საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, პროდუქტის რეალიზაციისთვის სულ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. მზარდი კონკურენციის პირობებში, რთულია თავი დაიმკვიდრო ბაზარზე და ფართო აუდიტორიას გააცნო შენი პროდუქტი. ეს პროცესი, მით უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს ფერმერებისთვის. მათ არ აქვთ დრო ან საკმარისი რესურსი, თავიანთი წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციაზე იზრუნონ და მომხმარებელთან სწრაფი და ინტენსიური კავშირი დაამყარონ. როგორ შეიძლება იყოს ბიზნესსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობა მომგებიანი - სამცხე-ჯავახეთის ფერმერებთან ერთად, თიბისის წარმომადგენელმა საშა მაყაშვილმა და მოწვეულმა სპიკერებმა, ნათია ნინიკელაშვილმა, ვანო იოსელიანმა და ეკატერინე ბურკაძემ ისაუბრეს.
შემთხვევითი არ იყო, ნათია ნინიკელაშვილის მოწვევა სპიკერად, რადგან ის, საქართველოში, აგრო მიმართულებით პირველი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის დამფუძნებელია.
Soplidan.ge 2015 წელს შეიქმნა და პლატფორმამ ფერმერებს საშუალება მისცა, მომხმარებლებისთვის, საქართველოს მასშტაბით თავი გაეცნოთ.
პლატფორმა, სოფელსა და ქალაქს შორის ხიდი აღმოჩნდა, რომელმაც ერთი მხრივ, ფერმერებს წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გაუადვილა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მოსახლეობისთვის, ქართველი ფერმერების წარმოებული პროდუქტის სახლიდან გაუსვლელად შეძენა, ხელმისაწვდომი გახადა.
როგორც ნათიამ თქვა, soplidan.ge, არა მარტო ფერმერების პროდუქტის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას ემსახურება, ასევე, ინტენსიურად ზრუნავს ფერმერის განათლებაზე.
„ხშირად, სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით ფერმერებს, წარმოების სტანდარტების, შეფუთვის, ეტიკეტირების შესახებ აუცილებელი ინფორმაციას ვაწვდით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ფერმერები ჩვენთან ერთად გეგმავენ მომდევნო წელს რა მოიყვანონ“, - ნათია ნინიკეიშვილი, soplidan.ge-ს დამფუძნებელი.
ნათიას აზრით, ონლაინ ვაჭრობის სივრცე საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია, რაც ერთი მხრივ შეიძლება პრობლემად განვიხილოთ. თუმცა, მეორე მხრივ შესაძლებლობად, რომელიც შეიძლება ფერმერმა მისი საქმის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„აუთვისებელი ბაზარი, დიდ შესაძლებლობას აძლევს ფერმერს ონლაინ მოახდინოს პროდუქტის პოპულარიზაცია, დამოუკიდებლად, საკუთარი არხებით ან უკვე არსებულ პლატფორმებთან თანამშრომლობით“, - ამბობს ნათია.
დისკუსიაზე, ყურადღების მიღმა არ დარჩენილია პროდუქტის წარმოებიდან, მის საბოლოო მომხმარებლამდე რეალიზაციის პროცესი და ჯაჭვში ჩართული შუამავლი რგოლების სიმრავლე. ყველა შეთანხმდა, რომ რაც მეტი შუამავალი რგოლია ამ ჯაჭვში, მით მეტად წამგებიანია, როგორც ფერმერისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის. ამ გამოწვევის ერთ-ერთ გადაწყვეტად ფერმერისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტის პირდაპირი თანამშრომლობა დასახელდა.
სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორას“ წარმომადგენელმა, ვანო იოსელიანმა მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობაზე და იმ მოქნილ სისტემაზე ისაუბრა, რასაც „ნიკორა“ სთავაზობს ფერმერებს: „წარმოებული პროდუქტის აღება, საჭიროებისამებრ ადგილიდანაც ხდება. ასევე, შეგვიძლია ფერმერი უზრუნველვყოთ პროდუქტის შენახვისთვის საჭირო ჭურჭლით, გვაქვს გადახდის ყოველკვირეული სისტემა. საქართველოს მასშტაბით, 700 ფილიალს ვაერთიანებთ და ნიკორას ქსელში ვყიდით 160 დასახელების ხილსა და ბოსტნეულს, რაც უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდი ბაზარია ადგილობრივი ფერმერებისთვის“.
დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი მოქნილი სისტემა, მის მასშტაბურობასთან ერთად, სტაბილურ სარეალიზაციო ბაზარს უქმნის ფერმერს და მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას უზოგავს, რაც მას, პროდუქტის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანისთვის დასჭირდებოდა.
დისკუსია, აგრო პროდუქტების საწარმოო პროცესის სირთულეებსაც შეეხო. ადგილობრივმა ფერმერებმა, რომლებიც მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მემცენარეობის დარგს წარმოადგენდნენ, გამოწვევად, სფეროში განათლების და ტექნოლოგიზაციის დაბალი დონე, ინფრასტრუქტურული პრობლემები, წარმოების სტანდარტიზაციის არარსებობა და სახელმწიფოს მხრიდან არათანამიმდევრული მიდგომები დაასახელეს.
გამოწვევებზე საუბარს არ შეუშინდა მოწვეული სპიკერი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე.
„ფერმერებმა უნდა შეძლონ რესურსების გაერთიანება, ცოდნის გაზიარება და ერთად მუშაობის სწავლა, რომელიც ქართველებმა გენეტიკურად ვიცით, თუმცა წარსულმა გამოცდილებებმა დაგვავიწყა. სწორ დროს, სწორი აქცენტები, თანმიმდევრული და პატარ-პატარა ნაბიჯებია საჭირო, გამოწვევების საპირწონედ კი პოზიტიური მაგალითების მოყვანა და იმის დაჯერებაა, რომ აუცილებლად გამოვა,“ - ამბობს ეკატერინე ბურკაძე სურსათის უვნებლობის ექსპერტი.
პოზიტიური მაგალითების სიაში კი, ეკატერინე ბურკაძეს გურიაში მოყვანილ ლურჯი მოცვის პლანტაციებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, როგორც დაუჯერებლის დაჯერება და პატარ-პატარა ნაბიჯებით, მიზნის მიღწევის თვალსაჩინო მაგალითი.
პოზიტიურად შეაფასა მსგავსი დისკუსიების მნიშვნელობა, ადგილობრივმა მეფუტკრე ჯაბა შეშაბერიძემ:
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის გაცვლა ხდება ფერმერებს შორის, ასევე გაცნობა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, რაც განვითარების შესაძლებლობას ზრდის. ასეთ შეხვედრებზე, შეიძლება, პოტენციური პარტნიორიც ნახოს ფერმერმა. ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი უნდა ჩატარდეს.“
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია კვლავ გაგრძელდება, როგორც პატარა ნაბიჯების სიმბოლო დიდი მიზნისკენ.