Business news
სამეგრელოს მოცვის ბაღები
ბიზნეს ბლოგი
25 November 2024
visibility 398



გიორგი ზაქარაიამ ზუგდიდის რაიონის, სოფელ ჩხორეაში ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება 2018 წელს დაიწყო, საკუთარი მიზნის განხორციელება პროექტის „დანერგე მომავალი“ და თიბისის აგრო კრედიტის დახმარებით შეძლო. მოცვის სხვადასხვა ჯიში თითქმის 10 ჰა მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. გიორგი ზაქარაია ამბობს, რომ ყოველ წელს ახალი გამოცდილება მოაქვს და, რადგან მოცვი საქართველოში ახალი კულტურაა, ფერმერები  თანადათან, პრაქტიკაში სწავლობენ. 

„2021 წელს ბაღის რეკონსტრუქცია განვახორციელეთ, ბევრი ახალი ჯიშის ნარგავები დავრგეთ, მორწყვის თანამედროვე წვეთოვანი სისტემა გავიყვანეთ, ერთი სიტყვით, რამაც არ გაამართლა, ყველაფერი შევცვალეთ. თიბისის აგრო კრედიტით ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, სადაც მოცვის მოსავალს ვინახავთ. გარდა ამისა, უცხოელი აგრონომი ავიყვანეთ კონსულტანტად, რომელიც გვეხმარება მოცვის სწორად მოვლაში. ყოველწლიურად მოწმდება ნიადაგის მჟავიანობა და შემდეგ უკვე ამ შედეგების მიხედვით, ჩვენი კონსულტანტი მთელი წლის კვებას გეგმავს. შედეგები ძალიან კარგი გვაქვს, წელს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გასხვლა გავაკეთეთ და ქარმაც დიდი ზარალი მოგვაყენა, მაინც კარგი მოსავალი ავიღეთ“, - ამბობს  გიორგი ზაქარაია.

მოცვის აღების სეზონი ერთ თვეს გრძელდება და საქართველოში თითქმის დასრულდა. კლიმატიდან გამომდინარე ცვალებადია კრეფის სეზონის დაწყება, თუ შარშან 15 ივნისს დაიწყო, წელს ამ თარიღმა  27 მაისამდე გადმოიწია. ფერმერი ამბობს, რომ როგორც კლიმატი გვიჩვენებს, საქართველოში მოცვი ადრე მწიფდება, ამიტომაც დღის წესრიგში დადგა მოცვის საშუალო და საგვიანო ჯიშების დარგვა, რათა მოსავლის აღების პროცესი უფრო გახანგრძლივდეს. 


მიღებული მოსავლის ნაწილი ექსპორტზე გადის, ხოლო ნაწილის რეალიზაცია საქართველოში ხდება. 

მთლიანად ექსპორტზე გადის თხილი, რომელიც გიორგი ზაქარაიას სოფელ ჩხორეაში 30 ჰა ფართობზე გაშენებულ პლანტაციაში მოჰყავს. თხილის ბაღების გაშენება 2015 წელს დაიწყო და ახლა უკვე ბაღები სრულ მსხმოიარებაშია შესული. თუმცა ამ მცენარის კარგ მოსავლიანობას კვლავ ხელს უშლის მწერი ფაროსანა, რომელთანაც ფერმერს მუდმივად უწევს ბრძოლა. 

„ზუგდიდის რაიონში გვაქვს თხილის ქარხანა, სადაც ყოველწლიურად 200-300 ტონამდე თხილს გადავამუშავებთ და ვამზადებთ საექსპორტოდ. ჩვენი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალი, რა თქმა უნდა, საკმარისი არააა, ამიტომ თხილს სხვა ფერმერებისგანაც ვყიდულობთ“, - ამბობს გიორგი ზაქარაია.