Business news
თიბისი ფერმერების მხარდასაჭერად
ბიზნეს ბლოგი
18 April 2022
visibility 8064


გაზაფხული ფერმერებისთვის განსაკუთრებული სეზონია. ესაა დრო, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მეურნეობის მომავალსა და პროდუქტიულობას. არ აქვს მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის რომელ დარგზე ვსაუბრობთ, მეცხოველეების, მეფუტკრეებისა თუ მევენახეებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, გაზაფხულს მომზადებული შეხვდნენ. ამ საქმეში კი მათ მხარდაჭერა ყოველთვის სჭირდებათ. 

 

აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების ხელშეწყობის მნიშვნელობა კარგად ესმით თიბისიში და უკვე მრავალი წელია, ფერმერებს ფინანსურ თუ არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობენ. მიმდინარე ხარჯების დაფარვა, ტექნიკისა თუ საჭირო მასალის შეძენა, კვალიფიკაციის ამაღლება, მეურნეობის გაფართოება — ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც თიბისი ფერმერებს აძლევს. 

 

თიბისის მხარდაჭერით უკვე ისარგებლა ასობით ფერმერმა. ხუთი მათგანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კი გვიყვება, როგორ განავითარეს საკუთარი საქმიანობა აგროსექტორში.


ნინო გერზმავა



ნინო გერზმავა

 


“მე აფხაზეთიდან ვარ. ჩემი ცხოვრების 6 საუკეთესო წელი გავატარე სოფელში, სახელად წარჩე. ომის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ემოციურად ძალიან გამიჭირდა კერის პოვნა, “შინ დაბრუნება” საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. დევნილობის 30 წლის განმავლობაში უამრავი როლის მორგება მომიწია. სწავლისა თუ კარიერის შექმნის პროცესში, წარმატებების მიუხედავად, სულ მქონდა რაღაცის დანაკლისი. რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ სოფელი მაკლდა, უფრო სწორად — მჭირდებოდა. ასე დავიწყე ფიქრი მულტიფუნქციური მეურნეობის შექმნაზე, რომლის პირველი პირველი კომპონენტი თევზის ფერმაა”, — გვიამბობს ნინო.

 

თბილისთან სიახლოვის გამო ნინომ მეურნეობისთვის კახეთი აირჩია. ახლა მის საკუთრებაშია ორი ხელოვნური ტბა, საერთო ფართობით — 8.5 ჰექტარი. ერთი წელია, რაც ამ პროექტზე მუშაობს და ტბების მინიმალურ დონეზე გათევზიანებაც შეძლო. “ეს პერიოდი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის. როგორც ახალბედამ, ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა ახალ სეზონს გაცილებით მომზადებული ვხვდები”, — აღნიშნავს ნინო.

 

ტბაში მოზრდილი (საშუალო წონა 1 კგ.) თევზი გააშენეს. როგორც ნინო გვიამბობს, ამ წონის თევზებში სეზონური დანაკარგიც მიზერულია. ამასთან, კობრი, ამური, სქელშუბლა, ლოქო — თევზის ეს სახეობები დაავადებების მიმართ რეზისტენტულობით გამოირჩევიან,  ინტენსიური მოვლის პირობებში იზრდებიან სწრაფად, ადგილობრივ კლიმატთან კარგად არიან ადაპტირებულები და მათი რეალიზაციაც არ არის რთული, რადგან ქართული ბაზრისთვის ცნობილია და თან ფასიც ხელმისაწვდომია. 

ნინო ამბობს, რომ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე სტარტის აღებას ვერ შეძლებდა.  

“ხელოვნური ტბა, რომელიც შევიძინე, რამდენიმე წლის მიტოვებული იყო და სრულფასოვნად არც არასდროს უმუშავია. იქაურობა ეკალ-ბარდებით იყო დაფარული. 11 ჰექტარზე ტერიტორიის გასუფთავება, ტბის შლამისა და მცენარეებისგან გაწმენდა, სადრენაჟო არხები, მისასვლელი გზის გაყვანა, დამბების გამაგრება, წყლის შემშვები და გამშვები არხების მოწესრიგება, კომუნიკაციები, საოფისე და დარაჯის საცხოვრებელი კონტეინერი, საშხაპე და საპირფარეშო, დროებითი საწყობი, უსაფრთხოების კამერები — ეს ყველაფერი კრედიტის ხარჯზე გაკეთდა და მის გარეშე პირველი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის”. 

ახლა მის მეურნეობას დიდი ფართობი უჭირავს, მისი  გამართული ფუნქციონირება კი მსხვილ ინვესტიციას მოითხოვს. 

“უახლოესი ორი წელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ტექნიკურ გამართვას და ტერიტორიის გამწვანებას უნდა დავუთმო. პარალელურად, ვგეგმავ წარმოების გაზრდას და ვცდილობ კავშირების დამყარებას სხვა ადგილობრივ მეწარმეებთან. იმედი მაქვს, ხუთ წელიწადში ტექნიკურად გამართული, თანამედროვე და რენტაბელური მეურნეობის შექმნას შევძლებ”.

 

ივანე ნარეკლიშვილი 


ივანე ნარეკლიშვილი,  კომპანია “ქვევრის ღვინის მარნის” დამფუძნებელი, უკვე შვიდი წელია, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მეღვინეობას ავითარებს. ღვინოს რვა ჯიშის ყურძნისგან კახური ტექნოლოგიით აყენებს — რქაწითელი, მცვივანი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ვარდისფერი რქაწითელი, წარაფი და საფერავი უკვე როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ბაზრებზე იყიდება.

 

კომპანიას საკუთარი ვენახი ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა ყურძენს დამატებითაც ყიდულობს მოსახლეობისგან. დასასრულს უახლოვდება მარნის მშენებლობაც. 200 კვადრატულ მეტრზე სარდაფულ მარანში უკვე ჩაყარეს ქვევრების უმეტესობა და ამ პროექტისგან დიდი მოლოდინები აქვთ.


 

“ჩვენ ძირითადი ფინანსური ბირთვი თიბისის მხარდაჭერით გაგვიჩნდა. პირველი შეღავათიანი კრედიტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსებითა და თიბისის გვერდით დგომით, მარნის მშენებლობისთვის გამოვიყენეთ. მეორე დაფინანსებით კი, დაახლოებით ერთი ჰექტარზე, ვენახი გავაშენეთ. რომ არა თიბისის მხარდაჭერა, ასე მოკლე დროში ამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამდით”, — ამბობს ივანე.

 

ივანე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე წარმატებას მიაღწიეს, გაიზარდა გაყიდვები და მათი ღვინო ახლა უკვე ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში, მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებშია წარმოდგენილი. კომპანიას მომავალში დიდი გეგმები აქვს. ივანეს თქმით, ახლა განსაკუთრებით რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ იმედოვნებს, რომ რეგიონში სიტუაცია მალე დასტაბილურდება და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის უკრაინაშიც, წარმატებით განხორციელდება. 

 

ბადრი ბეჟანიშვილი


ბადრი ბეჟანიშვილი

 


ბადრი ბეჟანიშვილი აგროსექტორში 15 წელზე მეტია, საქმიანობს და დმანისის რაიონში სახნავი, საძოვარი, სათიბი და ფერმა აქვს. ბიზნესი საოჯახოა, თუმცა სხვა ადამიანებიც ჰყავს დასაქმებული. მათი რაოდენობა კი ყოველ გაზაფხულს უფრო იზრდება.

 

თიბისის მხარდაჭერით, მან ფერმა გააფართოვა და ახლა როგორც ადგილობრივი, ისე ჰოლანდიური ჯიშის საქონელი ჰყავს. რაც შეეხება ნაკვეთს — საძოვარი 130 ჰექტარს, ხოლო სახნავი 25 ჰექტარს მოიცავს.

 

“ბოლო წლებში ჩემი მეურნეობა საგრძნობლად გაიზარდა. ვფიქრობ, თიბისის გარეშე არაფერი გამოვიდოდა, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი დამოუკიდებლად”, — ამბობს ბადრი.

 

მისი თქმით, ახლა, როცა სოფლის მეურნეობაში დიდი ხნის გამოცდილება დაუგროვდა, სხვა საქმის კეთება არ წარმოუდგენია, ხოლო მათ, ვინც დაინტერესებულია ფერმერობით, ურჩევს, ძალები ამ საქმეში აუცილებლად მოსინჯონ.

 

“ახალბედა ფერმერებს ვურჩევდი, გულით აკეთონ საქმე. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგება არ იქნება, ხანდახან ვაგებთ კიდეც, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხო, უნდა მიჰყვე საქმეს და ყველაფერი რიგზე იქნება”.


 

დავით ხმელიძე


დავით ხმელიძე სოფლის მეურნეობაში 2011 წლიდანაა ჩართული და დღეს ბოლნისში ფერმერულ ცენტრს ავითარებს — მოჰყავს მარცვლოვანი კულტურები და კაკალი.

 

“ჩვენ ბიზნესსაქმიანობა 2006 წელს გარე განათების ექსპლუატაციითა და მშენებლობით დავიწყეთ, 2011 წელს კი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებში ჩავერთეთ და მიწა შევიძინეთ მარცვლოვანი კულტურებისთვის. მოგვიანებით, USAID-ის პროგრამის დახმარებით, ტექნიკა შევიძინეთ. დღეს კი ჩვენი კომპანია აგრძელებს როგორც საწყის საქმიანობას, ისე წარმოადგენს ფერმერულ ცენტრს, რომლის ბალანსზეც ხუთი ტრაქტორი ირიცხება თავისი მისაბმელი საშუალებებით. ჩვენ ვამუშავებთ მიწას არა მარტო ჩვენთვის, არამედ 2000-მდე მცირე თუ დიდი ფერმერული მეურნეობისთვის”, — გვიამბობს დავითი. 

60 ჰექტარზე დავითს ხორბალი და, შერეულად, ქერი მოჰყავს. თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით კი ხუთი წლის წინ 12 ჰექტარზე კაკლის ბაღი გააშენა.



 

“2017 წელს ნერგების შესაძენად თიბისის მხარდაჭერა მივიღეთ და ვისარგებლეთ არა უბრალოდ აგროკრედიტით, არამედ ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდით. კრედიტის გადახდა წელს დავიწყეთ, როცა პირველი მოსავალი მივიღეთ. გარდა ამისა, ვსარგებლობთ ერთწლიანი კულტურების დაფინანსებით, ხოლო კიდევ ერთი შეღავათიანი კრედიტით ტრაქტორი შევიძინეთ. კრედიტს ჩვენზე მორგებული გრაფიკი აქვს — გადახდას ვიწყებთ შემოდგომაზე, ხოლო ზამთარი თავისუფალი პერიოდია იმისთვის, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ”, — ამბობს დავითი.

 

კაკლის მოსავალი დავითმა წელს პირველად მიიღო და მომავალზეც დიდ იმედებს ამყარებს. ამ ეტაპზე, მათი პროდუქცია საქართველოში იყიდება, მომავალში კი სურთ, სპეციალური დანადგარების დახმარებით, კაკალი დააფასოონ და საზღვარგარეთ რეალიზაცია დაიწყონ.

 

“ჩვენი ბიზნესი ძალიან გაიზარდა, რაშიც შეღავათიანმა კრედიტებმა დიდი როლი ითამაშა. ძალიან ნაყოფიერია ჩვენი თანამშრომლობა თიბისისთან და ვფიქრობთ, მომავალშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს”, — ამბობს დავით ხმელიძე.

 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა  ძალიან საინტერესო დარგია. “აქ ყველაფერი საინტერესოა, მიწის დახვნიდან დაწყებული, მოსავლის მოყვანით დასრულებული. თითქოს, ყოველ წელს ახალ საქმეს იწყებ, სიახლეებსაც ნერგავ, რაღაცებს ამატებ. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ყოველდღიურ შრომას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს”.

 

გიორგი მახაშვილი

თიბისის აგროსესხით ისარგებლა გიორგი მახაშვილმაც, რომელიც დაახლოებით 200 ჰექტრამდე ნაკვეთს სიღნაღის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ამუშავებს. მოჰყავს მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, საზამთრო, ფიქრობს ბიზნესის გაფართოებაზე და სურს, მომავალში ნუში და კაკალი გააშენოს.

 

“ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ თიბისის. ჩვენ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ყველანაირად მხარში მიდგანან. აგროკრედიტის დახმარებით შევიძინე სარწყავი სისტემა და ტრაქტორი საკუთარი იარაღებით, რაც მეურნეობას ძალიან გამოადგა”, — ამბობს გიორგი.

 

ის სოფლის მეურნეობაში 17 წლიდანაა ჩართული, აგრონომიული მიმართულებით განათლებაც მიიღო და ამბობს, რომ ფერმერობას, გამოწვევებთან ერთად, ბევრი საინტერესო მხარე აქვს. “სოფლის მეურნეობა ბარიერებითაა სავსე, მაგრამ ინტერესი და საქმის მიმართ სიყვარული როცა გამოძრავებს, ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს. ამ საქმეს ბევრი სასიამოვნო მხარე აქვს”.

 

გიორგი ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას ქვეყნის შიგნით ახერხებს, თუმცა სამომავლოდ საზღვარგარეთ გასვლასაც გეგმავს და ამისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ფიქრიც დაიწყო.


ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად თიბისი ფერმერებს აგრო მეურნეობის სპეციფიკაზე მორგებულ სესხს, გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით სთავაზობს. ეწვიე თიბისის ფილიალს შენს რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მარტივად აიღე აგროსესხი და შეხვდი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას მომზადებული.