ბიზნეს სიახლეები
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ბიზნეს ბლოგი
16 მარტი 2022
visibility 8943



რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი კვირა გავიდა და თიბისის მთავარი ეკონომისტის 14 მარტის განახლების თანახმად, მოვლენების სამომავლო განვითარება, ისევ გაურკვეველია. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მხრივ, პროგნოზი კვლავ თიბისი კაპიტალის დროული და დაგვიანებული გადაწყვეტების სავარაუდო სცენარებს შორისაა.

 

თიბისი კაპიტალის მოლოდინის შესაბამისად, წინა კვირას ლარი გამყარდა, რაც სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილის შეფასებას ასახავდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ამ ფაქტზე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციაც მიუთითებს. შექმნილ ვითარებაში, ლარის წონასწორულ კურსზე საუბარი რთულია, თუმცა თიბისი კაპიტალის სამ ფაქტორიანი ჩარჩოს მიხედვით, მართალია მცირედით, თუმცა ლარი ახლა უფრო გამყარებული ჩანს, ვიდრე გაუფასურებული. ასევე საყურადღებოა, რომ დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში და ამავდროულად, სესხების უფრო მეტად ლარში ფორმირების ალბათობა გაზრდილია, რასაც ე.წ. „შოკის გამაძლიერებლის“ საკმაოდ ძლიერი ეფექტი აქვს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დაფიქსირდა სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება. მაგალითად, მნიშვნელოვნად გამყარდა რუსული რუბლი, რაც ლარის კურისათვის პოზიტიურია. 

 

გასულ კვირას, ეროვნული ბანკის თებერვლის ბალანსი გამოქვეყნდა და საერთაშორისო რეზერვების მცირედი კლება დაფიქსირდა, რისი სავარაუდო ძირითადი მიზეზიც, მთავრობის სავალუტო ოპერაციები იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მომდევნო პერიოდში, ამ კუთხით დინამიკა საპირისპირო იქნება, ვინაიდან ბიუჯეტის საგარეო დაფინანსების გაზრდაა მოსალოდნელი.

 

საქსტატმა 2021 წლის მე-4 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლებიც გამოქვეყნა. მოლოდინების შესაბამისად, სააქციო კაპიტალის კომპონენტი სუსტი იყო. თუმცა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ვალის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემოსავლების რეინვესტირების მაჩვენებელი კი, შედარებით დაბალი იყო.

 

შეგახსნებეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, თიბისი კაპიტალმა საქართველოში პირველი მაკრო-ეკონომიკური, ანალიტიკური დოკუმენტი - „დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?“ გამოაქვეყნა, სადაც მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარი და საქართველოს ეკონომიკაზე მათი გავლენაა განხილული.


დროული გადაწყვეტის სცენარი:

 

  • შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი. უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები აღარ გრძელდება. 
  • რუსეთის მიმართ წესდება სანქციები, მაგრამ რუსეთი აგრძელებს ენერგორესურსების ექსპორტს. SWIFT-დან ძირითადი ბანკების გათიშვა დროებითია. 
  • სხვა სანქციები მხოლოდ ეტაპობრივად რბილდება. 
  • 2014-2015 წლების შოკისაგან განსხვავებით, ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასები მაღალია, რაც ორივე ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 105 დოლარს აღწევს, წლის ბოლოსაკენ კი 85 დოლარამდე მცირდება. 
  • 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა - 10-15%-ით, რუსეთის კი დაახლოებით 4%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა 30 და 20%-ით უფასურდება, საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი შესაძლო გაუფასურებით.

 

დროული გადაწყვეტის სცენარის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე:

 

  • 2022 წელს საქართველოში მშპ-ის ზრდა 6%-დან 3.5-4.0%-მდე მცირდება და ლარი დოლართან 5%-ით, დაახლოებით 3.15-მდე უფასურდება. საწყის პერიოდში 3.3-3.4-მდე დროებითი გაუფასურება არაა გამორიცხული. 
  • ამ სცენარში, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და საგარეო დაფინანსებით ფისკალური სტიმული ზომიერია, ვინაიდან წმინდა შემოდინებებში დანაკლისი, 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით, დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდეა, 2021 წელთან შედარებით კი დაახლოებით 170 მილიონი დოლარის გაუმჯობესებას აქვს ადგილი. 
  • დეპოზიტების ვალუტასა და სესხების ლარში გადატანას მცირე მასშტაბი აქვს. 
  • 2022 წლის ინფლაცია სამიზნეზე მცირედით მაღალია და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებული 10.5%-დან, დაახლოებით 9%-მდე მცირდება. არაა გამორიცხული განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრება, ვიდრე დროული გადაწყვეტის სცენარი უფრო თვალსაჩინო გახდება. 
  • იმის გათვალისწინებით, რომ შოკი, პანდემიის მსგავსად, ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორებით არაა გამოწვეული, 2023 წლის აღდგენაც ძლიერია. 

 

დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარი:

 

  • კონფლიქტი კვარტალზე დიდხანს გრძელდება. 
  • სანქციები საკმაოდ მძიმეა, SWIFT-დან გათიშვისა და ენერგორესურსების ექსპორტის ჩათვლით. 
  • რუსეთის შიდა საანგარიშსწორებო სისტემა, კრიპტოვალუტები და სხვა ტექნოლოგიები SWIFT-ის ალტერნატივას ვერ ასრულებს, თუმცა ქვეყნის შიგნით გადახდები შეუფერხებლად გრძელდება.
  • სანქციების ზეგავლენის შერბილების მიზნით, ჩინეთის მხარდაჭერას ადგილი არ აქვს და რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტის ნახევარზე მეტს კარგავს. 
  • ქვეყნის საერთაშორისო აქტივების ნახევარზე მეტი დაყადაღებულია და რუსეთი შოკის მიტიგაციისათვის მხოლოდ მათ ნაწილს იყენებს.
  • აშშ და ოპეკი ენერგორესურსების მიწოდებას ზრდიან.
  • ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევს და წლის ბოლოსაკენ დაახლოებით 120 დოლარით განისაზღვრება.
  • უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 20%-ით, რუსეთის კი 7-10%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა 50 და 30%-ით უფასურდება, რუბლის შემთხვევაში უფრო მეტი დროებითი გაუფასურების მაღალი ალბათობით. 

 

დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე:


  • გაანგარიშებული წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით - 740-ს, 2021 წელთან შედარებით კი 110 მილიონ დოლარს შეადგენს. 
  • ამ შემთხვევაში, ლარის გაუფასურება არაა გათვალისწინებული, რაც იმპორტს ამცირებს, თუმცა ნაკლები ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, ვინაიდან ძირითადი ზეგავლენა არა ჩანაცვლების, არამედ შემოსავლების ეფექტიდანაა
  • ლარის მცირე - 5-10%-ით გაუფასურების შემთხვევაში, 2022 წლის ზრდა კონფლიქტამდე არსებული 6%-იანი პროგნოზიდან, დაახლოებით 0.5%-მდე მცირდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და მთავრობის საგარეო დაფინანსებით ბალანსდება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ჯამურად 550 მლნ აშშ დოლარის მიწოდება საკმარისია.
  • ლარი დოლართან დაახლოებით 3.5-მდე უფასურდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით ნახევრდება.
  • საგარეო შოკის გარდა, ასევე რისკია, რომ ერთი მხრივ - ვალუტის დეპოზიტების, ამავდროულად მეორე მხრივ, ლარის სესხების ზრდამ შოკი გაამწვავოს, როგორც ეს 2020-2021 წლებში მოხდა და პანდემიით გამოწვეული დანაკლისი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა
  • შოკის გამაძლიერებლის დასაბალანსებლად, სავალუტო რისკის დაზღვევის მექანიზმის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული არაა და მისი შემოღების ალბათობაც დაბალია. 
  • სუსტმა რუბლმა და ჰრივნამ შესაძლოა ლარზე ზეწოლა გამოიწვიოს. 
  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა მოსალოდნელი, თუმცა წლის ბოლოსაკენ მნიშვნელოვანი შერბილების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია სამიზნეზე მაღალი იქნება, მაგრამ ის ერთნიშნა მაჩვენებელს არ გადააჭარბებს.