წარმატების ისტორიები
Social Impact Award 2021 წლის მენტორები სოციალური საწარმოების გასაძლიერებლად
ბიზნეს ბლოგი
13 სექტემბერი 2021
visibility 1761

Social Impact Award — პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების გაძლიერებასა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, წელს საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება. პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ფინალისტი გუნდები კი ორთვიან საინკუბაციო პერიოდში პროექტებზე მენტორებთან ერთად მუშაობენ. 

ჩვენ წლევანდელი მენტორების პირველი ხუთეული უკვე გაგაცანით, ამ სტატიაში კი გიამბობთ კიდევ ექვს მენტორზე — პროფესიონალებზე, რომლებიც ახალგაზრდებს სოციალური ბიზნესიდეების განვითარებაში ეხმარებიან. 


გიორგი თუშურაშვილი (CosmoTronix-ის მენტორი) 

Social Impact Award 2021-ის ფინალისტ გუნდს, CosmoTronix-ს ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი თუშურაშვილი უწევს მენტორობას.  Cosmothronix ქმნის სამაგიდო თამაშს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და სურს მოზარდებში ელექტროინჟინერიის შესახებ ცოდნის გავრცელებას შეუწყოს ხელი. მენტორი ამბობს, რომ საწარმოს თავიდანვე ბევრ რამეზე ჰქონდა ნაფიქრი და საინკუბაციო პერიოდში სწრაფი პროგრესი განიცადა. 

“ვეცადე, მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და ადვილი გზები მესწავლებინა ისეთი რაღაცების მისაღწევად, რაზეც, შესაძლოა, უფრო დიდი დრო დასჭირვებოდათ”, — აღნიშნავს გიორგი.


გიორგი თუშურაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესისა და სოციალური საწარმოს წარმატებაში დიდ როლს თამაშობს მდგრადი და ფინანსურად გამართლებული ბიზნესიდეა, ხოლო ბიზნესის დასაწყებად მნიშვნელოვანია გვჯეროდეს, რომ რასაც ვაკეთებთ საჭირო და მოთხოვნადია.

გიორგი პროექტში მესამე წელია, ჩართულია და როგორც თავად ამბობს, ყოველთვის საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს: “Social Impact Award ახალგაზრდებს ეხმარება, ირწმუნონ, რომ რასაც ჩაიფიქრებენ, ყველაფერი შეუძლიათ გამოუვიდეთ”, — ამბობს ის.


ლადი გაბუნია (ტანტას მენტორი) 

ლადი გაბუნია, გიორგი თუშურაშვილთან ერთად, ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტოსა და პლატფორმა Echolize-ის თანადამფუძნებელია. ის მესამე წელია Social Impact Award-ის მენტორია და აღნიშნავს, რომ პროექტი კიდევ ერთი სასარგებლო არხია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ პროფესიონალების შეფასებები და რჩევები მოისმინონ. 

ლადი პირადი გამოცდილებით მიიჩნევს, რომ წარმატებული მეწარმეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მონდომება, ყოველდღე დაუღალავად მუშაობა და, რაც მთავარია, ბიზნესიდეა, რომელიც მოგებაზე იქნება ორიენტირებული. 

ლადი წელს სოციალური საწარმო ტანტას უწევს მენტორობას. საწარმო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მიერ შექმნილ ნახატებს სხვადასხვა პროდუქტზე აღბეჭდავს, რითაც მათ სოციალიზაციასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში ეხმარება. 

“ინკუბაციის პერიოდში გუნდის წევრებმა გაითავისეს, რომ საჭიროა პროდუქტის — ვებსაიტის შექმნა, ბაზრის შესწავლა, დარწმუნება, რომ პროდუქტი მომხმარებლებისთვის ნამდვილად საინტერესოა”, — გვიამბობს მენტორი.


ლადის თქმით, Social Impact Award-ის დახმარებით ბიზნესში ბევრი საინტერესო მიმართულება აღმოაჩინა და გაიცნო საინტერესო ადამიანები, რომლებთანაც ხშირად თანამშრომლობს.


დოდოშკა და თაკო ჩხეიძეები (საწარმოს “ფარდაგები რაჭიდან” მენტორები)

დოდოშკა და თაკო ჩხეიძეები დიზაინ სტუდია Dodo Designs-ის დამფუძნებლები არიან. ისინი ინტერიერის, ინსტალაციების, ვიტრინების დიზაინისა და დეკორაციების მიმართულებით მუშაობენ და დაახლოებით ერთი წელია, რაც ხელით ნაქსოვი, თანამედროვე დიზაინის ფარდაგების შექმნა დაიწყეს. სწორედ ფარდაგების საწარმოს განვითარებას გეგმავს ანა ჯელაძეც რაჭიდან. მას Social Impact Award-ში მენტორობას დოდოშკა და თაკო უწევენ.


“ვეცადეთ, ანასთვის ჩვენი გამოცდილება, დაგროვებული ინფორმაცია და კონტაქტები გაგვეზიარებინა. იმედი გვაქვს ეს დაეხმარება მას საწარმოს განვითარებაში”, — ამბობს დოდოშკა ჩხეიძე და დასძენს, რომ ახალი ბიზნესის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორი გულწრფელობა და საქმისადმი სიყვარულია. 

მენტორების შეფასებით, სოციალური მეწარმეობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გახდა. “ბოლო წლებია, უფრო ღირებული და დაფასებული გახდა ტრადიციული, ისტორიული, კულტურული მოტივებით შექმნილი პროდუქტები. რაც მთავარია, ვფიქრობ, სოციალური მეწარმეობა ძალიან გულწრფელი საქმეა”, — აღნიშნავს დოდოშკა და დასძენს, რომ Social Impact Award-ს ჰყავს ძლიერი, ენერგიული გუნდი, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. 

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო მენტორობის შემოთავაზება. პროცესი კი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა”, — ამბობს იგი.


კოტე ქორიძე (ECOპურის მენტორი) 

კოტე ქორიძე იურისტი და აზიური ფასტ-ფუდ ქსელ უკვეს თანადამფუძნებელია. ის წელს სოციალური საწარმო ECOპურს უწევს მენტორობას. ECOპური ამინა ხანგოშვილის პროექტია, რომელიც პანკისის ხეობაში ეკოლოგიურად ჯანსაღი, სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებული, უსაფუვრო პურის წარმოებას ითვალისწინებს და რეგიონში ერთდროულად რამდენიმე სოციალურ გამოწვევას უპასუხებს.

“პროექტის ავტორს, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, კარგად ჰქონდა გააზრებული ბიზნესის საჭიროებები, შესული იყო პროექტის უწვრილმანეს დეტალებშიც კი. მე კი ვცდილობ გაუზიარო ჩემი გამოცდილება, გავამახვილო ყურადღება იმ გამოწვევებზე, რაც საწყის ეტაპზე შეიძლება შეხვდეს”, — ამბობს მენტორი. 

კოტე მიიჩნევს, რომ ბიზნესის საწყის ეტაპზე, აუცილებელია დამფუძნებლები პირადად იყვნენ ჩართულები ბიზნესის ყველა კომპონენტში, რაც ბევრი დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასეთი რეჟიმის შენარჩუნებას კი, კოტეს აზრით, დიდი მოტივაცია სჭირდება.


კოტე Social Impact Award-ში მესამე წელია მენტორია. “გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდობა გვყავს, ძალიან საინტერესო იდეებით. მათთან ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლე და, იმედია, მეც შევძელი მათთვის რამის სწავლება”, — ამბობს ის.


ქეთა ლომიძე (მცენარეთა სასტუმრო ბუტკოს მენტორი) 

ქეთა ლომიძე ანტრეპრენერი, Forbes Woman Georgia-ს არტ რედაქტორი, Daraia-ს თანადამფუძნებელი და Loop-ის დამფუძნებელიასაწარმოს, რომელსაც ის წელს მენტორობას უწევს, ბუტკო ჰქვია — ეს მცენარეთა სასტუმროა საგანმანათლებლო, “მწვანე” მისიით. 

“ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს უკუკავშირი მსგავს პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში, როცა ბუტკოს სერვისები განვითარდება, მჯერა, რომ ვიქნები ძალიან კმაყოფილი და ვიტყვი, რომ ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ”, — ამბობს მენტორი.


ქეთა გვიამბობს, რომ სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში მრავალ ქვეყანაში მზარდ ინტერესს იწვევს, საქართველოში კი ამ დარგის განვითარება დაახლოებით 10 წელია დაიწყო. “დღეს საქართველოში ბევრი აქტიური სოციალური საწარმოა და მათი გავლენა საზოგადოებაზე საკმაოდ მაღალია. გასათვალისწინებელია ის, რომ სწორედ სოციალური საწარმოები მუშაობენ ისეთ თემებზე და მიმართულებებზე, რითაც არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორი ინტერესდება”, — ამბობს იგი. 

ახალბედა მეწარმეებს კი ქეთა რამდენიმე საინტერესო რჩევას უზიარებს: “საქმის დასაწყებად არც სამეცნიერო ხარისხი გჭირდებათ, არც დიდი ფული ბანკში და არც გამოცდილება ბიზნესში. მთავარია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეა, განვითარების გეგმა, გუნდი, გამბედაობა, მოტივაცია, ძალიან დიდი სიყვარული იმ საქმისადმი, რასაც აკეთებ, რისკი... რაც მთავარია, საინტერესო თავგადასავლებთან ერთად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი მარცხი არის ახალი გამოწვევა”.


მირიან ხომერიკი (კიურის ლაბორატორიის მენტორი) 

მირიან ხომერიკი ტექნიკური პროექტების მენეჯერია ამერიკულ კომპანია კლიენტელაში. ამასთან, სტარტაპ ეკოსისტემის თუ ციფრული პროფესიებს პოპულარიზაციის მიმართულებით მენტორი, სპიკერი და ლექტორია. იგი უკვე მეორე წელია Social Impact Award-შია ჩართული და ამბობს, რომ პროექტის დახმარებით გაიცნო საინტერესო გუნდები, რომელთა წარმატებას მუდმივად ადევნებს თვალყურს. 

“სოციალური მეწარმეობა არის ძალიან კარგი პასუხი მსოფლიოში არსებულ ბევრ გამოწვევაზე. მსგავსი ტიპის საწარმოები მსოფლიოს მასშტაბით დადებით გავლენას ახდენენ სხვადასხვა საკითხზე — გარემოს დაბინძურების, ჯანდაცვის, სიღარიბის თუ სხვა კუთხით. ამ ტიპის ბიზნესის მართვა განსაკუთრებულ უნარებს, ცოდნასა და შემართებას მოითხოვს, ამიტომ ვთვლი, რომ სოციალური ბიზნესების მხარდაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით — საწყის ეტაპზე”, — აღნიშნავს მირიანი.


მირიანი წელს საწარმო კიურის ლაბორატორიას უწევს მენტორობას. ეს მარიკა ცინცაძის წამოწყებაა ლანჩხუთში და მისი მისიაა, ექსპერიმენტების ყუთების საშუალებით, სკოლის მოსწავლეებისთვის მეცნიერება და ზოგადად STEM პროფესიები უფრო მიმზიდველი გახადოს. 

“გასული თვეების განმავლობაში, მშვენიერი პროგრესი განიცადა კიურის ლაბორატორიამ და დარწმუნებული ვარ უკეთესი ამბები კიდევ წინ ელოდება”, — ამბობს მენტორი.


---- 

პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.