წარმატების ისტორიები
Waime Spices - კომპანია, რომელიც არ ნებდება
21 აგვისტო 2020
visibility 1875

Startup ისტორიები ხშირად იმედისმომცემი და ოპტიმისტურია, მოტივაციას გვაძლევს, ახლის შექმნისკენ გვიბიძგებს და შთაგვაგონებს. სხვადასხვა სტატიის კითხვის დროს, რთული წარმოსადგენია, თუ რამხელა შრომა, იმედგაცრუება და ბრძოლა სჭირდება წამოწყებას, რომ ფეხზე მყარად იდგეს, კონკურენციას, კრიზისებს გაუძლოს და მიუხედავად ყველაფრისა, განვითარებასა და ზრდაზე ჰქონდეს აქცენტი გაკეთებული.


Waime Spice სწორედ იმ ფაზაში იმყოფება, როდესაც ბიზნესს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. სანელებლების მწარმოებელმა მცირე კომპანიამ, რომელიც რამდენიმე წელია ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს, უკვე იმდენი მოახერხა, რომ პროდუქცია ექსპორტზე არც თუ ისე ცოტა ქვეყანაში გააქვს. როგორც მისი დამფუძნებელი, გეორგი გოგია გვიყვება, ამჟამად ონლაინ რეალიზაცია თითქმის სრულად შეჩერებულია და გაყიდვები ისეთი მსხვილი ქსელებიდან აქვთ, როგორიც „აგროჰაბი“ და „Goodwill-ია“. 

„ჩვენი ძირითადი აქტივობა სოციალურ ქსელებში დროებით შეჩერებულია. გადავედით საგანგებო რეჟიმზე. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ქსელში შევედით, რამაც ფაქტობრივად გადაგვარჩინა სრულ გაჩერებას. ასევე მარტის დასაწყისში ექსპორტზე დიდი პარტია გავგზავნეთ სანქტ-პეტერბურგში რაც, ცხადია, დაგვეხმარა. წარმოების ნაწილში ჯერჯერობით მარაგები გვაქვს და მის დაფასოებას და დისტრიბუციას ვახდენთ. სულ ოთხნი ვართ, თანამშრომლები ახლა სახლში არიან, დაზღვევის მიზნით მხოლოდ მე ვარ საწარმოში, რათა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დეზინფექცია საწყობს უკვე გავუკეთეთ, ხელთათმანებით და შესაბამისი ნორმების დაცვით კი აქამდეც ვმუშაობდით“ - გვიყვება გეორგი.

 

ექსპორტის კუთხით Waime Spice-ს დახვეწილი და საკუთარი სტრატეგია აქვს. რესურსების მინიმიზაციის გამო, სამიზნე აუდიტორიას გეორგი დიდი სიფრთხილით არჩევს, სატესტო მაღაზიებს ეკონტაქტება და შესაბამისი უკუკავშირის მიღების შემდეგ უკვე გაცილებით დიდი რესურსს აგენერირებს. შედეგად, ისეთ ქვეყნებში მოხვდა მათი სუნელები, როგორიცაა: საფრანგეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა და რუსეთი.

 

ამჟამად მათი 7 სხვადასხვა სახის პროდუქტია ქსელებში წარმოდგენილი: სვანური მარილი, ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა და ა.შ.




გეორგი იმედოვნებს, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდება, 3 ახალი პროდუქციის ჩაშვებასაც მოახერხებს და ასორტიმენტს გააფართოვებს. დღემდე ყველა თანამშრომლის შენარჩუნება და მათთვის ხელფასის გადახდა არ შეჩერებულა. როგორც დამფუძნებელი ამბობს, მას პასუხისმგებლობა არამხოლოდ თანამშრომლების, არამედ სასურსათო ქსელების მიმართაც აქვს და მაქსიმალურად ეცდება, მიწოდება არ შეჩერდეს. მისი თქმით, უფრო რთულ სიტუაციას ელოდა, რეალობა კი არც ისეთი დრამატული გამოდგა.

 

Waime Spice იმ ბიზნესების სიაში შედის, ვისთვისაც სრული გაჩერება წარმოუდგენელია და ყოველ წამს ელოდება ახალ მომენტს, რათა ყველაფერი თავიდან, ახალი შემართებით დაიწყოს.