ბიზნეს სიახლეები
2022 წლის მე-2 ბიზნეს ფორუმის შეჯამება
ბიზნეს ბლოგი
16 მაისი 2022
visibility 4706



თიბისიმ 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეკრიბა ქუთაისში ბიზნეს ფორუმზე, რომელიც  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 

 

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა, ასევე დაინტერესებულმა პირებმა თბილისიდან.  

 

„ჩვენ ქუთაისში შევკრიბეთ იმერეთში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები,   რათა ვისაუბროთ გამოწვევებზე, გავაცნოთ სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.  

 

 „ასეთი შეკრებები, სადაც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ვხვდებით ერთმანეთს, გვიადვილებს საქმიანობას და გვეხმარება ურთიერთობის დამყარებაში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც განვიხილეთ ფორუმზე,“  - ქეთევან აბაშიძე, სასტუმრო „გრანდ ოპერის“ წარმომადგენელი.

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე. 


 

ფორუმის დასაწყისში მაკრო-ეკონომიკურ მიმოხილვა გააკეთა თიბისის მთავარმა ეკონომისტსმა ოთარ ნადარაიამ, ხოლო ფორუმის მეორე ნაწილში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო მასტერკლასი შესთავაზა შეფმა ლუკა ნაჭყებიამ. ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ დავით მაყაშვილის, მარიამ ქოიავას, დავით პაპიაშვილის, შოთა ჩინჩალაძის და გიორგი პოპიაშვილის სესიებს. 

 

„დღეს ბრენდინგის საჭიროებაზე ვისაუბრეთ, რატომაა აუცილებელი ბრენდი ბიზნესისთვის,  ის გვეხმარება მომხმარებლის სეგმენტის განსაზღვაში, ბიზნესის მართვისას გადაწყვეტილებების მიღებაში და მომხმარებელთან ემოციური კავშირი დამყარებაში,“ – შოთა ჩინჩალაძე 


 

„სარესტორნო სფერო არის არა მხოლოდ ემოციური ბიზნესი, არამედ სტატისტიკური ბიზნესიც, რატომღაც საქართველოში სათანადო  ყურადღებას არ აქცევენ  მონაცემთა ანალიზს. მე შევეცადე, რომ ზუსტად ეს მეჩვენებინა ფორუმზე შეკრებილთათვის, თუ როგორ დავინახოთ ემოცია რიცხვებში,“ - ლუკა ნაჭყებია, შეფი, რესტორატორი.

 

2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა. პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი გორში გაიმართა, შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.