Business news
STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალური კონკურსი - შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა
სალომე ჩიკვილაძე
03 August 2020
visibility 1776

სამეცნიერო ტექნოლოგიები და ინოვაციები ის სფეროა, რომლის განვითარებაზეც, შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას. ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ, სტარტაპ იდეებს განიხილავენ, ცდიან, ქმნიან და ელოდებიან შანსს, რომ მათი ჩანაფიქრები რეალობად იქცეს. თუ ფიქრობ, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, ამ სტატიაში შენთვის და შენი სტარტაპისთვის ძალიან კარგ შანსზე მოგიყვებით.

 

მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა უამრავ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება გააჩინა და კავშირებიც გაამარტივა, მაგრამ როცა საქმე სტარტაპს ეხება, ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არაა. სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანია სწორი კონტაქტები, საერთაშორისო კავშირების დამყარება, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და რაც მთავარია, დაფინანსების მოპოვება. საუკეთესო კი, ალბათ, ყველაფრის ერთად თავმოყრა იქნებოდა არა?!




თიბისიმ და Startup Connect-მა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ასეც იფიქრეს და საქართველოში პირველად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიება დაგეგმეს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ წელს ღონისძიების - Black Sea and Beyond Regional Competition  მასპინძელობას ჩვენი ქვეყანა გაუწევს.

 

რა არის Startup World Cup და როგორ უნდა მიიღოთ მასში მონაწილეობა

 

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1 000 000 დოლარს შეადგენს. კონკურსი რამდენიმე ეტაპად 40-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და გამარჯვებულები თავს კალიფორნიაში სილიკონ ველზე მოიყრიან.

 

საქართველოში რეგიონალურ ღონისძიების გამართვა Startup Connect-ის გუნდმა უზრუნველყო, მათ შესთავაზეს პარტნიორობა თიბისისაც, რომელიც წლებია სტარტაპერების მთავარი მხარდამჭერია ქვეყანაში. თიბისი, პროგრამა სტარტაპერთან ერთად შემოთავაზებას მაშინვე დათანხმდა და ღონისძიების ყველა ეტაპის სამზადისშია ჩართული.

Startup Connect-ის მმართველი დირექტორი, სალომე კუკავა გვიყვება, რომ წინა წელს, Startup Grind-ის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციაზე, ერთ-ერთ მოწვეულ სპიკერებს შორის იყო Pegasus Tech ventures-ის პარტნიორი, რომელსაც ადგილობრივ დონეზე ღონისძიების ორგანიზება და გარემო მოეწონა, ორგანიზატორების გუნდს ნდობა გამოუცხადა და შესთავაზა, Startup World Cup-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონალური შეჯიბრი სწორედ საქართველოში გამართულიყო.

 

Startup connect გამოწვევას არ შეუშინდა. სალომეს თქმით, რეგიონალური ღონისძიება ბევრად სცდება მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნებს, ამიტომ მის სახელწოდებად - Black sea and Beyond Regional Competiton შეირჩა და უფრო ზუსტად, მონაწილე ქვეყნების სია შემდეგია:

  • საქართველო;
  • სომხეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • უკრაინა;
  • რუმინეთი;
  • ბულგარეთი;
  • მოლდოვა;
  • თურქეთი;
  • რუსეთი;
  • უნგრეთი;
  • სლოვაკეთი;
  • ყაზახეთი.

რომ არა კორონავირუსი, ამ ქვეყნის გუნდები, სტარტაპერები, საერთაშორისო სპიკერები, ღონისძიების პარტნიორები და მოწვეული სტუმრები ერთად მოიყრიდნენ თავს და საქართველოს, როგორც ქვეყანას უკეთ გაიცნობდნენ. თუმცა, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ პანდემიამ ამ შეჯიბრის გეგმებიც შეცვალა და ის ონლაინ პლატფორმა Hopin.to-ზე გადაიტანა.

სალომე განმარტავს, რომ ეს ის პლატფორმაა, რომელზეც არაერთი ძალიან მსხვილი ვირტუალური კონფერენცია და ღონისძიება ტარდება. პლატფორმას აქვს ნეთვორქინგისა და გამოფენის გამართვის შესაძლებლობაც.

 

“ვირტუალურ ღონისძიებებში ყველაზე დიდი გამოწვევა იმავე შესაძლებლობების არსებობაა, რისთვისაც ივენთებს ესწრები – ეს ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაა. სტარტაპებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ სწორი კონტაქტები იპოვონ და ინვესტორები მოიზიდონ, ამიტომ ვირტუალური ღონისძიებისთვის Hopin.to ყველაზე ხელსაყრელი პლატფორმაა – განმარტავს სალომე.

 

Black sea and Beyond Regional Competition მხოლოდ კონკურსს არ მოიცავს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს მოუსმინოს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან. ერთ-ერთი, ვინც სტარტაპერებს გამოცდილებას გაუზიარებს, თიბისი-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანია, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო სპიკერთან, ბილ რაიქერტთან ინტერვიუს გამართავს.

 

სალომე ამბობს, რომ თიბისის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით სტარტაპერები გრძნობენ, რომ კერძო სექტორი ინოვაციებს უჭერს მხარს. თიბისი სწორედ ის კომპანიაა, რომლისთვისაც მაღალი ტექნოლოგიები პრიორიტეტია და სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს,

 

როგორი იქნება Black sea and Beyond Regional Competition

 

მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტთ და 24 ივლისამდე რეგისტრაციასაც გაივლით, თქვენი და თქვენი სტარტაპის ბედი საერთაშორისო ჟიურიზე იქნება დამოკიდებული. აპლიკანტებიდან ჟიური პირველ რიგში, მოკლე სიას აარჩევს, რომელთაგანც ფინალში 12 ქვეყნიდან სულ 10 სტარტაპი გადავა.

 

შერჩეულ სტარტაპერებს 28 ივლისს ტრენინგები ჩაუტარდებათ, სადაც წარდგენისთვის მოემზადებიან. ათივე მათგანი 30 ივლისს, ფინალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე საკუთარი სტარტაპის ფიჩინგს გააკეთებს, რომლისთვისაც მათ მხოლოდ 5 წუთი ექნებათ, ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებული კი იმ დღესვე გახდება ცნობილი.

სალომე ამბობს, რომ Startup World Cup მაღალი დონის შეჯიბრია, კონკურსანტები მილიონი დოლარისთვის იბრძვიან და ყველას აქვს მოლოდინი, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას ყველაზე გამოცდილი და წარმატებული სტარტაპები მიიღებენ, შესაბამისად კონკურენციაც ძალიან მაღალი იქნება.

 

სილიკონ ველზე გასამართ ფინალზე გამარჯვებულის გამგზავრებას თიბისი დააფინანსებს. ჩვენთან საუბრისას, ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დაფინანსებაზე მეტად მნიშვნელოვანი შინაარსია – თიბისი დიდი ხანია მხარს უჭერს სტარტაპებს და მათ მომავალ განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

“მგონია, რომ ღონისძიება, ისევე, როგორც ზოგადად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვან შინაარსს ატარებს იმიტომ, რომ საქართველო აქ თამაშობს არა როგორც უბრალოდ სტარტაპერების ქვეყნის, არამედ რეგიონალური ჰაბის როლს.  ასევე, იმიტომაც, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ქვეყნის კონკურსანტი მოიყრის თავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნისთვის, რადგან აქამდე, არ მახსენდება, რომ რეგიონალურ ჰაბად აღქმული ვყოფილიყავით, – ამბობს ნიკა ქურდიანი.

სალომე აღნიშნავს, რომ კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია და იმედი აქვთ, რომ ქართული სტარტაპი ფინალისტებს შორის მაინც მოხვდება. თუმცა, იმისთვის, რომ გული არავის დაწყდეს, Startup Connect-მა ოცეულში მოხვედრილი კონკურსანტებისთვის სხვადასხვა პრიზები დააწესა:

 

ტოპ 3 გუნდი მიიღებს:

  • მენტორინგის კურსს Bill Reichert-სგან (VC- Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი);
  • ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს Startup Grind Europe-Asia Connect Virtual Convention-ში.

3 გუნდი, რომელიც ზრდის პოტენციალის მიხედვით აირჩევა მიიღებს:

  • მასტერკლასს Growth Hacking Clinic, ევროპის ყველაზე დიდი Growth Hacking conference-ის დამფუძნებლის, ანდრეა რობერტო ბიფულკოსგან.

ტოპ 10 გუნდი:

  • წარდგება საერთაშორისო ონლაინ რეგიონალურ ფინალში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან დამსწრეები მონაწილე ქვეყნებიდან, ინვესტორები 3 კონტინენტიდან, ექსპერტები Founder Fund, Misson gate და სხვა საერთაშორისო ვენჩერული კაპიტალის წარმომადგენლები.

ტოპ 20 გუნდი მიიღებს:

  • 1,5 მილიარდი დოლარიანი ფონდის - Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორების წინაშე წარდგენის შესაძლებლობას;
  • VIP networking-ის შესაძლებლობას ღონისძიების განმავლობაში;
  • ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს ონლაინ საკონვენციო პლატფორმაზე Startup World Cup-ის ფინალური ღონისძიებისთვის;
  • Startup Grind Europe-Asia Connect Online-ის უფროსი VIP ბილეთებს;
  • შეხვდება ინვესტორებს და Vip სტუმრებს ვირტუალური გალერეის სპეციალურ სივრცეში.

მანამდე, სანამ გამარჯვებული კალიფორნიაში, გლობალურ კონკურსზე წავა, შანსი ექნება, პრაღაში, ევროპის რეგიონალურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რომლის საპრიზო ფონდი 500, 000 დოლარია.

 

30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რაც ქვეყნის ცნობადობას და პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. თუ ამ ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, სალომე ვარაუდობს, მომავალ წელს, კიდევ ექნებათ შანსი, რეგიონში ლიდერობა არ დათმონ და მონაწილეებს უკვე ადგილზე უმასპინძლონ.

 

ასე რომ, თუ ხარ სტარტაპერი, გაქვს საკუთარი იდეის იმედი და გინდა, რომ უნიკალური გამოცდილება მიიღო, 24 ივლისამდე შეგიძლია გაიარო რეგისტრაცია და გახდე უპრეცედენტო შესაძლებლობის ნაწილი.