ტრადიციულ სამოსსა და მასზე გამოყენებულ ორიგინალურ ორნამენტებს განსაკუთრებული როლი უკავია კულტურული იდენტობის შეცნობაში. არცთუ იშვიათად პატერნის შექმნას წინ საინტერესო ისტორია უძღვის.
თუმცა, ერთია — ტრადიციული კონცეფცია, მეორე კი, ამ კონცეფციაში თანამედროვე ხედვის შეტანა, რომლის საშუალებითაც ისტორია ხელშესახები ხდება. თიბისის და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი — ქართული ქსოვილი — სწორედ ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, არაერთი უჩვეულო ნამუშევარი შეიქმნა. თუმცა, ნაცნობი შტრიხების საშუალებით, ეს ნამუშევრები ერთგვარად ორ სხვადასხვა ეპოქას აერთიანებს — აქ, ახლა წარსული და აწმყო ერთიანდება.
ეს საინტერესო და რთული პროცესი კი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, 2 წლის განმავლობაში, მხატვრებისა და მკვლევრების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა. კვლევის მიმდინარეობისას, 200-ზე მეტი ფრესკიდან 300-მდე პატერნის აღდგენა მოხერხდა, რომლებმაც მოგვიანებით, 2018 წელს გამოცემულ წიგნში — ქსოვილი საქართველოდან — მოიყარა თავი.
ისტორიული მემკვიდრეობის ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლების მიზნით, ქსოვილების პატერნების მიხედვით თანამედროვე სამოსის შექმნა გადაწყდა, ამის განსახორციელებლად კი პროექტში რამდენიმე ქართული დიზაინერული ბრენდი და სტარტაპი ჩაერთო. ერთი მხრივ, ეს თანამშრომლობა სარგებლის მომტანია ქართული კულტურისათვის, თიბისი კი, როგორც მისი აქტიური ქომაგი, ამ გზით ცდილობს მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მეორე მხრივ, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, მუდმივად სთავაზობს ამ სფეროს წარმომადგენლებს ახალ შესაძლებლობებს.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ქართული ბრენდი Giovanni Morra, რომელიც ორიგინალურ აქსესუარებსა და საჩუქრებს ქმნის. ბრენდისთვის მონაწილეობა საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება აღმოჩნდა. უპრეცედენტო პროექტში ჩართვის მოტივაციაზე, შექმნილ პროდუქციასა და სამომავლო გეგმებზე On.ge ჯოვანი მორას თანადამფუძნებელს, მარიამ ლაპიაშვილს, ესაუბრა.
"თავდაპირველად, პროექტში მონაწილეობა თიბისიმ შემოგვთავაზა და ჩვენც მაშინვე დავინტერესდით. ჯოვანი მორასთვის ქართული თემატიკა ძალიან ორგანულია, ჩვენს პროდუქტებში უკვე გამოყენებული გვაქვს, მაგალითად, ბორჯღალის სიმბოლო, ასევე, პეტრე ოცხელის ნახატები თუ მამუკა თავაქარაშვილის ვეფხისტყაოსნის მინიატურები. ამდენად, ჩვენ დავინახეთ თანამშრომლობის პოტენციალი და საერთოდ არ გვიყოყმანია პროექტში ჩართვაზე", — ამბობს მარიამი.
მისი თქმით, თიბისიმ მათ შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭა, რათა ორიგინალური პატერნების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოდგენა და საკუთარი კოლექციის შექმნა შეძლებოდათ.
ქართულ ტრადიციულ ორნამენტს ანალოგი არ მოეძებნება. მასში ევროპული და აზიური გავლენები იყრის თავს, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას, თუმცა, ამასთან, სირთულეს და დახვეწილობას სძენს მას. ამ ყველაფრის ახალი ინტერპრეტაციით ისე წარმოდგენა, რომ ორიგინალურ ნამუშევართან კავშირი არ დაკარგულიყო და ამასთანავე, თანამედროვე ტენდენციებსაც მორგებოდა, ადვილი ამოცანა არ იყო. ამიტომ ბრენდი მას სიფრთხილით მოეკიდა.
"ზოგადად, რთული იყო ორნამენტებიდან გარკვეული ნაწილის ამორჩევა, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი მართლაც უნიკალურია და მათზე გამოყენებული ფერთა გამაც —განსაკუთრებული. თუმცა, გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახასიათო სტილიც —შემოგვეტანა ახალი პალიტრა და მეტად გაგვეთანამედროვებინა პატერნი, რადგან იგი უფრო ორგანულად შემოვიდეს ჩვენს ყოველდღიურობაში შექმნილი აქსესუარების სახით", — აცხადებს ჯოვანი მორას თანადამფუძნებელი.
ბრენდის სახასიათო სტილი მისი დაარსებიდანვე იყო განსაზღვრული. ეს სტილი, როგორც მარიამი გვიყვება, ყველაზე მთავარს — თვითგამოხატვას ეფუძნება. მისი მიზანიც მუდმივი აღმოჩენების გაზიარებაა.
"ჯოვანი მორა სამი წლის წინ დავაფუძნეთ ოთხმა მეგობარმა. შექმნის მოტივაცია, ერთი მხრივ, შემოქმედებითი თავისუფლების პოვნა. მეორე მხრივ, კი ბიზნესის კეთების სურვილი იყო. იდეის განსახორციელებლად ბრენდის გაპიროვნება გადავწყვიტეთ და შევქმენით პერსონაჟი — ჯოვანი მორა — რომელიც საქართველოსთან დასაკავშირებლად, გადაწყვიტეთ, მოგზაური ყოფილიყო. ჩვენი მთავარი კონცეფცია გამოხატვის თავისუფლებაა და, მგონია, თვითგამოხატვა მცირე დეტალებითაც კი შეიძლება", — აღნიშნავს მარიამი.
ჯოვანი მორა თვითიზოლაციის პერიოდში შექმნილ პირობებსაც გამოეხმაურა. ონლაინშეხვედრებზე გამოსაწყობად ბრენდმა ციფრული აქსესუარები ფილტრების სახით შექმნა. საკუთარ პატერნებზე დამზადებული ყელსახვევები და ბაფთები მეტად ორიგინალური და სახალისო დამატება იყო ზუმის შეხვედრებისთვის.
ჯოვანი მორას პროდუქციისადმი ინტერესი დიდია. გამოხმაურება სოციალურ მედიაში და გაყიდვების მაჩვენებელი კოლაბორაციის წარმატებაზე მეტყველებს. ბრენდი პროდუქციის რეალიზებას ონლაინმაღაზიის საშუალებითაც ახდენს. როგორც მარიამი აღნიშნავს, ორიგინალურ აქსესუარებს ხშირად ყიდულობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები. ეს კი აქსესუარს ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც აქცევს.
ქართული ქსოვილის ფარგლებში ჯოვანი მორას მიერ შექმნილი პროდუქცია ფართო ასორტიმენტს მოიცავს — თქვენ უკვე შეგიძლიათ, შეიძინოთ ნატურალური აბრეშუმისგან დამზადებული საძილე ნიღბები, შარფები ქალებისათვის და საგულეები კაცებისათვის. თუმცა, როგორც მარიამმა აღნიშნა, პროდუქციის დამატება იგეგმება.
უფრო დაწვრილებით არსებული შეთავაზებების და სამომავლო გეგმების შესახებ თავად ბრენდის ვებგვერდიდან შეიტყობთ.
ქართული ქსოვილის პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის შეძენა კი აქ შეგიძლიათ.