგრამის ავტორები აპირებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან და სახელმწიფო სექტორთან, რათა გაიარონ კონსულტაციები და გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც აპლიკაციის დასახვეწად გამოიყენებენ.

 

ნიკოლოზი ფიქრობს, რომ თიბისის აპლიკაციების კონკურსი არის კარგი შანსი იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიონ. მისი თქმით, ამ კონკურსში გამარჯვება მათ აპლიკაციას მიანიჭებს აღიარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ასეთ საქმეში. მიღებული პრემია კი კომპანიის საქმიანობის სწორად წარმართვაში დაეხმარებათ, რათა შეძლონ ბაზარზე სწორად ოპერირება.

 

„ასეთი კონკურსი ძალიან ეხმარება სიახლეების წამოწევას, ინდუსტრიის განვითარებას, ახალი იდეების გენერირებას. ასევე ხელს უწყობს კონკურენციის ზრდას, რაც ცალსახად კარგი მოვლენაა. თიბისის აპლიკაციების კონკურსი კარგი შანსია ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისათვის, რომ მისი იდეა სისრულეში მოიყვანოს და განავითაროს“, - გვითხრა ნიკოლოზმა.