Business news
პავლე გაბრიჭიძის რჩევები ბიზნესებს - სოციალური მედიის როლი ბიზნესის წარმატებაში
ბიზნეს ბლოგი
15 August 2024
visibility 1004



სოციალურმა  მედიამ  ძირეული ცვლილებები გამოიწვია ბიზნესის მართვაში, განსაკუთრებით კი მომხმარებელთან ურთიერთობაში - კომუნიკაცია დიალოგის ფორმატში გადაიყვანა და ახლა უკვე წამებში შეგვიძლია მომხმარებელთან ინტერაქციაში შესვლა, აზრების, შეფასებების გაცვლა და დიალოგის წარმოება. ეს კი ბიზნესს უქმნის დიდ შესაძლებლობას, გაითვალისწინოს მომხმარებლის აზრი და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება.

 

სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და მისი გამოყენების სპეციფიკაზე, ფრილანს კრეატიული დირექტორი და ციფრული მარკეტინგის ლექტორი პავლე გაბრიჭიძე გვესაუბრება:

 

როგორ შეცვალა ბიზნესის საქმიანობა სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებამ?

 

სოციალური მედია ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქმიანობა უფრო ეფექტურად წარმართონ არაერთ ასპექტში, განვიხილოთ თითოეული მათგანი.    

 

სოციალური მედია იძლევა გლობალურ წვდომას. სხვადასხვა არხის მეშვეობით, ძალიან სწრაფად შეგვიძლია მივწვდეთ ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფ ადამიანებს და გავაცნოთ მათ ჩვენი ბიზნეს საქმიანობა და პროდუქტი.

სოციალური მედია გვაძლევს მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტად შერჩევის შესაძლებლობას.  შეგვიძლია ზუსტად ის სამიზნე აუდიტორია შევარჩიოთ, ვინც ჩვენ გვაინტერესებს,  დემოგრაფიული მახასიათებლების, ინტერესების თუ ციფრული ქცევების მიხედვით.

 

ერთ-ერთი უპირატესობა, რაც სოციალურ მედიას ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებთან შედარებით აქვს არის მცირე ხარჯიანობა, ციფრული არხებით კომუნიკაცია გაცილებით დაბალბიუჯეტურია და თან არც მინიმალური შეზღუდვები არსებობს — შეგვიძლია დავხარჯოთ იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც კონკრეტულ მომენტში გვაქვს.

მონიტორინგის და გაზომვის მყისიერი შესაძლებლობა — ციფრული პლატფორმების გამოყენებით შედეგების მონიტორინგი ლაივ რეჟიმშია შესაძლებელი. ლაივ რეჟიმშივე ვიღებთ უკუკავშირს მომხმარებლებისგან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, მყისიერადვე შეგვიძლია სასურველი კორექტირებების შეტანა მიმდინარე კამპანიაში, უკეთესი შედეგის მისაღებად.

პერსონალიზებული კომუნიკაციის შესაძლებლობა — ტრადიციული საკომუნიკაციო არხებისგან განსხვავებით, ციფრული პლატფორმების გამოყენებით შესაძლებლობა გვაქვს მომხმარებელთან მასზე მორგებული, ინდივიდუალური კომუნიკაცია ვაწარმოოთ, მაგალითად, კომენტარების სექციაში — ინდივიდუალურად ვუპასუხოთ მათ კითხვებს თუ შეფასებებს და გავუწიოთ დახმარება პროდუქტის შერჩევის თუ შესყიდვის პროცესში.

 

რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ბიზნესის წარმატებაზე?

ვფიქრობ, ძირეული გავლენის მოხდენა შეუძლია. ხშირ შემთხვევაში სოციალური მედია ბევრი კომპანიისთვის მთავარი საკომუნიკაციო და სარეკლამო არხია, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა თუ ფინანსური შედეგების დაგენერირებაში.

 

სოციალური მედიის პლატფორმებს განსხვავებული დანიშნულება და სპეციფიკაცია აქვს. ეს კი, შესაძლებლობაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომ საკუთარი მიზნებიდან, პროფილიდან თუ პროდუქტიდან გამომდინარე, სწორ სეგმენტებს მიწვდეს და ცნობადობა სამიზნე ჯგუფებში სწრაფად, მარტივად გაზარდოს.

 

ამავდროულად, სოციალური მედია ბრენდის გარშემო ლოიალური აუდიტორიის შემოკრებაშიც გვეხმარება. ერთსა და იმავე აუდიტორიასთან პირდაპირი და კონსისტენტური კომუნიკაციის შესაძლებლობით (რემარკეტინგის, ბრენდირებული ჯგუფების, პერსონალური კომუნიკაციის საშუალებით), კომპანიები აუდიტორიასთან ემოციური ბმის დამყარების, გაძლიერების და ლოიალობის დონის გაზრდას ახერხებენ. საბოლოოდ კი, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ბიზნესის წარმატებაზე აისახება.

 

 

დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სოციალური პლატფორმაა, რომელი პლატფორმა რისთვის უნდა გამოიყენოს ბიზნესმა, რომ უკეთესი შედეგები მიიღოს?

თითოეული სოციალური მედიის არხი სხვადასხვა სპეციფიკით ხასიათდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, თქვენი ბრენდის/პროდუქტის/სერვისის შესაბამისად, კომუნიკაციის რელევანტური არხები შეარჩიოთ და თითოეული არხის სპეციფიკაზე მორგებული კონტენტი შექმნათ.

 

სოციალური მედიის პლატფორმებს შორის, საქართველოში Facebook ყველაზე მასობრივი საკომუნიკაციო არხია და ვიწრო სპეციფიკა არ აქვს. თუმცა, ამ არხში, უმეტესად, მაინც საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები აქტიურობენ.

ბრენდებისთვის ამ პლატფორმაზე აქტიურობის ძირითადი მიზანი ცნობადობის გაზრდა, იმიჯის ფორმირება, ლოიალური აუდიტორიის შემოკრება და გაყიდვების სტიმულირებაა.

LinkedIn პროფესიული კავშირების დამყარებისთვისაა განკუთვნილი, კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული, საქმიანი პლატფორმაა.


 კომპანიებისთვის ამ არხის გამოყენება განსაკუთრებით რელევანტურია B2B მიზნებისთვის. ეს სივრცე იდეალურია, წარმოვაჩინოთ კომპანიის საქმიანობა, ბიზნეს შედეგები და მიღწევები, გავაცნოთ აუდიტორიას ახალი პროდუქტები თუ სერვისები, ავუხსნათ როგორ დაეხმარებათ მათი გამოყენება თავიანთ პროფესიული მიზნების მიღწევაში თუ ბიზნეს საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ამავდროულად, ხაზი გავუსვათ ჩვენი კომპანიის საიმედოობას და სტაბილურობას, ბიზნეს პარტნიორობის ჭრილში.

 


LinkedIn-ის არხის გამოყენება, ასევე, რელევანტურია სასურველ დამსაქმებლად პოზიციონირების ჭრილში. ამ არხში კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომლები, სამუშაო გარემო, პროფესიული თუ კარიერული განვითარების მიდგომები, იმ მიზნობრიობით რომ რაც შეიძლება მეტ ტალანტს გაუჩნდეს ამ კომპანიაში მუშაობის სურვილი და მოტივაცია.


Instagram ვიზუალური სთორითელინგის, ანუ ამბების თხრობის პლატფორმაა. ამ არხში ყველაზე დიდი ყურადღება ვიზუალურ ესთეტიკას ექცევა. მომხმარებელი ინსტაგრამს სტუმრობს იმისთვის, რომ ინსპირაცია მიიღოს, თვალისთვის სასიამოვნო, საინტერესო კონტენტი დაათვალიეროს, საკუთარი ცხოვრების სტილი წარმოაჩინოს, მისთვის საინტერესო ნივთები აღმოაჩინოს და ონლაინ იშოპინგოს. შესაბამისად, ბრენდებმაც ამ არხში შესაბამისი კონტენტი უნდა აწარმოონ და წარმოაჩინონ, როგორია ცხოვრების სტილი მათი პროდუქტების და სერვისების თანხლებით.

სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტაგრამი ინფლუენსერების ფავორიტი პლატფორმაა. ამიტომ ამ არხს კომპანიებმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ და მათი ბრენდის, პროდუქტის, თუ სერვისის შესაბამისად, კონტენტ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან ითანამშრომლონ.

დამატებით კი, უნდა აღინიშნოს ინსტაგრამ სთორის არხიც, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, მომხმარებელთან ყოველდღიური, უშუალო კომუნიკაცია აწარმოონ და გაზარდონ როგორც მომხმარებლის ჩართულობა, ისე — გაყიდვები და ლოიალურობის დონე.

TikTok სოციალური მედიის ყველა სხვა არხისგან საოცრად სწრაფად განახლებადი ტრენდების კულტურით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომაა TikTok ახალგაზრდების საყვარელი პლატფორმა, თუმცა, ასაკობრივი კატეგორია დღითიდღე იზრდება.

კომპანიებისთვის TikTok არხის გამოყენება არის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა აუდიტორიას მიწვდნენ, წარმოაჩინონ ბრენდის იდენტობა, ფილოსოფია, ღირებულებები შემოქმედებითი გზით და გააჩინონ/გააძლიერონ ემოციური ბმა სამიზნე აუდიტორიასთან.

ეს არხი იდეალურია:
- საინტერესო და გაზიარებადი კონტენტის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება ვირუსულად გავრცელდეს და მნიშვნელოვნად გაზარდოს ბრენდის ცნობადობა.

- ინტერაქტიული კონტენტის შესაქმენლად პლატფორმის ფუნქციების გამოყენებით, როგორიცაა გამოწვევები, დუეტები და ლაივ სტრიმები ჩართულობის გასაზრდელად და აუდიტორიის ახლოს შემოსაკრებად.

 

- მომხმარებლების წასახალისებლად შექმნან ბრენდთან დაკავშირებული User Generated კონტენტი, რაც ხელს შეუწყობს ბრენდზე ავთენტური კონტენტის შექმნას და ბრენდის მიმართ ემოციური ბმის გაძლიერებას.

 

- ინფლუენსერებთან და კონტენტ კრეატორებთან თანამშრომლობისთვის — მათი ჩართულობით/მათთან პარტნიორობით შექმნან რელევანტური კონტენტი, წარმოაჩინონ საკუთარი ღირებულებები, გაზარდონ ცნობადობა, კონტენტ კრეატორების ავტორიტეტი საკუთარი ბრენდის სასიკეთოდ გამოიყენონ და მათი მიმდევრები თავიანთ მომხმარებლებად აქციონ.

 

 

რა არის ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ბიზნესმა თუკი სოციალური მედიის გამოყენებას  ახლა იწყებს?

 

ყველაზე მთავარი თითოეული პლატფორმის სპეციფიკის და ალგორითმის ცოდნაა — რა კრიტერიუმებით აფასებს თითოეული პლატფორმა კონტენტს და ზოგადად, როგორ მუშაობს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სწორად გვესმოდეს და ვიცნობდეთ ვინაა ჩვენი სამიზნე აუდიტორია — რა აინტერესებთ, რა საჭიროებები და წუხილები აქვთ, რა იმედები და მისწრაფებები აქვთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას სწორად შევიმუშაოთ ეფექტური და ინტერაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგია.

 

აქვე ყურადღებას გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე — ხშირად კომპანიებს ავიწყდებათ, რომ კონტენტი უნდა შექმნან აუდიტორიისთვის და არა საკუთარი თავისთვის.  თითოეულ კონტენტს რაიმე ღირებულება, შინაარსი, დანიშნულება უნდა გააჩნდეს მომხმარებლებისთვის და არ უნდა იყოს რიგითი პოსტი, რომელიც უბრალოდ გეგმის მიხედვით განთავსდა.