წარმატების ისტორიები
SEED - ვეგანური კაფე საგანმანათლებლო მისიით
16 სექტემბერი 2020
visibility 2142

თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს სტარტაპის დამფუძნებლები დეტალურად გააცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს. სწორედ ეს არის ვეგანური კაფის მისიაც - გაუმარტივოს ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების აღქმა. 


სტარტაპის შექმნის იდეა კულინარიით დაინტერესებულ ლაშა ყანჩაველს დიდი ხნის წინ გაუჩნდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ვეგანი გახდა, კულინარიის მიმართ ინტერესი გაუღრმავდა და კერძების მომზადებისას ისეთი სიახლეების აღმოჩენა დაიწყო, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩანაფიქრის რეალობად ქცევა ლაშამ და მისმა მეგობარმა, ირაკლი ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში შეძლეს. ასე შეიქმნა SEED-ი, ვეგანური კაფე, რომლის კარი სტუმრებისთვის უკვე რამდენიმე კვირაა ღიაა. 


როგორც ლაშა გვიყვება, იდეის რეალობად ქცევა მარტივი არ ყოფილა და მას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა თან, მით უმეტეს პანდემიის ფონზე. 

„მე და ჩემმა მეგობარმა ისეთ სფეროს მოვკიდეთ ხელი, რომელშიც გამოცდილება არც ერთ ჩვენგანს არ გვქონია. ბევრი რაღაცის სწავლა გზადაგზა მოგვიწია. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა პანდემიის პერიოდი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორი კომუნიკაცია და იმ იდეების მიტანაა მომხმარებლებამდე, რაზეც SEED-ის ხედვაა დაფუძნებული“, - ამბობს ლაშა. 


Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი, განსხვავებული და, როგორც ლაშა, ამბობს განსაკუთრებულად გემრიელიცაა. სტარტაპის დამფუძნებლებმა თითოეული ინგრედიენტის ისტორია კარგად იციან და კერძების მომზადების პროცესში თვითონ იღებენ მონაწილეობას. 

”სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი, ე.წ. მაინდსეტი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი“.


  

ამჟამად SEED-ის უკან 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა. 

სტარტაპის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში SEED-ი უკვე GLOVO-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების უკვე სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს. ლაშა ამბობს, რომ უახლოეს გეგმებში კერძების ისტორიაზე, წარმომავლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე ბლოგების მომზადება და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდაც შედის. 



მანამდე კი, ლაშა გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს მათ, ვინც სტარტაპიდეის რეალობად ქცევას ახლა გეგმავს: 

არ შეგეშინდეთ იდეების განხორციელების და შეცდომების დაშვების; 

თუ ახლა აპირებთ ბიზნესის დაწყებას, კარგად გაანალიზეთ დღევანდელი სიტუაცია, ნახეთ სხვადასხვა მაგალითი, იმისათვის, რომ სწორი მოლოდინი გქონდეთ; 

პანდემიამ ან შეზღუდვებმა არ დაგახევინოთ უკან - პირიქით, დაინახეთ ახალი შესაძლებლობები ამ რეალობაში.