ბიზნეს სიახლეები
ქართული ბიზნესები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად
ბიზნეს ბლოგი
07 მარტი 2022
visibility 10535



მეათე დღეა უკრაინაში ომია. ყოველდღიურად მზარდია საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი, პარალელურად იზრდება იმ ადამიანთა და კომპანიათა რაოდენობაც, რომლებიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ერთიანდება. ქართული ბიზნესი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს მხარდაჭერას. 


აი, რამდენიმე კომპანია, რომელიც უკრაინელების დასახმარებლად საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აგზავნის უკრაინაში ან თანხას აგროვებს საკუთარი პროდუქციის თუ სერვისის გაყიდვებიდან.


„სპილოუ“ - ბავშვების საყვარელი ბრენდია საქართველოში. კომპანიამ უკრაინაში ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის თბილი ტანსაცმელი, ქუდები და პირბადეები გააგზავნა.

ამ აქციით, „სპილოუ“ შეუერთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფართომასშტაბიან  კამპანიას #აწარმოეუკრაინისთვის, რომელიც უკრაინელების დასახმარებლად დაიწყო. 

„სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენ მეგობარ ქვეყანას! ვაგზავნით თბილ ტანსაცმელს, ქუდებს და პირბადეებს პატარა უკრაინელებისთვის და მათი მშობლებისთვის.” 

„რექლესმა“ უკრაინის მხარდასაჭერი პრინტით მაისურები გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხის 100% გადაირიცხება უკრაინის ეროვნულ ბანკში, ხოლო ყველა მყიდველი დასაჩუქრდება უკრაინის მხარდამჭერი სტიკერებით.

„ჩიკატაიმ“, რომელიც ბავშვებისთვის უნიკალურ სათამაშოებს ქმნის, შექმნა სათამაშოების ახალი ხაზი, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს დაზარალებულ ბავშვებს უკრაინაში. 

„ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სათქმელი, ის რისიც გვჯერა, საქმეში ავსახოთ და გავუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას, რომელთანაც უკვე 4 წელია ვმეგობრობთ. „ჩიკატაი“ აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა, რომ ზრუნვა მნიშვნელოვანია, პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია, ხარისხი მნიშვნელოვანია, ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ეს დაკარგავს თავის მნიშვნელობას თუ არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის! დღეს ჩვენ უკრაინის გვერდზე ვგავართ და იმედი გვაქვს უკეთესი მომავლის!“ 

ურაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, QooQy Bakery-ი, რომელიც თბილისში საუკეთესო ამერიკულ ორცხობილებს ამზადებს, ყველა უკრაინელ მომხმარებელს გემრიელ საუზმეზე უსასყიდლოდ ეპატიჟება. 

„ჩვენ გუნდს გვჯერა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და მალე ისევ ვიხილავთ მშვიდობიან უკრაინას!“

„რკომ“ თავისი წვლილი უკრაინელ ბავშვებზე ზრუნვაში მათთვის თბილი ტანსაცმლის, ხოლო „კოდალამ“ სათამაშოების  გაგზავნით შეიტანა. „ალტერსოქსი“ კი ბავშვებს და მათ მშობლებს თბილი წინდებით მოამარაგებს. 

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში ჩაერთო „ქარუც“, რომელიც კომპანიაში განხორციელებული ყველა შეკვეთიდან 5 ლარს გადარიცხავს უკრაინის დასახმარებლად. 


„ერთად დავუდგეთ უკრაინას გვერდში! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“