ბიზნეს სიახლეები
მიწის ფართობის პროექტირების მნიშვნელობა აგრობიზნესში
აგრო სოლუშენს
16 იანვარი 2023
visibility 9374


სამართლიანი იქნება თუ სტატიას დავიწყებთ სოფლის მეურნეობის სექტორში მიწის მნიშვნელობაზე საუბრით. ნიადაგი პირველადი რესურსია სოფლის მეურნეობაში  და ის უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ლავირებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებით და არა სტატიკური ობიექტი, რომელიც ინერტულია დროსა და სივრცეში. 

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ღია ტიპის (Open Field) სოფლის მეურნეობაზე, მიწა, ნიადაგი და ნაკვეთი არის ის უპირველესი საკითხი, რისი მიხედვითაც ხდება ბიზნეს გათვლები და აგრობიზნესის აწყობა. შესაბამისად,  თანამედროვე სოფლის მეურნეობა, საკუთრივ კი ზუსტი სოფლის მეურნეობის კონცეფცია, რომელიც ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე პერსპექტივების, სურსათისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდაზე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის დეტალური და ჭკვიანი (Smart) პროექტირებით არის შესაძლებელი.

თუ ამ საკითხს გავატარებთ ისტორიულად კარგი და ცუდი მიწების სტერეოტიპის პრიზმაში, აღმოვაჩენთ, რომ მიწასთან ურთიერთობისას არსებობს ერთის მხრივ კარგი და ცუდი ნიადაგობრივი რესურსი და მეორეს მხრივ კარგი და ცუდი გადაწყვეტები ნაკვეთზე, რომელებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მონაცემების მქონე ნიადაგს დაუქვეითოს ან საერთოდ დაუკარგოს მწარმოებლურობის კოეფიციენტი, ან პირიქით. 

მიწის დამუშავებამდე და ველზე აქტიურ მოქმედებამდე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ნიადაგს ვამუშავებთ და რომელი კულტურისთვის გვინდა მისი გამოყენება, რადგან ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის პროექტირების დეტალები განსხვავებული იქნება, ისევე, როგორც განსხვავებული მიდგომები იქნება საჭირო სხვადასხვა კულტურების შემთხვევაში. 

მიწის პროექტირებისას ფერმერს სჭირდება მიზნების დასახვა სასურველი შედეგების მისაღწევად. სწორი მიზნები ფერმერული საქმიანობის წარმატების ერთგვარი ფაბულაა, რადგან ისინი განსაზღვრავენ მომავალი საქმიანობის მიმართულებას. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს - რისი წარმოება გსურთ? რა რესურსის გაღებისთვის ხართ მზად? რა მოგებას ელოდებით? პასუხები გაიძულებთ და დაგეხმარებათ მიწის ფართობის პროექტირება სწორი რაკურსით წარმართოთ. 

მოდით, უშუალოდ პროექტირების პრინციპები განვიხილოთ. იგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შერჩევა, საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;
  • კულტურების გაშენების სივრცითი ნახაზის შექმნა სექტორების მიხედვით;
  • საირიგაციო გეგმა და წყალაღების წერტილი;
  • შიდა გზები;
  • ქარსაცავი ზოლი;
  • სადრენაჟე არხების ქსელი;
  • საწარმოო და ადმინისტრაციული ფართი (საწყობები საშრობი/საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, სატრაქტორო პარკის ადგილი). 

 საინტერესოა, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო მიწის დეტალური პროექტის შედგენა აგრო ბიზნესის დაგეგმვისას? ამ შეკითხვას კომპლექსური პასუხი აქვს. ერთ-ერთი მთავარი, რაც პროექტირების სიკეთედ ითვლება არის ის, რომ პროექტირება ამცირებს მომავალ გაუთვალისწინებელ დანახარჯებს, რისკებს და ფერმერს აძლევს მოსავლიანობის მაქსიმალურად მიახლოებულ მაჩვენებელს. ასევე, პროექტირება იძლევა სწორი გათვლების საშუალებას, მომავალი შემოსავლებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო მიწის პროექტირება ნიშნავს ვიზუალური ნახაზისა და გეგმის შექმნას, რომელიც დეტალურად აღწერს მომავალი საქმიანობის სახეს, სადაც გათვლილია და დაზღვეულია ისეთი ტიპის ფორსმაჟორები, როგორიც შეიძლება იყოს სარწყავი წყლის დეფიციტი, ლოჯისტიკური პრობლემები და ა.შ.

განვიხილოთ კონკრეტული სიტუაციური მაგალითი. თუ პირობითად ფერმერი გეგმავს ვაშლის ბაღის გაშენებას და მან სარწყავი სისტემა დაამონტაჟა მომდევნო რამდენიმე წლის საჭიროების გათვალისწინების გარეშე, მივიღებთ ასეთ შემთხვევას - ბაღის გაშენების პირველი ორი წლის მანძილზე სისტემას ექნება უნარი მცენარეებს მიაწოდოს საჭირო რაოდენობის წყალი, მაგრამ რა მოხდება მესამე, მეოთხე და შემდეგ წლებში როდესაც ბაღი შედის მსხმოიარობაში და ხდება შემოსავლების გენერირება?! კულტურების მოთხოვნილება გაიზრდება წყლის მიმართ და რადგან ვაშლი მრავალწლიანი კულტურაა, მცენარის მასის ზრდასთან ერთად იზრდება საჭირო წყლის მოცულობაც.

 ამ შემთხვევაში, ფერმერს მოუწევს უკვე დაინსტალირებული სარწყავი სისტემა ჩაანაცვლოს უფრო მაღალი წარმადობის კომპლექტით, რაც სარწყავი სისტემისა და მისი ინსტალაციის ხარჯის მინიმუმ გაორმაგება გამოდის. ესეც რომ არ იყოს, ფერმერი ვერ იღებს დაგეგმილ შემოსავალს, წინასწარ დაგეგმილ ვადებში.  

სწორი მწარმოებლურობა მოითხოვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრას  და მათ გამიჯვნას. მიწის რესურსი და მისი პროექტირების დეტალები განხილული უნდა იყოს გრძელვადიან ჭრილში. 

გათვალისწინებული უნდა იყოს დღეს არსებული და მომავალში მოსალოდნელი ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, წყლის დეფიციტი, სხვადასხვა ტიპის დაბინძურება, ლოჯისტიკის რისკები და ა.შ.

რადგან სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების კონცეფცია ნულოვანი შიმშილის იდეას ატარებს, ამ სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის. რაციონალური მიდგომა ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მინდვრებზე, პროცესები დაიგეგმოს გამოცდილი ფერმერის, აგრო-ინჟინერის ან/და კვალიფიციური აგრონომის წესებით, რათა მოხდეს ამ რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოყენება, რასაც კიდევ ერთხელ მივყავართ მიწის პროექტირების, შესაბამისად ბიზნესის დაგეგმვის გარდაუვალ აუცილებლობასთან.