ბიზნეს სიახლეები
როგორ ავითარებს ტექნოლოგიები სტარტაპებს
ბიზნეს ბლოგი
31 აგვისტო 2022
visibility 3819


ტექნოლოგიების როლი ბიზნესში ყოველწლიურად იზრდება. თუ 10-15 წლის წინ ის ბიზნესის ერთ-ერთ რიგით კომპონენტად მიიჩნეოდა, დღეს თითქმის წარმოუდგენელია სფერო, სადაც ტექნოლოგიების გარეშე წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

დარგის განვითარების პარალელურად, ბოლო ათწლეულში ინდუსტრიებმა ძირეული ტრანსფორმაცია განიცადეს. დღეს ტექ-პროდუქტები ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში წამყვან როლს ასრულებენ. გარდა ამისა, ისინი კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია. აქედან გამომდინარე, ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის ტექნოლოგიების ინტეგრირება და თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

თიბისიში კარგად ესმით, რა როლი აქვს ტექნოლოგიებს სტარტაპების განვითარებაში, ამიტომაც სტარტაპერის ფარგლებში, პლატფორმა Face2Face-თან პარტნიორობით, ახალი პროექტი წამოიწყეს და ბიზნესების წარმომადგენლებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტექნოლოგიებზე, სასაუბროდ დარგის ექსპერტებთან პირისპირ კონსულტაციებს სთავაზობენ.

რატომ ტექნოლოგიები? — ამ თემაზე Optio.ai-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, პროექტის ერთ-ერთ მრჩეველს, შოთა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

სტარტაპი და ტექნოლოგიები

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციის პროცესში პიონერები სწორედ სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები იყვნენ. 90-იანი წლების ბოლოს ამერიკაში დაწყებულმა ტექნოლოგიურმა ტალღამ ნათელი გახადა, რომ ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ტრადიციული ბიზნესი სრულად გარდავქმნათ და ერთი შეხედვით კარგად ნაცნობ სფეროებსა და პროცესებში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ. შედეგად, ან სრულიად ახალი ტიპის სერვისებსა და პროდუქტებს ვიღებთ, ან მათზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად იზრდება. დღეს შეუძლებელია ისეთი სტარტაპის წარმოდგენა, რომელშიც ტექნოლოგიები რაიმე ფორმით მაინც არაა გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია კონკურენტუნარიანი პროდუქტის ან სერვისის შექმნა და მიწოდება", — გვიყვება შოთა.

Optio.ai-ის დამფუძნებლის თქმით, ტექნოლოგიებმა ბიზნესის თამაშის წესები რამდენიმე მიმართულებით შეცვალა. პირველ რიგში, ამ უკანასკნელმა მრეწველობის სრულიად ახალი დარგები გააჩინა. მაგალითად, 30-40 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა სმარტფონები, პლანშეტები, მობილური აპლიკაციები, ციფრული მედია, ბლოქჩეინი და ა.შ. თითოეული მათგანის განვითარება, რაც დღეს ტრილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქციას ქმნის, ტექნოლოგიურ წინსვლას უკავშირდება.

"გარდა ამისა, ტექნოლოგიებმა შეცვალეს პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების ფორმები. დღეს ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. ასევე, შეგვიძლია გავხსნათ რესტორანი, რომელშიც არც ერთი მაგიდა იქნება, მაგრამ გვეყოლება უამრავი მომხმარებელი. გვაქვს საშუალება დავრეგისტრირდეთ ბანკში, გავხსნათ ანგარიში, ავიღოთ ბარათი და შევიძინოთ სასურველი პროდუქტი მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით, სახლიდან გასვლის გარეშე".

ტექნოლოგიები და კავშირები

ტექნოლოგიებმა გარკვეულწილად გაამარტივა და, ამავდროულად, გაართულა მარკეტინგი. ბოლო ათწლეულებში უფრო ადვილი და იაფი გახდა მომხმარებლების სასურველი სეგმენტის პოვნა და მათზე მორგებული კამპანიის წარმოება. თუმცა, ხალხისთვის ბევრად მარტივია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის საჯაროდ გამოქვეყნება, რაც ბიზნესებისგან თუ სტარტაპებისგან დამატებით ყურადღებასა და რეპუტაციაზე მეტად ზრუნვას მოითხოვს.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კარგ და ცუდ სტარტაპებს განასხვავებს, კომუნიკაციის ხარისხია. აქ იგულისხმება როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ ურთიერთობა. რაც უფრო იზრდება ეს უკანასკნელი, მით უფრო დიდი გამოწვევა ხდება ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების დანერგვა და შენარჩუნება".

როგორც შოთა გიყვება, ამ მხრივ ტექნოლოგიები უამრავ ახალ შესაძლებლობასა და ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს. პანდემიის დროს ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს საკომუნიკაციო პლატფორმები ბიზნესისა და სტარტაპებისთვის. პირისპირ შეხვედრები ვიდეო კონფერენციებმა ჩაანაცვლა, ქაღალდის დოკუმენტები — ელექტრონულმა და ა.შ. დღეს, როცა დასაქმებულთა დიდი ნაწილი ოფისიდან მუშაობას დაუბრუნდა, მაინც დიდ დროს ვატარებთ Slack-ის, Zoom-ისა და Teams-ის პლატფორმებზე.

"პანდემიამ დაგვანახა, რომ ზოგჯერ ერთსაათიანი შეხვედრის ჩატარების ნაცვლად საჭირო კითხვებზე პასუხის მიღება Slack-ის საშუალებით უფრო სწრაფად და მარტივად შეიძლება. ასევე, ოფისში გასვლის და გზაში უამრავი დროის დახარჯვის ნაცვლად, შეიძლება შეხვედრა Zoom-ში დანიშნო და გაცილებით ნაკლები დრო დაახარჯო საკითხის მოგვარებას. ბუნებრივია, ტექნოლოგიები კომუნიკაციის ტრადიციულ ფორმებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ განვლილმა პერიოდმა გვასწავლა, რომ ბიზნეს კომუნიკაციის პროცესში ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ოპტიმიზაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში უამრავ დროსა და ნერვებს გვიზოგავს".

ანალოგიურად, სტარტაპებმა აღმოაჩინეს, რომ გარე კომუნიკაციებისთვის, კლიენტებთან ურთიერთობისთვის თუ სხვა მიზნებისთვის უამრავი ეფექტიანი ინსტრუმენტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო თითქოს ათვისებული და გამოკვლეული იყო, დავინახეთ, რომ აქაც უამრავი შესაძლებლობა და გამოწვევაა რომლის გადაწყვეტაშიც კვლავაც ტექნოლოგიები გვეხმარება.

მიუხედავად ჩამოთვლილი უპირატესობებისა, ხშირად კომპანიებს ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა უჭირთ. ამ მიმართულებით, შოთას აზრით, მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამოყოფა: პირველ რიგში, მათ ნაწილს არ ესმის ტექნოლოგიების დანერგვის კრიტიკულობა და ვერ აღიქვამს, რომ ტექნოლოგიებთან დროული ადაპტაციის გარეშე ნებისმიერ ბიზნესს გაქრობის საფრთხე ემუქრება. მეორე შემთხვევაში კი, პრობლემას წარმოადგენს ის შეხედულება, რომ ტექნოლოგიების დანერგვა ძვირი, რთული და დროში გაწელილი, ან, შეიძლება ითქვას, მუდმივი პროცესიც კია. ეს მიდგომა ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნოლოგიებში გრძელვადიან და გაბედულ ინვესტირებაში უშლის ხელს.

"რაც უფრო მალე გავიაზრებთ, რომ აუცილებელია ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია და ბიზნესის გათანამედროვება არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, მით უფრო დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ კონკურენტებთან მიმართებით და მეტად გავაჯანსაღებთ როგორც ბიზნეს, ასევე სტარტაპ გარემოს".

რა იქნება შემდეგ

დღეს მკაფიო საზღვარი ტექნოლოგიებსა და ბიზნესს შორის თითქმის წაშლილია. ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და 5-10 წლიან პერსპექტივაში, ალბათ, წარმოუდგენელი იქნება სტარტაპი, რომელიც ტექნოლოგიებზე არაა დაფუძნებული.

მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება უამრავი პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას მოგვცემს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიზნესისა და სტარტაპებისთვის ხარჯებს შეამცირებს, გაზრდის მათ ეფექტიანობას და გამოათავისუფლებს იმ ადამიანურ რესურსს, რომელიც დღეს რუტინული და მოსაწყენი საქმიანობითაა დაკავებული.

"ჩვენთვის ნაცნობი გარკვეული პროდუქტები და სერვისები აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც დღეს ვართ მიჩვეულნი, ის კი, რაც ახალ რეალობას მოერგება, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინდივიდის საჭიროებებზე. გამარტივდება ბიზნესის მასშტაბების გაფართოება, რაც პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და, საბოლოოდ, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს".