ბიზნეს სიახლეები
როგორია სილამაზის ინდუსტრიაში არსებული ტრენდები
ბიზნეს ბლოგი
18 ივნისი 2024
visibility 580


თიბისის მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა სილამაზის ინდუსტრიისგან მიღებული მონაცემები გაანალიზა და საინტერესო შედეგები მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ ინდუსტრიაში ბიზნესის მქონე კომპანიებს და ასევე, მათაც, ვინც უახლოეს მომავალში აპირებს ძალების მოსინჯვას. 

„თანამედროვე ბიზნესსა და მარკეტინგში დატა ანალიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მას შეუძლია გვაჩვენოს ამჟამინდელი ტრენდები და ასევე ისიც, თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესებს პერიოდულად ასეთი ანალიზი შევთავაზოთ, რათა მათ მაქსიმალურად მომგებიანი სტრატეგიები შეიმუშაონ და ბაზარზე სწორი ტარგეტირება მოახდინონ. სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი წარმატებული და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში და ვფიქრობ, ამ სფეროს მონაცემთა ანალიზი ყველასთვის საინტერესო იქნება,“ - ოთარ ირემაძე,  თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი. 

მაშ ასე, რას გვეუბნება დატა? თიბისიმ ყველა იმ სალონის (სულ 721 სალონი) მონაცემები გაანალიზა, სადაც 2023 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს. მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წელს ადამიანებმა სილამაზის ინდუსტრიაში ჯამში  36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. 

 

როგორც ირკვევა, ყველაზე აქტიურად სილამაზის სალონებს 24 - დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები სტუმრობენ, ეს ასაკობრივი ჯგუფი სამ სეგმენტად არის დაყოფილი: 24 – 30, 31-40 და 41-55. ამათგან ყველაზე აქტიური 31-40 წლამდე სეგმენტია, მათ მიერ სილამაზის სალონებში განხორციელებული ტრანზაქციები 22 ათას აჭარბებს, ხოლო მთლიანი დახარჯული თანხა 14 მილიონ ლარზე მეტია. 


 

ამასთან ერთად გაანალიზდა ერთი ვიზიტის დროს საშუალო დანახარჯი სილამაზის სალონებში. გაირკვა, რომ ყველაზე მეტს, სილამაზის სალონებში ერთ მისვლაზე, საშუალოდ 75 ლარს,  66 + წლოვანების ადამიანები ხარჯავენ. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ასაკის ადამიანებმა 2023 წელს 8 ათასზე მეტი ტრანზაქცია განახორციელეს, ჯამში დახარჯულ თანხა კი ნახევარ მილიონს ცოტათი აღემატება. ტრანზაქციების რაოდენობითა და საერთო დანახარჯით ეს სეგმენტი მხოლოდ 17 წლის და ქვემოთ ასაკის სეგმენტს უსწრებს.

 

 

„ამ მონაცემებიდან ბიზნესს შეუძლია საინტერესო დასკვნა გამოიტანოს და უფრო ზუსტად გათვალოს ვისზე უნდა გააკეთოს სწორება ახლო მომავალში. ფაქტია, რომ ყველაზე აქტიური და მხარჯველი სეგმენტი 31-40 და 41-55 წლამდე ადამიანები არიან, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ საშუალოდ ერთ მისვლაზე დახარჯულს თანხას, ის 64-დან 70 ლარამდე მერყეობს“, - ოთარ ირემაძე.  

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ სილამაზის სალონებს უფრო მეტად ქალები სტუმრობენ, ვიდრე მამაკაცები, დატაში კი ეს შემდეგნაირად გამოიყურება: ქალები სილამაზის სალონებში 3-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე მამაკაცები. ხოლო თითოეული ვიზიტისას, ქალები საშუალოდ 15 ლარით მეტს იხდიან. 

არც ისაა გასაკვირი, რომ სილამაზის სალონებში ადამიანები უფრო მეტად პარასკევს და შაბათ-კვირას დადიან, ვიზიტების რაოდენობით შაბათი კვირის დანარჩენ დღეებს ყველას უსწრებს. 


თიბისის მონაცემთა ანალიზის გუნდმა სილამაზის სალონებში ტრანზაქციების დინამიკა საათების ჭრილშიც შემოგვთავაზა. როგორც გაირკვა, სილამაზის ინდუსტრიასაც აქვს პიკური საათები, დღის 14:00 სთ-დან 18:00-მდე. 

 

გეოგრაფიული არეალის მიხედვით გაანალიზდა როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების უმეტესობა, ისე თბილისი უბნების მიხედვით. სილამაზის სალონებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობითა და დანახარჯებით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ინაწილებენ. თბილისის სტატისტიკა კი უბნების მიხედვით ასეთია: პირველ ადგილზე ვაკეა, შემდეგზე საბურთალო, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, დიდი დიღომი, გლდანი, ჩუღურეთი და ა.შ. 

 

 

„საინტერესო ინსაითები დავინახეთ მთაწმინდის რაიონში, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა არის 13 ათასზე მეტი, ხოლო საერთო დახარჯული თანხა თითქმის მილიონ ნახევარი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ უბანში სილამაზის სალონებში მომსახურების ტარიფები საკმაოდ მაღალია. თუ ვინმეს ბიზნესის ან გაფართოება ან სულაც დაწყება სურს, მთაწმინდის რაიონში ინვესტირება ნამდვილად მომგებიანი იქნება“. - ოთარ ირემაძე.