Education
მზის ელექტროსადგურების პროექტი - რა უნდა იცოდეთ სწორი განხორციელებისთვის
ბიზნეს ბლოგი
28 April 2021
visibility 3619

სულ უფრო მეტი ბიზნესის მფლობელი ინტერესდება მზის ენერგიის, როგორც დამოუკიდებელი ან დამხმარე ელექტროენერგიის წყაროს გამოყენებით. ყველაზე ხშირი კითხვები, რომელსაც მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) გუნდსა და პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკითხებიან, ძირითადად პროექტის განხორციელების ფინანსურ მხარეს ეხება, თუმცა სხვა ფაქტორები, როგორიცაა სადგურის უსაფრთხოება, სანდოობა, სტაბილურობა და მომწოდებლის შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. GEFF პროგრამის კვლევების თანახმად, რისკების უდიდესი ნაწილი სწორედ პროექტის განხორციელების ეტაპზე იჩენს თავს. ერთი შეხედვით მცირე ხარვეზებს, გრძელვადიანად დიდი ზარალის მოტანა შეუძლია.

GEFF პროგრამის მიერ დაფინანსებული მზის ელექტროსადგურების პროექტებიდან მიღებული გამოცდილების შედეგად, ჩვენ შევკრიბეთ რეკომენდაციები და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება სადგურის პროექტის დაგეგმარებისა და განხორციელების ეტაპზე. 

მომწოდებლის შერჩევა

რეპუტაცია და გამოცდილება. მიაქციეთ ყურადღება თუ რამდენი ხანი ოპერირებს მომწოდებელი ადგილობრივ ბაზარზე. შეამოწმეთ მის მიერ განხორციელებული წინა პროექტები და თუ შესაძლებელია, დაუკავშირდით მათ მომხმარებლებს.

სერტიფიცირება. ჰკითხეთ მომწოდებელს სერტიფიცირების შესახებ. კარგია, თუ ის ავტორიზებული წარმომადგენელი ან მწარმოებლის ოფიციალური დილერია. ასევე, გაიგეთ თუკი მომწოდებლის თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სერტიფიკატები და საჭირო კვალიფიკაცია. 

კომერციული შეთავაზება. სანდო მომწოდებელი ყოველთვის ისეთ კომერციულ შეთავაზებას მოგაწვდით, რომელშიც იქნება დეტალური განფასება, ყველა ასოცირებული ხარჯის მითითებით. შეთავაზება უნდა შეიცავდეს სადგურის მუშაობის მაჩვენებლებს, მოწყობილობების, საჭირო მასალების და შესასრულებელი სამუშაოს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.

მოწყობილობების შესაბამისობა. მოიკითხეთ მოწყობილობების TUV სერტიფიკატი და შეამოწმეთ მათი შესაბამისობა ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებთან.

გარანტიები. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მომწოდებელს, რომელიც სადგურის ხარისხსა და მის გამართულ მუშაობაზე მოცემულ გარანტიასთან ერთად კომპენსაციის გამჭვირვალე სქემას წარმოგიდგენთ. კვალიფიციური მომწოდებელი სადგურის გრძელვადიანი გამოსავლიანობის გარანტიას მოგცემთ, განახორციელებს მასზე მონიტორინგს და დეფექტების შემთხვევაში მათი გამოსწორების ვალდებულებას იკისრებს.

ინსტალაცია. დეტალურად გამოკითხეთ თუ ვინ დაამონტაჟებს მოწყობილობებს: მომწოდებლის თანამშრომლები თუ ერთჯერადად დაქირავებული პერსონალი. ამასთან, დარწმუნდით, რომ მომწოდებელს ელექტროსამუშაოების შესრულების სერტიფიცირება აქვს. 

არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობა. დარწმუნდით, რომ პროექტი არსებულ კანონთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში ხორციელდება. პროექტის დიზაინი და შერჩეული მასალები მშენებლობისა და მოწყობილობის საინსტალაციო მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ყველანაირი კომუნიკაცია კი ელექტროუსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. 

 

მზის სადგურის მშენებლობა

მზის სადგურის დიზაინი. პანელებს შორის დაშორება სწორად უნდა იყოს გათვლილი. მიაქციეთ ყურადღება, რომ პანელები არ დაიჩრდილოს, რადგან ნებისმიერი ტიპის დაჩრდილვა მოქმედებს გამოსავლიანობაზე და მას 5-30%-მდე ამცირებს. გარდა ამისა, სადგურის ტერიტორია აალებისა და სითბოს წყაროსგან შორს უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოთ მოწყობილობის დაზიანება.

უსაფრთხოება. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კომუნიკაციების დამიწებას და მათ შესაბამის დაცვას. უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ შესაძლოა არამარტო მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს, არამედ საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას.

მონტაჟი. მიუხედავად იმისა, თუ სად მონტაჟდება პანელები (სახურავზე თუ მიწაზე) მნიშვნელოვანია მათთვის მყარი კონსტრუქციის უზრუნველყოფა. კონსტრუქცია გამძლე მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული, რაც შეამცირებს მის დაზიანების რისკებს. კონსტრუქციის კავშირები მომწოდებლის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციამ, რომელზეც მონტაჟდება პანელები უნდა გაუძლოს ექსტრემალურ ამინდებს (ძლიერი ქარი, ჭარბი თოვლი). 

თუკი თქვენ გეგმავთ მზის ელექტროსადგურში ინვესტირებას და მეტი დეტალები გაინტერესებთ, დაესწარით თიბისი ბანკისა და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ერთობლივ ტრენინგს მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები, რომლებსაც GEFF ექსპერტი 28 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმაზე ჩაატარებს. 

 

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.