Business news
როგორი იყო სტარტაპების პრე-აქსელერაციის 2023 წლის პროგრამა, ტრენინგები ტალინში და დემო დღე
ბიზნეს ბლოგი
07 February 2024
visibility 4413

A group of people posing for a photo

Description automatically generated

უკვე მესამე წელია, Impact Hub Tbilisi-ს ინციატივით, სტარტაპ პრე-აქსლერატორი ფუნქციონირებს, რომელიც მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს – გაიარონ შესაბამისი პროგრამა და ისწავლონ ბიზნესმოდელის, სტრატეგიის, ფინანსური გეგმისა და ბიზნესისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის შექმნა. პრე-აქსელერატორის დასაარსებლად გუნდმა სპეციალური კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და იქ მიღებული ცოდნა ადგილობრივი პროგრამის შესაქმნელად გამოიყენა.

 

პრე-აქსელერატორის ფარგლებში უკვე 4 ნაკადი (რაც ჯამში 81 სტარტაპია) გადამზადდა და მონაწილე სტარტაპებმა 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია და გრანტი მოიპოვეს. 2023 წლის მონაწილეებისთვის კი სიახლეები დაინერგა. კერძოდ, წელს შერჩეული სტარტაპები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრნენ, სადაც Startup Wise Guys-ის აქსელერატორს შეუერთდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საერთაშორისო პროგრამის მენტორებისგან მიიღეს რჩევები და გამოცდილება. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ, ესტონურ ეკოსისტემასაც გაცნობოდნენ და იქაური ინოვაციური გადაწყვეტები თავისი იდეის ჭრილში გადმოეთარგმნათ. 9 ფინალისტმა ჯამში 12-კვირიანი პროგრამა გაიარა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და 30 იანვარს დემო დღეზე წარმატებით წარდგა ინვესტორების წინაშე.

 

ქეთი ებანოიძე Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელია, რომელიც უკვე მრავალი წელია, სტარტაპების განვითარებაზე ზრუნავს საქართველოში. წლევანდელი პრე-აქსელერატორით ის ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ სამომავლოდ სტარტაპებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

A person singing into a microphone

Description automatically generated

M: ქეთი, პირველ რიგში წლევანდელი პრე-აქსელერაციის პროგრამა შევაჯამოთ: იყო თუ არა მაღალი მოთხოვნა მონაწილეობაზე და როგორ შეირჩნენ საბოლოო მონაწილეები?

 

პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და განაცხადების ხარისხიც სულ უფრო უმჯობესდება. წელს, პროგრამის დასაწყისში შევარჩიეთ 21 სტარტაპი, ხოლო შუალედში ჩავატარეთ შიდა დემო დღე, სადაც დამოუკიდებელმა მენტორებმა და ჟიურის წევრებმა, 9 ფინალისტი გუნდი შეარჩიეს. საბოლოო დემო დღეზეც სწორედ ეს 9 სტარტაპი წარდგა.

 

M: წელს შერჩეული ფინალისტები ტალინში, Startup Wise Guys-ის ტრენინგებზე გაემგზავრნენ – როგორ მოხდა თქვენ შორის დაკავშირება და რა შესაძლებლობები მისცა ამან მონაწილეებს?

 

2021 წლიდან მოყოლებული, რაც პრე-აქსელერატორი არსებობს, ჩვენს მონაწილეებს ყოველთვის ვთხოვთ დეტალური უკუკავშირის გაზიარებას. სწორედ მათ უკუკავშირზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ საერთაშორისო კომპონენტის დამატება. გასულ წელს ვიყავი ტალინში ღონისძიებაზე, სადაც შევხვდი Startup Wise Guys-ის წარმომადგენლებს, მოვუყევი ჩვენი საქმიანობის შესახებ და ვთხოვე გამოცდილების გაზიარება. იქვე გავცვალეთ საკონტაქტო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევხმიანდით და შევთანხმდით თანამშრომლობის დეტალებზე, წელს კი უკვე პირველი ბუთქემფი შედგა, რომლითაც პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ესტონურ სტარტაპ ეკოსისტემას, თავიანთი იდეები გაევლოთ ისეთ მენტორებთან, რომლებიც ქმნიან ტალინში ამ ეკოსისტემას; გარდა ამისა, ტალინშიც გვქონდა დემო დღე, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა იქაურ სტუმრებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან წარადგინეს თავიანთი პრეზენტაციები. რამდენიმე სტარტაპით უკვე დაინტერესდნენ ესტონელები და ვფიქრობთ, რომ შეიძლება სამომავლო თანამშრობლობაც შედგეს მათ შორის.

 

M: თვითონ ამ აქსელერატორზეც თუ შეიძლება ვისაუბროთ – რამდენად დიდია მისი მასშტაბი და როგორ ეხმარება სტარტაპებს?

 

აღმოსავლეთ ევროპაში Startup Wise Guys არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერატორი, რომელიც ცოდნისა და გამოცდილების გარდა, ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში. იმისთვის რომ მივხვდეთ, რა მასშტაბზე გვაქვს საუბარი, გეტყვით, რომ Bolt იყო სწორედ ამ აქსელერატორის მონაწილე თავის დროზე. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი ახლანდელი სტარტაპით დაინტერესდნენ და იმედია, რომ დაიწყებენ მათთან საქმიან მოლაპარაკებასაც.

A group of people on stage

Description automatically generated

 

M: ქეთი, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ზოგადად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზე ასეთ აქსელერატორებთან თანამშრომლობა?

 

ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში გაცილებით დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, ვიდრე თავიდან. ამაზე გავლენას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც ახდენს. მნიშვნელოვანია, სტარტაპებმა გაითვალისწინონ, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოთი, რადგან ეს ბაზარი არ გაძლევს დიდი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობას განსხვავებით ევროპული თუ ამერიკული ბაზრებისგან, რომლის ათვისებაშიც მსგავსი აქსელერატორები დიდ როლს თამაშობენ.

A person standing in front of a group of people sitting on couches

Description automatically generated

M: თქვენი დაკვირვებით, როგორ გაიზარდნენ სტარტაპები ჯამში იმ 12 კვირის განმავლობაში, რაც აქსელერაციის პროგრამას გადიოდნენ?

 

ზოგადად, ძალიან დიდი სხვაობაა ხოლმე საწყის ეტაპსა და დემო დღეს შორის, წელსაც ასეა. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია – ვინახავთ პირველი დღის ჩანაწერებს და ვადარებთ დემო დღეს სტარტაპების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებს – განსხვავება საკმაოდ დიდია და სტარტაპებს ზრდა აშკარად ეტყობათ.

 

გარდა პრეზენტაციებისა, რომლის აწყობაშიც ვეხმარებით, ისინი უკეთ სწავლობენ ფინანსების შედგენას, ინვესტორებთან ურთიერთობას, რაც თავდაპირველად ცოტა უჭირთ ხოლმე. რა თქმა უნდა, თვითონ სტარტაპებს შორისაც არის განსხვავება და ზოგი უფრო მეტად იზრდება, ზოგი კი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ის მონაწილეები, რომლებსაც შევარჩევთ, თანაბრად მომზადებულები იყვნენ დემო დღისთვის და მინიმუმ რამდენიმე ნაბიჯით წინ იყვნენ იმასთან შედარებით, რა ეტაპზეც პრე-აქსელერაციის დასაწყისში მოდიან.

A group of people posing for a photo

Description automatically generated

M:  დემო დღის შესახებაც ვთქვათ და ზოგადად, შევაჯამოთ წლევანდელი პრე-აქსელერაციის პროგრამა…

 

დემო დღეზე გვყავდა ძალიან ბევრი პოტენციური პარტნიორი თუ ინვესტორი, რომლებმაც მოისმინეს ჩვენი სტარტაპების გამოსვლები და მათდამი ინტერესიც გაჩნდა, რაც, ვიმედოვნებთ, მომავალში თანამშრომლობაშიც გადაიზრდება.

წლევანდელი პრე-აქსელერაციის პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ თავად მონაწილე სტარტაპების კმაყოფილებას. შედეგები, რომლებიც ახლა ჩანს, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო საინტერესო ამბად გადაიქცევა სტარტაპებისთვის.