Success Stories
როგორ გარდაიქმნა ყავის ლაბორატორია ონლაინ სივრცედ
Hammock Magazine
21 August 2020
visibility 2214

ყავის ლაბორატორია, რომელიც რამდენიმე წელია უგემრიელეს Specialty ყავას სთავაზობს მომხმარებლებს, მრავალფეროვანი მიმართულებებითაც გამოირჩევა. Coffee Lab-ის მომხმარებელს, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნება, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაც შეუძლია. ყავის ლაბორატორია, რომელიც 100-მდე სხვადასხვა კომპანიას - რესტორანს, კაფეს, სასტუმროს აწვდის ყავის მარცვალს, თავისი მშვიდი ატმოსფეროთიცაა გამორჩეული. 

ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს Coffee Lab-ის დამფუძნებელ გიორგი აივაზიანთან, რომელიც კომპანიისა და მისი ალტერნატიულ რეალობაში ფუნქციონირების შესახებ გვიყვება.

 

გიორგი, მოგვიყევი როდის და როგორ გაგიჩნდა ყავის ლაბორატორიის დაარსების იდეა?

 

დაახლოებით 10 წელი ვმუშაობდი საბანკო სფეროში, შემდეგ სასწავლებლად წავედი და რაც საქართველოში დავბრუნდი, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა კორპორაციულ სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა. ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც იქნებოდა ახალი, საინტერესო და თან ისეთი, რაც იმუშავებდა. საბოლოოდ, ყავის ლაბორატორიის იდეამდე მივედი, როდესაც ლონდონში გავემგზავრე ყავის ფესტივალზე, სადაც ამ პროდუქტის მიმართ სულ სხვანაირი მიდგომა დავინახე. მომხიბლა Specialty ყავის ხილის ნოტებით სავსე გემოვნურმა თვისებებმა და მისი დამუშავების სპეციფიკამ, რის შედეგადაც გაჩნდა Coffee Lab.



რას გულისხმობს Coffee Lab-ის კონცეფცია?

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი არატრადიციული ყავის გემო და მისი მომზადების განსხვავებული კულტურა, რომელიც სწორედ Specialty ყავის ორგანულ, ცოცხალ, არომატულ, კომპლექსურ და დაბალანსებულ გემოს მიიტანდა მომხმარებლამდე.

თავდაპირველად მსურდა Coffee Shop-ების ქსელის დაარსება, თუმცა მაშინ ეს  ბიზნესმოდელი მომხიბვლელი არ ჩანდა, ამიტომაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი Coffee Shop არსებობს თბილისში. მეორე მიმართულება გულისხმობს ჩვენი მხრიდან ყავის მარცვლის იმპორტს, მის მოხალვასა და სხვადასხვა კომპანიებისთვის მიწოდებას. მესამე მიმართულება კი ყავის ტექნიკის ბაზარზე შემოტანას და რეალიზაციას ემსახურება. რეალურად Coffee Shop არის ის სივრცე, სადაც ყველაზე თვალსაჩინოა ჩვენი არსებობის იდეა, კონცეფცია და ღირებულებები.


რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?

 

ყველაზე რთული დაგეგმვის ეტაპი აღმოჩნდა, რადგან, როდესაც გგონია, რომ ყველა ნიუანსი და სირთულე გაითვალისწინე, საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ რეალური ციფრები ბევრად განსხვავებულია იმისგან, რაც ფურცელზე ჩამოწერე. გარდა ამისა, მე დიდი მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მარტივად აიტაცებდა ხალხი ამ პროდუქტს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მიჩვეულია მუქად მოხალული ყავის მწარე გემოს, რთული აღმოჩნდა ჩვენი, Specialty პროდუქტის განსხვავებული მარცვლისა და გემოს  პოპულარობის ზრდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და მგონია, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან დღეს უკვე ხალხი გვიცნობს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ, არატრადიციულ ყავის ლაბორატორიად.


როგორ შეიქმნა Coffee Lab-ში ის მშვიდი სამუშაო ატმოსფერო, რომლის ნაწილიც მეც ხშირად ვყოფილვარ?

 

ჩემთვის ეს ადგილი არის მეორე სახლი და როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ისეთია. ბევრი მოდის სამუშაოდ, რადგან არის მშვიდი გარემო, გემრიელი ყავა და კერძები. ასეთი ატმოსფერო თავისთავად ჩამოყალიბდა, ჩვენ ხელოვნურად არ ჩავრეულვართ და ეს, ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაც არის.

 

რა გავლენა იქონია Coffee Lab-ზე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა - კორონავირუსის გავრცელებამ და მუშაობის დისტაციური რეჟიმის შემოღებამ?

 

როგორც კი პირველად ითქვა საგანგებო მდგომარეობის შესახებ, იმ დღიდანვე Coffee Lab-ის კარი შიგნიდან დავხურეთ, თუმცა ჩვენს მომხმარებლებს შეეძლოთ გარე სივრცით ესარგებლათ ან წაეღოთ ჩვენი პროდუქტი. სამწუხაროდ, მალევე მოგვიხდა მთელი ტერიტორიის დახურვა, რადგან რთული აღმოჩნდა ჩვენი პერსონალის გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა. თავდაპირველად ჩვენც გაურკვევლობაში აღმოვჩნდით, პერსონალიც გავუშვით სახლებში, თუმცა დღემდე ანაზღაურებად შვებულებაში არიან. მეორე მხრივ, ყოველდღიურად ვიღებდით წერილებს ჩვენი მომხმარებლებისგან, რადგან, როდესაც ამ ტიპის ყავას ეჩვევი, შემდეგ რთული ხდება მისი მიტოვება. ამ ფაქტმა ძალიან შეგვაწუხა და ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც მინიმალური რისკებით მივაწოდებდით ყავას ჩვენს მომხმარებლებს.



და, როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?

 

შევქმენით ონლაინ მაღაზია - https://www.coffeelab.ge/e-shop, საიდანაც ყავის მარცვლისა და ყავის მოსამზადებელი მარტივი მოწყობილობების დისტანციურად შეძენაა შესაძლებელი. შევიმუშავეთ ასევე მიტანის სერვისი, რომელიც კვირაში ერთხელ იქნება ხელმისაწვდომი, რადგანაც, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ზოგადი მოთხოვნები თუ რეკომენდაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. 

 

როგორ შეიცვალა თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარდა ის კომპანიებიც, რომელთაც ყავას ვაწვდიდით, ან დაიხურნენ, ან ვეღარ მუშაობენ იმ დონეზე, როგორც კრიზისამდე, ეს ჩვენთვის დიდი ფინანსური დარტყმაა. თუმცა ვფიქრობ, რომ შევიმუშავებთ ისეთ გეგმას, რაც ჩვენ თანამშრომლებს უხელფასოდ არ დატოვებს. გარდა ამისა, გვინდოდა მეორე ფილიალის გახსნა, თუმცა ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს პროცესიც შეჩერდა. სხვა მხრივ, ჯერ მაინც არაპროგნოზირებადია ყველაფერი, მაგრამ, თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ ყავის დიდი მარაგი აქვს Coffee Lab-ს.