Business news
თანამედროვე საირიგაციო სისტემის, პივოტის უპირატესობები
ბიზნეს ბლოგი
18 November 2024
visibility 384


ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი აგრო კრედიტი და შეღავათიანი სახელმწიფო პროგრამები, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საირიგაციო (სარწყავ) სისტემებზე. თუკი წლების წინ ფერმერები, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, უარს ამბობდნენ მორწყვის თანამედროვე მეთოდებზე და დიდ თუ მცირე მიწებს ტრადიციული, მიღვარვის მეთოდებით რწყავდნენ, დღეს უკვე ყველასთვის ცხადი გახდა თანამედროვე სისტემების უპირატესობა არა მხოლოდ მოსავლის რაოდენობისა თუ ხარისხის, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც.

წვეთოვანი და დაწვიმებით მორწყვა ორი ძირითადი მეთოდია, რომელსაც  ფერმერები ათწლეულებია წარმატებით იყენებენ მსოფლიოში. გასარწყავიანებული მიწების 80% სწორედ დაწვიმებით, დანარჩენი 20% კი წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ირწყვება.


ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის (გამოკვების) სისტემების მომწოდებელი კომპანია „პროაგროს“ დამფუძნებელი და დირექტორი, დავით მალაზონია თანამედროვე საირიგაციო სისტემის, პივოტის უპირატესობებზე გვესაუბრება.  პივოტი დაწვიმებითი მორწყვის ერთ-ერთი მეთოდია, იგი გამოიყენება დიდ მიწებზე, ძირითადად ერთწლიანი კულტურების სარწყავად, როგორიცაა სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, ხორბალი, იონჯა. პივოტი შეიძლება იყოს უძრავად დამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც წყალს მიწის ზედაპირზე წვიმასავით აფრქვევს, ან სარწყავი მოწყობილობა, რომელიც ცენტრალური საყრდენის გარშემო  ბრუნავს და ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაზე წყალს სპრინკლერების საშუალებით წრიულად  ანაწილებს. მისი ხაზოვანი, მბრუნავი მექანიზმით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის ნაკვეთის მორწყვა, თუმცა, როგორც წესი, მისი გამოყენება რეკომენდირებულია 30 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწებზე.

„პივოტური სარწყავი სისტემების გამოყენება ეკონომიურია 30 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რადგან მცირე მიწებზე საჰექტარო ღირებულება იზრდება. სწორედ ამიტომ, კომპანია „პროაგრო“ იწყებს ფრონტალური პივოტური სარწყავი სისტემების დანერგვასაც, რომელიც შედარებით პატარა, 10 - 30 ჰა ფართობის მიწებისთვის  იქნება გათვალისწინებული და დაეხმარება ფერმერებს, დაზოგონ არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ფინანსური რესურსიც. ამასთანავე, გაზარდონ მოსავლის როგორც რაოდენობა, ასევე ხარისხიც, რადგან ამავე სისტემებში ინტეგრირებულია საფერთიგაციო (მკვებავი) მექანიზმიც, რაც უზრუნველყოფს მცენარის ერთგვაროვან ფერთიგაციას, ანუ სასუქის თანაბრად განაწილებას ნაკვეთში. ყველაფერი ეს კი, შესაძლებელია პროცესების ავტომატიზაციითა და დისტანციური მართვით, რაც ასევე ამცირებს ხარჯებს და ზრდის პროდუქტის ხარისხს“, - ამბობს დავით მალაზონია.

სარწყავი და საფერტიგაციო სისტემების დისტანციური ავტომატური მართვის  მეთოდით შესაძლებელია ირიგაციისა და ფერთიგაციის პროცესის სრული კონტროლი დისტანციურად - აპლიკაციის, ვებ-გვერდის და კომპიუტერის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია SMS-შეტყობინებების მიღება კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. 

პივოტის მთავარი ტექნიკური უპირატესობები:

•  წყლის ეფექტური გამოყენება - წყლის დასხურების მაღალი ინტენსივობის შესაძლებლობა დაბალი წნევის ქვეშ.

•  შესაძლებლობა მოირწყას არათანაბარი ფართობები, ფერდობები.

•  პრაქტიკულად შეუცვლელია მაღალი მცენარეებისათვის (სიმინდი), ასევე მინდვრის კულტურებისათვის (იონჯა, სოია, ბამბა, მარცვლეული და სხვა). 

• მოქნილია, მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით, უზრუნველყოფს წყლის დაფარვის სიზუსტეს და ერთგვაროვნებას.

• აქვს თანამედროვე ფერთიგაციის, მცენარეთა მონიტორინგის და კონსალტინგის   ტექნოლოგიების ჩაშენების შესაძლებლობა.


ფინასური უპირატესობები:

- პივოტური სარწყავით შესაძლებელია მოსავლის 50-100%-ით გაზრდა და ხარისხის საგრძნობი გაუმჯობესება.

- ნაკლები საწყისი ინვესტიცია დანადგარში და მის ავტომატური/დისტანციური მართვის სისტემაში - შედარებით დაბალი საჰექტარო პირველადი ინვესტიცია (1500 -2500 $/ჰა).

- ნაკლები ინვესტიცია ინფრასტრუქტურაზე - მხოლოდ ერთი მილი (250-600 მ), იაფი საფილტრი სისტემა, სტანდარტული სატუმბი სადგური იაფი ელექტრო მართვით.

- ხანგრძლივი ექსპლოატაციის და ამორტიზაციის დრო (რამდენიმე ათეული წელი, 50 წელი და ზემოთ). 

- დაბალი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების ხარჯები.

- სასუქების ეკონომია.

- გარემოს დაცვა, არა ნიადაგის ეროზია, მდგრადი და ურისკო სოფლის მეურნეობა. 

 - წარმოება გლობალური დათბობის პირობებში.

„პივოტური სარწყავი სისტემა ზრდის მოსავალს 50-100%-ით და ამცირაბს ოპერაციულ ხარჯებს. ნამეტი პროდუქციით და ეკონომიის ხარჯზე პირველადი ინვესტიცია იფარება 2 ან 3 სეზონში. სახელმწიფო იაფი კრედიტის პროგრამა ფერმერებს აძლევს საშუალებას, პირველადი ინვესტიცია დაფარონ 2-3%-იანი სესხით. გამოდის, რომ თუ დაამონტაჟებთ პივოტს,  2-3 წლის ნამეტ პროდუქციას თმობთ, შემდეგი წლების ნამეტი კი, პივოტთან ერთად, თქვენია“, - ამბობს დავით მალაზონია.

პირველი ქართული ინსტალერი კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე საირიგაციო, ავტომატიზაციისა და მცენარეთა ფერტიგაციის სისტემების მოწოდებას უზრუნველყოფს, კომპანია პროაგროა (Proagro). ის 2013 წლიდან ამერიკული კორპორაცია Lindsay Corporation-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და ლიდერი ბრენდის - Zimmatic-ის სარწყავი სისტემების მონტაჟის ახორციელებს.