Business news
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში
ბიზნეს ბლოგი
22 September 2021
visibility 6604

ბიზნესდაჯილდოება - მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო. წელს თიბისი პარტნიორებთან ერთად გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ნომინაციები შემდეგია: 

  • საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
  •  გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
  •  საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის
  •  საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის 
  •  გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის 

ამ ბლოგში ჩვენ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის წევრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით, რას ფიქრობენ ისინი ბიზნესდაჯილდოებაზე, როგორ კომპანიებს ელიან პროექტში და რას ურჩევენ მცირე და საშუალო ბიზნესებს.


გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის წევრები გარემოსდაცვითი, სოციალური მეწარმეობის, კრეატიული სფეროსა და საკონსულტაციო მიმართულებით საქმიანობენ. ისინი თანხმდებიან, რომ ბიზნესს, რომელსაც ამ ნომინაციაში გამარჯვება სურს, ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს — კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არა ერთჯერადი კამპანიის ნაწილი, არამედ ბიზნესის საქმიანობის საფუძველი უნდა იყოს. 



ნანა ჯანაშია რამდენიმე წელია პროექტში ჟიურის წევრის სტატუსით იღებს მონაწილეობას. იგი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი ბიზნესსოციუმისთვის საჭიროა დიდი კომპანიები იყვნენ ორიენტირებულნი ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვაზე, ამასთან, ყურადღება მიაქციონ უმცირესობების წარმომადგენლებს.


“ასეთი ტიპის კონკურსები სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების წინ წამოწევას უწყობს ხელს. ხოლო, გამარჯვებული კომპანიები მაგალითს უჩვენებენ სხვებს. ამიტომაც,  სასიამოვნოა, რომ თიბისი ამ პროგრამას ახორციელებს და ხელს უწყობს სოციალური მიმართულების განვითარებას”, — ამბობს ნანა.


ნანასთვის, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული ბიზნესის საქმიანობა არ აზიანებდეს გარემოს, ხელს უწყობდეს მის დაცვას ან მდგრად განვითარებას და რაც მთავარია, იყოს ინკლუზიური ყველა მიმართულებით.


“21-ე საუკუნის ადამიანი - თაობა Z, სამართლიანად ითხოვს პასუხისმგებლიანი ბიზნესების არსებობას, ამიტომ თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ საკუთარი ადგილი ბაზარზე და გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ სოციალური პასხუხისმგებლობით.”


მცირე, ახალბედა ბიზნესებს კი CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ასეთ რჩევას უზიარებს: “მუდმივად იმუშავეთ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ უნიკალურ ბრენდად, საქმეში ჩადეთ დიდი ძალისხმევა, რადგან ეს ყოველთვის ფასდება და რაც მთავარია, გააუმჯობესეთ პროდუქტების ან მომსახურების ხარისხი, რათა გაიჩინოთ მომხმარებლის ნდობა.”


ქეთევან ებანოიძეც მრავალი წელია ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრია და მიიჩნევს, რომ ღონისძიება   ჩვენი ბიზნესსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არა მარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც აძლევს საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას. 

 

“ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა იყოს ბიზნესი, რომელიც თამამად ვიტყვით, რომ გამარჯვებას იმსახურებს. ვფიქრობდით, უნდა ყოფილიყო თუ არა აუცილებლად სოციალური საწარმო, თუ მსხვილი ან საშუალო ბიზნესი. თუმცა, შევთანხმდით, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც უამრავი სოციალური თუ გარემოსდაცვითი პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ამ ნომინაციაში. გამარჯვებულის სტატუსს კი მოირგებს ის, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმით გამოავლინა”. - ამბობს ქეთევანი. 


ქეთევანი აღნიშნავს, რომ ბიზნესდაჯილდოების კარი ღიაა ყველასთვის - სოციალური საწარმოსთვის, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის. 


“ბიზნესდაჯილდოება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ის გრძელვადიანი კამპანიაა და მასში მონაწილე ბიზნესებს ეძლევათ საკუთარი თავის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა”.


ახალბედა ბიზნესებს კი ურჩევს, რომ არ იფიქრონ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმოდელის გამართვაზე, არამედ გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა  არსებული პრობლემების გადაჭრაში.




ელენე ჟვანიას აზრით ბიზნესდაჯილდოება ახალბედა ბიზნესებს ერთგვარ პლატფორმას სთავაზობს, ზრდის მათ ცნობადობას და ზოგადად, დიდი წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში.


ელენე ნომინაციაში უპირატესობას ისეთ ბიზნესს მიანიჭებს, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს საზოგადოებასა და გარემოზე: 


“ეს შეიძლება იყოს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტს ქმნის”, — ამბობს ელენე.


Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.


 “უფრო და უფრო მეტ ბიზნესს მიაჩნია, რომ საჭიროა მისი საქმიანობა საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისკენ იყოს მიმართული, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ. რაც მთავარია, თიბისის დიდი აუდიტორია ჰყავს, ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია უსმენს მას, შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის, არათუ გამარჯვება, არამედ ღონისძიებაში მონაწილეობაც კი სასარგებლო იქნება.”


ელენე ჟვანიას რჩევა მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: 


“დაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. არ დაელოდოთ სხვას და საკუთარი ინიციატივით გადალახეთ დაბრკოლებები, რომლებიც ამ გზაზე შეგხვდებათ. რაც მთავარია — დაიწყეთ ახლა!”



ლივინგსტონის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პროექტის დახმარებით ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი სიძლიერეები თუ სუსტი მხარეები კონკურენტულ გარემოში შეაფასონ: 


“ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რადგან თუ არ შეხედე სხვა როგორ აკეთებს საქმეს და არ გაიგე რაში გჭირდება გაძლიერება, პროგრესი ვერ გექნება.”


ლევანი იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად, დაჯილდოების საკითხს სტერეოტიპულად, გამარჯვების კონტექსტში აღიქვამენ, თუმცა რეალურად, ძალიან სასარგებლოა მხოლოდ მონაწილეობის პროცესიც კი — ნახვა და გააზრება, თუ ვინ არიან შენს ინდუსტრიასა და სათამაშო მოედანზე შენი კონკურენტები.


“ველოდებით, რომ ვნახოთ ისეთი ბიზნესები, რომლებიც რეალურად ქმნიან საზოგადოებისათვის სარგებელს, აუმჯობესებენ სხვების ცოხვრებას. ველოდებით ბიზნესებს, რომლებიც საქმითა და შედეგებით ამტკიცებენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მათი კულტურისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია”.


რჩევა მცირე, ახალბედა ბიზნესებს ლევან ლეფსვერიძისგან: 


“მნიშვნელოვანია იპოვოთ და მოუსმინოთ საკუთარ ხმას და არ მოექცეთ დიდი ბიზნესების გავლენის ქვეშ. სამყარო სწრაფად იცვლება და ხშირად გვაქვს ცდუნება, დიდი კომპანიების მსგავსად მოვიქცეთ — ჩავთვალოთ, რომ სწორედ ისაა ნამდვილი გზა, რომელსაც ეს ბიზნესები მიჰყვებიან. თუმცა მიმაჩნია, რომ წარმატებულია ის, ვინც ინარჩუნებს უნიკალურობას და სხვისგან არ აკოპირებს საოპერაციო მოდელებს ან გადაწყვეტილებებს.”




აუდიტორული საკონსულტაციო კომპანიის მმართველი პარტნიორის, გელა მღებრიშვილის აზრით, ქართული ბიზნესი არაა განებივრებული ისეთი ღონისძიებებით, როგორიც ბიზნესდაჯილდოებაა:


“ბიზნესდაჯილდოება ბიზნესებს აძლევს სტიმულს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, იყვნენ უფრო სტრუქტურულები და ნაკლებად იმპულსურები.”


გელა ამბობს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს, გააზრებულად, პოლიტიკის დონეზე უნდა ჰქონდეს გაწერილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.


“ესაა შემთხვევა, როცა შესაძლოა, მცირე ბიზნესმა უფრო ჩამოყალიბებულ სტრუქტურულ ერთეულს აჯობოს. ეს ბიზნესებს აძლევს თვითკმაყოფილებასა და სტიმულს, მეტი და მეტი აკეთონ”, — აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ ის ბიზნესები, რომლებიც პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ, სარგებელს მაინც მიიღებენ, რადგან დაინახავენ საკუთარი ბიზნესის განვითარების გზებს. გელა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ის ოლიმპიური პრინციპი, რომ მონაწილეობაც მნიშვნელოვანია, მართლაც მოქმედებს. 


მისი რჩევა კი მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: 


“არასდროს შეწყვიტოთ ძიება. სტარტაპებს ვუსურვებ გამჭვირვალობას, ექსპერიმენტებისა და სიახლეებისადმი სწრაფვას — ამის რესურსი ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ.”



ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.


ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.