ბიზნეს სიახლეები
ბიზნესდაჯილდოება, გამარჯვებულები და პრიზები - როგორ ცვლის თიბისის პროექტი ბიზნეს სოციუმს
ბიზნეს ბლოგი
20 სექტემბერი 2022
visibility 4692


ბიზნეს დაჯილდოება თიბისის მასშტაბური, ყოველწლიური პროექტია, რომელიც დიდი თუ მცირე კომპანიების წარმატების ისტორიებს მთელს საქართველოს უზიარებს. 


უკვე მეშვიდე წელია, ბიზნესდაჯილდოებაზე თიბისი ავლენს და საზოგადოებას აცნობს კომპანიებს, რომლებიც ქმნიან საუკეთესო პროდუქტს ან სერვისს, არიან ინოვაციურები, გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობით, სხვა ბიზნესებთან თანამშრომლობით ქმნიან საინტერესო პროექტებს და ავითარებენ რეგიონებს. რაც მთავარია, წლიდან წლამდე იზრდება დაჯილდოებაზე რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი და უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება გამარჯვებული ბიზნესების საქმიანობის სფერო. 


ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებას მხოლოდ აღიარება ან ცნობადობა არ მოაქვს, თითოეული ნომინაციის ტრიუმფატორს სამი პრიზიდან ერთის შერჩევა საკუთარი საჭიროების მიხედვით შეუძლია. გასულ წლებში ეს პრიზები ახალი ვებგვერდის შექმნას, ბრენდინგის განვითარებასა და საკომუნიკაციო მხარდაჭერას მოიცავდა.


ჩვენ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ გასული წლების გამარჯვებულებს და გეტყვით, თუ როგორ დაეხმარა ბიზნესდაჯილდოება მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. 


 DODO Designs 


გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის - 2021  Caption

 

DODO Designs სტუდიაა, რომელმაც Ska Juice Bar-თან თანამშრომლობით შექმნა კომფორტული სივრცეები სტუმრებს ჯანსაღად კვებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის.


“ვთვლი, რომ ბიზნესდაჯილდოება ძალიან პრესტიჟული პროექტია და აქ გამარჯვება დიდ აღიარებას ნიშნავს. დაჯილდოების შემდეგ ჩვენი ცნობადობა გაიზარდა და რაც მთავარია, ჩვენც მოგვეცა თავდაჯერება და სტიმული, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე”, - ამბობს DODO Designs-ის დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე.


DODO Designs-მა ბიზნესდაჯილდოების პრიზებს შორის ვებსაიტის შექმნა აირჩია და მასზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. “ჩვენ ადრეც გვინდოდა ვებსაიტის გაკეთება, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ძალიან გაგვიმართლა, რომ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზს შორის სწორედ ვებსაიტის შექმნა შეეძლოთ აერჩიათ”, - ამბობს თაკო ჩხეიძე.


მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ DODO Designs-ის მიმართ ინტერესი გაიზარდა და გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც სტუდიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


“ძალიან მოხარულები ვართ, რომ თიბისი მუდმივად გვიდგას მხარში და რაც მთავარია, დაჯილდოების მიღმაც კარგი მეგობრობა გვაკავშირებს”, - აღნიშნავს თაკო ჩხეიძე.


Plastic Watcher


გამარჯვებული ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის - 2020

 

Plastic Watcher გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კომპანიის მისია და ფილოსოფია ერთი საკითხის ირგვლივ ტრიალებს — სურს, შეაჩეროს ნარჩენების განთავსება გარემოში და ცვლილება შეიტანოს ადამიანის ქცევაში. Plastic Watcher ამ კუთხით ნამდვილად სამაგალითოა: იგი გადამუშავებული ნარჩენებით სხვადასხვა პროდუქტს - ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს და სხვა აქსესუარებს ქმნის. ამ საქმიანობამ საწარმოს ორი წლის წინ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაც მოუტანა.


“ბიზნესდაჯილდოება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ ნომინაციაში მოხვედრა და მერე გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიზნესდაჯილდოება არსებობს და ყოველწლიურად სტიმულს აძლევს ბიზნესებს, იარსებონ, იფიქრონ განვითარებაზე და ცვლილებების მოტანაზე”, - ამბობს ეკა ასათიანი, Plastic Watcher-ის დამფუძნებელი.


გამარჯვების შემდეგ Plastic Watcher-მა ვებსაიტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. “ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, აქტიურად ვიყავი ჩართული დეველოპმენტის პროცესში და შედეგად, ფანტასტიკური ვებსაიტი გამოვიდა. ეს საქმე ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა, ბევრი რამ ვისწავლე და საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე”, - ამბობს ეკა. 


კოდალა


გამარჯვებული ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის - 2021 

 

კოდალა სოციალური საწარმოა, რომლის მისია შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაა. ამასთან იგი ეკომეგობრულ სათამაშოებსა და დეკორატიულ ნაკეთობებს აწარმოებს.


“ბიზნესდაჯილდოების საინფორმაციო კამპანია ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ბევრმა მომხმარებელმა სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით გაიგო ჩვენ შესახებ”, - ამბობს კოტე სვანაძე, კოდალას დამფუძნებელი. მისი თქმით, სწორედ ცნობადობის გაზრდის გამო ურჩევდა ბიზნესებს პროექტში მონაწილეობის მიღებას.


“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რადგან მარკეტინგი ძვირადღირებული ფუფუნებაა. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობით კი არა მარტო აღიარებას მოიპოვებ, არამედ გაზრდი ცნობადობასაც, რისი შესაძლებლობა დღეს ბევრ ბიზნესს არ აქვს. მინდა ვუთხრა ყველა სტარტაპს თუ შემდგარ ბიზნესს, რომ ბიზნესდაჯილდოება ხსნის ახალი შესაძლებლობების დიდ ფანჯარას, რომელიც დღევანდელ დაჩქარებულ ეკონომიკურ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს კოტე სვანაძე.


კოდალამ გამარჯვების შემდეგ ბრენდის სტრატეგიის განვითარება გადაწყვიტა და მასზე მუშაობა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.


Soplidan.ge


გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის - 2019 

 

 საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის 2019 წელს ბიზნესდაჯილდოებაში Soplidan.ge-მ გაიმარჯვა. იგი 2015 წლიდან სოფელსა და ქალაქს ერთმანეთთან ნატურალური პროდუქტებით აკავშირებს.


“ბიზნესდაჯილდოებამ დიდი როლი შეასრულა ჩვენი ცნობადობის ზრდაზე. ეს ძალიან დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო. გამარჯვების შემდეგ მომხმარებელმაც იმატა, რაც გაყიდვებს დაეტყო”, - ამბობს ნათია ნინიკელაშვილი.


Soplidan.ge-მ გამარჯვების შემდეგ ვებგვერდის განახლება გადაწყვიტა. “ვებსაიტი ერთ წელიწადში გავაახლეთ და ის ტრადიციული ონლაინ მაღაზიებისგან განსხვავებულია. Soplidan.ge ახლა ფერმერებზე და მომწოდებლებზე ორიენტირებული პლატფორმაა, სადაც თავს იყრის ყველაფერი, რაც მომხმარებელს აინტერესებს”.


"ნათია აღნიშნავს, რომ, ბიზნესდაჯილდოება და ისეთი გაერთიანებები, როგორიც სტარტაპერია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ დიდ ეკოსისტემაში, გაიცნონ თანამოაზრეები და მიიღონ რჩევები. “სტარტაპერებს და მეწარმეებს არ აქვთ ხშირად იმის დრო და შესაძლებლობა, რომ სხვა ადამიანებს მოუყვნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ. ბიზნესდაჯილდოებაზე ნომინირება, შემდეგ კი გამარჯვება ძალიან ამაღლებს თვითშეფასებას, გმატებს ძალებსა და ენერგიას, რომელიც სტარტაპერს ძალიან სჭირდება” - აღნიშნავს ის.


ახლა Soplidan.ge-ს ამოცანა მომხმარებლების შეცვლილ ქცევაზე პასუხი და თანამედროვე ტენდენციებზე მიყოლაა, ამიტომ აქტიურად მუშაობენ სწრაფი მიტანის, გამართული ლოჯისტიკური პროცესების, მრავალფეროვანი ასორტიმენტის თუ უსაფრთხოების საკითხებზე. ამასთან, მალე პროდუქტებს სოფლიდან მომხმარებლები ქუთაისშიც მიიღებენ.


ჟუჟუნა


გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ადაპტაციისთვის - 2020 

 

ჟუჟუნა კომპანიაა, რომელმაც 2020 წელს  ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ეს ნომინაცია აჯილდოებდა კომპანიებს, რომლებაც პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სწრაფად იპოვეს.


“ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მისი დაწყებიდან გამარჯვებულების გამოვლენამდე დიდი მედიაგაშუქება მივიღეთ. თიბისის პლატფორმაზე თუ დამეგობრებულ მედიებში ჩვენზე ბევრს ლაპარაკობდნენ, შესაბამისად, ჩვენი პოპულარობა და ცნობადობა ერთი ორად გაიზარდა”, - აღნიშნავს გიორგი ტაბატაძე.


მისი თქმით, ბიზნესდაჯილდოება კარგი შესაძლებლობაა, შენს თავს და საქმიანობას გვერდიდან შეხედო. “ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი განვლილი გზა და როცა გავიმარჯვეთ, ძალიან დაფასებულად ვიგრძენით თავი. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა იმის გასაგებად, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ”. - ამბობს გიორგი.


გამარჯვების შემდეგ სამ პრიზს შორის ჟუჟუნამ ვებსაიტის შექმნა აირჩია და როგორც გიორგი აღნიშნავს, შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან.


“ბიზნესებს ვურჩევდი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებას, რადგან მისი დახმარებით სტანდარტული რუტინიდან გამოხვალ. ამასთან, შენს საქმიანობას ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანები აფასებენ. და რაც მთავარია, ძალიან ამაღლებული გრძნობა გეუფლება, როცა იმარჯვებ”.


ჟუჟუნა ახლა სწრაფ გაფართოებაზე და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზეა ორიენტირებული. ბიზნესდაჯილდოება კი წელსაც დაუთმობს პლატფორმას დიდ, საშუალო და მცირე კომპანიებს და საზოგადოებას გააცნობს ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ბიზნეს ეკოსისტემას მუდმივად ავითარებენ.


გაიგეთ მეტი ბიზნესდაჯილდოების შესახებ -  www.businessaward.ge